
ქართულმა ციფრულმა სადაზღვევო ბროკერმა "ფრანი" AI ასისტენტი დანერგა - რას სთავაზობს კომპანია მომხმარებელს?
ციფრული ტექნოლოგიების განვითარება გლობალურად სადაზღვევო ინდუსტრიას მნიშვნელოვნად ცვლის. სადაზღვევო ტექნოლოგიების მზარდი პოპულარობის ფონზე, ქართულ ბაზარზე პირველი ციფრული სადაზღვევო ბროკერი „ფრანი“ ახალ ეტაპზე გადადის - კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი დანერგა, პროდუქტების პორტფელი გააფართოვა და კორპორაციული მიმართულებაც დაამატა.
ქართული ციფრული სადაზღვევო სტარტაპის „ფრანის“ თანადამფუძნებელმა, ქეთა გოგიტიძემ, BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, რომ პლატფორმის მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის სადაზღვევო პროდუქტების შერჩევის, შედარებისა და შეძენის პროცესის გამარტივებაა.
„ეს არის პირველი ციფრული სადაზღვევო ბროკერი საქართველოში, რომელიც მომხმარებელს უმარტივებს სადაზღვევო პროდუქტების შერჩევის, შედარებისა და შეძენის შესაძლებლობას. ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს წამყვან სადაზღვევო კომპანიებთან და დამატებითი გადასახადების გარეშე, სწრაფად და მარტივად ვაძლევთ შესაძლებლობას, მომხმარებელმა მის საჭიროებებზე მორგებული სადაზღვევო პროდუქტი შეიძინოს“, - აღნიშნა ქეთა გოგიტიძემ.
მისი თქმით, პლატფორმაზე ინტეგრირებული AI ასისტენტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ატვირთონ მათ ხელთ არსებული სადაზღვევო შეთავაზებები, შეადარონ ისინი და კონკრეტული საჭიროებების მიხედვით მიიღონ ანალიზი.
„შესაძლებელია მომხმარებელმა ატვირთოს არსებული შეთავაზებები, დაუსვას კითხვები AI ასისტენტს და კონკრეტული ამოცანა დაუსახოს. ხელოვნური ინტელექტი თვალსაჩინოს ხდის იმ დეტალებს, რომლებიც ხშირად ბუნდოვანია ან რთულია ერთდროულად მრავალი შეთავაზების განხილვისას. სწორედ მომხმარებლის საჭიროებებიდან გამომდინარე დავნერგეთ ეს ხელსაწყო“, - განმარტა მან.
როგორც „ფრანის“ თანადამფუძნებელი ამბობს, ახალი ფუნქციონალი განსაკუთრებით მოთხოვნადია კორპორაციულ სეგმენტში, სადაც სხვადასხვა სადაზღვევო შეთავაზების შედარება დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს.
„ვინც ერთხელ მაინც შეჰყრია რამდენიმე შეთავაზების შედარებას, იცის, რამდენად ხანგრძლივი პროცესია ეს. AI-მ მნიშვნელოვნად გაამარტივა განსხვავებების დანახვა და მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის ამოღება. სერვისი სრულიად უფასოა და მხოლოდ რეგისტრაციის გავლას საჭიროებს“, - აღნიშნა გოგიტიძემ.
კომპანიამ პროდუქტების ჩამონათვალსაც ახალი მიმართულებები დაამატა. მათ შორისაა სომხეთის ტერიტორიაზე ავტომობილით გადაადგილებისთვის აუცილებელი მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომლის შეძენაც მომხმარებლებს ონლაინ, რამდენიმე წუთში შეუძლიათ.
"საზღვარზე რიგში დგომისა და დამატებითი პროცედურების თავიდან ასაცილებლად, ეს სერვისი მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესს. პოლისის შეძენა ფაქტობრივად ორ წუთშია შესაძლებელი. პროდუქტი სულ ახლახან გავუშვით, თუმცა ინტერესი უკვე არსებობს", - განაცხადა მან.
ამასთან, „ფრანიმ“ პლატფორმაზე საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავალდებულო ტურისტული დაზღვევის პროდუქტიც დაამატა.
"ვცდილობთ, ჩვენი სერვისები საზღვრებს გარეთაც გავაცნოთ მომხმარებლებს. უცხოელ ვიზიტორებს შეუძლიათ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე, ჩვენს საიტზე რამდენიმე წუთში შეიძინონ სავალდებულო ტურისტული დაზღვევა", - აღნიშნა ქეთა გოგიტიძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ჯერ კიდევ სტარტაპის სტატუსს ინარჩუნებს, უკვე რეალური ბიზნესის მასშტაბებზე გადადის და კორპორაციულ მიმართულებაშიც აქტიურად ოპერირებს.
"ჩვენს უკან დგას გუნდი, რომელსაც ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. უკვე არაერთი მსხვილი სადაზღვევო ხელშეკრულება გავაფორმეთ „ფრანის“ ფარგლებში და მზად ვართ, ნებისმიერ ბიზნესს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები შევთავაზოთ", - განაცხადა „ფრანის“ თანადამფუძნებელმა.
BM.GE
წყარო: bm.ge