
ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთების სამშენებლო სამუშაოები 2027 წლის ბოლოს დაიწყება
ქობულეთის შემოვლით გზას დამატებით ორი ზოლი დაემატება, სამშენებლო სამუშაოები კი აქტიურ ფაზაში მომავალი წლის ბოლოს შევა. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა.
უწყების ცნობით, პროექტის დაფინანსების მომზადების ფარგლებში, რევაზ სოხაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ბანკის მისიის წევრებს შეხვდა.
„მნიშვნელოვანია, რომ ქობულეთის შემოვლით გზაზე დამატებითი ორი ზოლის მშენებლობის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადადის და უკვე მომავალი წლის ბოლოსთვის სამშენებლო სამუშაოების აქტიურად დაწყებას შევძლებთ. პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების, ისე ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისთვის. ბათუმი-სარფის მაგისტრალის მშენებლობასთან ერთად, ქობულეთის შემოვლით გზაზე დამატებითი ორი ზოლის მოწყობა აჭარაში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას ერთიან სისტემაში მოაქცევს. საბოლოოდ, მივიღებთ ოთხზოლიან მაგისტრალს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში გადაადგილებას, გაზრდის მობილობას და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ეფექტიანობას“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე შეჯამდა აზიის განვითარების ბანკის მისიის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები, რომლებიც პროექტის დაფინანსების მომზადებას ემსახურებოდა. მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ პროცესი უშუალოდ დაფინანსების გაფორმების ეტაპზე გადავა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს:
• პროექტის ტექნიკური და ეკონომიკური პარამეტრები; • დაფინანსების პირობები, განხორციელების გრაფიკი და შესყიდვების პროცედურები; • დეტალური საინჟინრო პროექტი, საგზაო უსაფრთხოება და ხარჯთაღრიცხვა; • გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხები, ასევე პროექტის განხორციელებისთვის მზადყოფნის შეფასება.
მისიის წარმომადგენლებმა საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად ქობულეთის შემოვლითი გზის საპროექტო ტერიტორიაც დაათვალიერეს.
შეგახსენებთ, ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალის 4-ზოლიან გზად მოდერნიზების პროექტზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში დასრულდა საჯარო განხილვების პროცესი და უწყებამ წარდგენილ პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს გასცა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალის 4-ზოლიან გზად მოდერნიზების პროექტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბერში წარუდგინა და ამ დრომდე პროექტზე საჯარო განხილვები და ალტერნატივების შეფასება მიმდინარეობდა. უწყების მიერ წარდგენილი იყო სამი ალტერნატიული ვარიანტი, რომელთაგან უპირატესობა მეორე ალტერნატივას მიენიჭა.
31.3-კილომეტრიანი გზა 2018 წლიდან შევიდა ექსპლოატაციაში, რის შემდეგაც მალევე მზარდი სატრანსპორტო ნაკადის გათვალისწინებით მისი გაფართოება გადაწყდა.
გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების შემთხვევაში 110-120 კმ/სთ-მდე გაიზრდება თითოეულ ზოლში გადაადგილების სიჩქარე და გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა. პროექტი ორი - 305 და 174 მეტრის სიგრძის გვირაბების მშენებლობას ითვალისწინებს.
საპროექტო გზის საერთო სიგრძეა დაახლოებით 30,7 კმ და დერეფანი პირობითად იყოფა ორ ლოტად: საწყისი 13 კმ სიგრძის მონაკვეთი სოფ. კაკუჩამდე (პირობითად ლოტი 1) და სოფ. კაკუჩადან ბოლო წერტილამდე (პირობითად ლოტი 2). საავტომობილო გზის დერეფანში გათვალისწინებულია დამატებითი კვანძების და არსებული გვირაბების პარალელურად ორი ახალი, ორზოლიანი გვირაბის მშენებლობა. ასევე დაგეგმილია ახალი ხიდების და გზაგამტარების მოწყობა.
გზშ-ის ანგარიშის მიხედვით, საპროექტო გზა დაახლოებით 14,6 კმ-ის მანძილზე მიუყვება არსებულ ორზოლიან გზას პარალელურად, ხოლო შემდგომ, გარკვეულ მონაკვეთებში, მრუდების გაუმჯობესების მიზნით, ორჯერ გადადის არსებული გზის მარჯვენა მხარეს. შესაბამისად, დაგეგმილია 7,5 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია. საპროექტო გზაზე მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე იქნება 120 კმ/სთ".
BM.GE
წყარო: bm.ge