
საქართველოში კაკლის მოსავალი შესაძლოა 15%-ით გაიზარდოს | რა ტენდენციებია დარგში
საქართველოში კაკლის მოსავალი წელს, წინასწარი შეფასებით, 10-15%-ით გაიზრდება თუმცა, მოსავლის ზრდის მიუხედავად, ფერმერებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მისი დროულად აღება, გადამუშავება და შენახვა რჩება. ნუშისა და კაკლის ასოციაციის საბჭოს წევრისა და ფერმერის, ლერი ტაბატაძის შეფასებით, მაღალი ტენიანობის გამო კაკლის ნაწილის ბაღებიდან გამოტანა და დამუშავება დაგვიანდა, რაც პროდუქტის ხარისხზე აისახება.
როგორც ტაბატაძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, დარგში ბოლო წლებში ცოდნისა და ცნობიერების დონე გაიზარდა, რამაც წარმოებული პროდუქტის ხარისხზეც იქონია გავლენა. მისი მოლოდინით, წლევანდელი მოსავალი შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 300-350 ტონით მეტი იქნება.
„სექტორი ზოგადად ბევრად უფრო წინ წავიდა. განათლების მხრივ ცნობიერება გაიზარდა და ხარისხობრივად ბევრად უკეთესი პროდუქტი ექნება თითოეულ მომხმარებელს, ვიდრე წინა წლებში. მოსავლიანობის ნაწილში წლევანდელ წელს დაახლოებით 10-15%-იან ზრდას ველოდებით, რაც შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 300-350 ტონით მეტია. ჩვენი მოლოდინია, რომ ქვეყანაში ჯამურად 3 500-3 800 ტონა კაკალს მივიღებთ. თუმცა ეს ჯერ წინასწარი შეფასებაა და განახლებული მონაცემები დაახლოებით ნოემბრის ბოლოს გვეცოდინება“, - აცხადებს ლერი ტაბატაძე.
მისივე განმარტებით, მაღალი ტენიანობის გამო როგორც დიდ, ისე მცირე ბაღებში მოსავლის აღება და გადამუშავება შეფერხდა, რაც ხარისხზე და საბოლოოდ, საბაზრო ღირებულებაზეც აისახება.
„წლევანდელი წელი საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს თითოეულ ფერმერს. იყო ძალიან მაღალი ტენიანობა და როგორც დიდმა, ისე პატარა ბაღებმა ვერ მოასწრო პროდუქციის სრულად გამოტანა. ეს ნიშნავს, რომ კაკლის ის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გადამუშავებული, ხარისხობრივად უფრო დაბალი იქნება. საბოლოოდ, კლიმატური პირობები არა მხოლოდ მოსავლის აღების პროცესზე, არამედ პროდუქტის კატეგორიასა და მის გასაყიდ ფასზეც აისახება. მაღალი კატეგორიის პროდუქტის ღირებულება 9.50-დან 12 ლარამდე მერყეობს, დაბალი კატეგორიის კაკლის ფასი კი მის ხარისხზეა დამოკიდებული", - თქვა ტაბატაძემ.
მისივე თქმით, ხარისხიან პროდუქტზე მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე არსებობს, თუმცა წელს გარჩეული კაკლის მოსავლის ძირითადი ნაწილი, სავარაუდოდ, საქართველოში გაიყიდება.
„ხარისხიან კაკალზე მოთხოვნა არის როგორც შიდა ბაზარზე, ისე ექსპორტზე. თუმცა ვფიქრობთ, რომ შიდა ბაზარზე იმდენად დიდი მოთხოვნაა ხარისხიან, გარჩეულ კაკალზე, რომ წლევანდელი მოსავლის დაახლოებით 80-90% სწორედ ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. მთავარი ის არის, რომ მომხმარებელს ხარისხიანი ქართული პროდუქტი შევთავაზოთ“, - აღნიშნავს ნუშისა და კაკლის ასოციაციის საბჭოს წევრი.
დარგის განვითარებასთან ერთად, ფერმერებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მოსავლის აღებისა და პირველადი გადამუშავების პროცესების ტექნიკური უზრუნველყოფაც. ლერი ტაბატაძის შეფასებით, კაკლის ხარისხის შესანარჩუნებლად აუცილებელია, პროდუქტი ბაღიდან დროულად გამოიტანონ, დაამუშაონ და სათანადო პირობებში შეინახონ.
„დარგს უკვე დაახლოებით 10-წლიანი ისტორია აქვს და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ახალი გამოწვევები ჩნდება. დღეს მთავარი საკითხი მოსავლის აღება და მისი სწრაფად დაბინავებაა. თითოეული ფერმერი ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას, იძენს შესაბამის აღჭურვილობას, რათა პროდუქტის აღება, გადამუშავება და შენახვა დროულად და ხარისხიანად შეძლოს. საბოლოოდ, სწორედ ეს პროცესები განსაზღვრავს, რა ხარისხის პროდუქტი მივა ბაზრამდე“, - აცხადებს ლერი ტაბატაძე.
BM.GE
წყარო: bm.ge