
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება - რამდენი პროცენტით დაიბეგრებიან ფიზიკური პირები?
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადისგან გათავისუფლების ზღვარი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე იზრდება. შესაბამისი ცვლილება საგადასახადო კოდექსში მომზადებულ კანონპროექტშია გათვალისწინებული, რომელიც პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატებმა დღეს დააინიცირეს. ამ ცვლილებით 40 000 - 100 000 ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება აღარ ექნებათ. ცვლილება დაახლოებით 81 ათას გადამხდელს შეეხება.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოქმედი წესით 40 000 ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე ოჯახები ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულები არიან, ხოლო 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის გადასახადის განაკვეთი ქონების საბაზრო ღირებულების 0.05%-დან 0.2%-მდე განისაზღვრება. 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის შემთხვევაში მოქმედი განაკვეთი 0.8%-დან 1%-მდეა.
ცვლილების შემდეგ 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ამ გადასახადს აღარ გადაიხდიან. ამ კატეგორიისთვის არსებული საგადასახადო ვალდებულება, 2025 წლის დეკლარაციების მიხედვით, ჯამურად 22.3 მილიონ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში სწორედ ამ მოცულობის შემოსავალი აღარ შევა.
მთლიანობაში, 2025 წლის მონაცემებით, დაახლოებით 107 ათას გადამხდელზე, მიწის გარდა ქონების გადასახადის სახით, 86.3 მილიონი ლარი იყო დარიცხული. მათგან დაახლოებით 81 ათას გადამხდელს 100 000 ლარზე ნაკლები შემოსავალი ჰქონდა და მათზე დარიცხული გადასახადი 22.3 მილიონ ლარს შეადგენდა. დარჩენილ დაახლოებით 26 ათას გადამხდელზე, რომელთა შემოსავალიც 100 000 ლარს აღემატებოდა, 64 მილიონი ლარის გადასახადი იყო დარიცხული.
ამგვარად, არსებული მოდელით 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ჯამურად 22.3 მილიონ ლარს იხდიან/მათზე ეს თანხა არის დარიცხული, ხოლო რეფორმის შემდეგ ეს ვალდებულება გაუქმდება. 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირებისთვის კი ქონების გადასახადი შენარჩუნდება. კანონპროექტი ამ კატეგორიისთვის ახალ განაკვეთს ადგენს და დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8%-დან 1%-მდე დიაპაზონს ითვალისწინებს.
ყველაზე დიდი ფინანსური გავლენა თბილისის მუნიციპალიტეტზე მოდის. 2025 წლის მონაცემებით, თბილისში ფიზიკურ პირებზე მიწის გარდა ქონების გადასახადის სახით 65.49 მილიონი ლარი იყო დარიცხული. აქედან 16.09 მილიონი ლარი 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე მოდიოდა. შესაბამისად, ცვლილების შემთხვევაში თბილისის ბიუჯეტს ამ კატეგორიისგან მიღებული 16.09 მილიონი ლარის შემოსავალი დააკლდება, ხოლო 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირებზე დარიცხული დაახლოებით 49.4 მილიონი ლარი დარჩება.
ბათუმში არსებული დარიცხული ქონების გადასახადი 8.48 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც 2.45 მილიონი ლარი 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე მოდიოდა. ცვლილების შემდეგ ამ კატეგორიის გადასახადი გაუქმდება და დაახლოებით 6.03 მილიონი ლარის დარიცხვა დარჩება.
ქუთაისში მოქმედი წესით დარიცხული იყო 1.4 მილიონი ლარი, მათ შორის 571.6 ათასი ლარი 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე. ცვლილების შედეგად ეს თანხა გაუქმდება და დარჩენილი დარიცხვა დაახლოებით 826 ათასი ლარი იქნება.
"აღნიშნული ხარჯი (კომპენსირება) 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისთვის შეადგენს22,3 მილიონლარს, ხოლო შემდგომი სამი წლისათვის დანაკარგი გათვალისწინებული იქნება შესაბამისი წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში,"- ნათქვამია განმარტებით ბარათში.
მუნიციპალიტეტი რეფორმამდე მოქმედი წესით დარიცხული 40-100 ათასი ლარის შემოსავლის მქონე პირებზე დარიცხული მხოლოდ 100 ათასი ლარს ზემოთ შემოსავლის პირებზე დარიცხული თბილისი 65.49 მლნ ლარი 16.09 მლნ ლარი 49.40 მლნ ლარი ბათუმი 8.48 მლნ ლარი 2.45 მლნ ლარი 6.03 მლნ ლარი ქუთაისი 1.40 მლნ ლარი 571.6 ათასი ლარი 826.0 ათასი ლარი მცხეთა 1.62 მლნ ლარი 137.2 ათასი ლარი 1.48 მლნ ლარი რუსთავი 1.10 მლნ ლარი 514.2 ათასი ლარი 586.3 ათასი ლარი ბორჯომი 1.24 მლნ ლარი 270.7 ათასი ლარი 973.4 ათასი ლარი ქობულეთი 615.9 ათასი ლარი 165.5 ათასი ლარი 450.4 ათასი ლარი გორი 444.4 ათასი ლარი 200.0 ათასი ლარი 244.4 ათასი ლარი თელავი 414.6 ათასი ლარი 150.3 ათასი ლარი 264.3 ათასი ლარი ფოთი 347.4 ათასი ლარი 164.4 ათასი ლარი 183.1 ათასი ლარი
კანონპროექტის განმარტებითი ბარათი აღნიშნავს, რომ ქონების გადასახადი სრულად ადგილობრივ ბიუჯეტებში მიემართება, ამიტომ ცვლილება მუნიციპალიტეტების შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს. 2026 წლისთვის აღნიშნული დანაკლისის კომპენსაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 22.3 მილიონი ლარის ოდენობით არის გათვალისწინებული, ხოლო მომდევნო სამი წლისთვის დანაკარგის კომპენსირება შესაბამისი წლების ბიუჯეტების ფორმირებისას უნდა მოხდეს.
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება მიმდინარე წლის ქონების გადასახადის დეკლარაციებზეც გავრცელდება. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ფიზიკურ პირებს 2025 წლის მონაცემებით დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება 2026 წლის 1 ნოემბრამდე, ხოლო გადასახადის გადახდის ვადა 15 ნოემბრამდე აქვთ. სწორედ ამიტომ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებაა გათვალისწინებული.
კანონპროექტის ავტორები არიან: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე, ბეჟან წაქაძე, ნინო წილოსანი, ილია ინჯია, გიორგი ბარვენაშვილი, ლევან მაჭავარიანი და ზურაბ რურუა.
BM.GE
წყარო: bm.ge