
ქსელები კონკურენციაში შედიან, რათა საუკეთესო ფასი შესთავაზონ ekalata-ს 13 პროდუქტზე - ბერეკაშვილი
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ და ფასების შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელმა, შოთა ბერეკაშვილმა "იმედის" ეთერში ekalata.gov.ge-ზე ისაუბრა.
მისი თქმით, პლატფორმის ამოქმედების შემდეგ, სავაჭრო ქსელებმა საპასუხო ნაბიჯი გადადგეს და პროდუქტების 13 კატეგორიაში ყოველდღიურად საუკეთესო შეთავაზებებს აკეთებენ.
ბერეკაშვილის განმარტებითვე, კომისიის რეკომენდაციით შექმნილ კალათაში 13 ძირითადი საბაზისო პროდუქტია შესული, რომლებსაც ნებისმიერი ოჯახი ყოველდღიურად მოიხმარს, რადგან მოიცავს ისეთ პროდუქტებს როგორებიცაა: კარაქი, შაქარი, რძის პროდუქტები, ქათმის ხორცი და ა.შ.
"მოკლევადიანი რეკომენდაციის ფარგლებში ჩვენი მიზანი აღნიშნული პლატფორმის შექმნა იყო. ეს არის ეგრეთ წოდებული ბერძნული მოდელი, რომელიც სრულყოფილად ევროპულ გამოცდილებას ეფუძნება. შესაბამისად, ამ რეკომენდაციის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და ჩვენი კომისიის რეკომენდაციაზე დაყრდნობით, შეიქმნა „საოჯახო კალათა“.
ჩვენ გვაქვს ასეთი სიტუაცია: გარკვეულ პერიოდში კონკრეტული, მაგალითად, კარაქის საუკეთესო ბრენდია წარმოდგენილი ყველაზე კარგი ფასდაკლებით (ამ შემთხვევაში ვთქვათ, ეს არის კარაქი „პრეზიდენტი“), შემდეგ ხდება ამ ბრენდების როტაცია და საბოლოო ჯამში, მომხმარებელს ეძლევა საშუალება, ყოველდღიურად ჰქონდეს საუკეთესო შეთავაზება აღნიშნულ 13 პროდუქტზე.
ზოგადად, რას ნიშნავს ეს პლატფორმა მომხმარებლისთვის?! ეს ნიშნავს, რომ ის არის ინფორმირებული და სწორედ ეს არის ამოსავალი წერტილი. ინფორმირებულობა განსაზღვრავს მომხმარებლის საუკეთესო ქცევასა და საუკეთესო არჩევანის გაკეთებას. შესაბამისად, მომხმარებლის საქციელი უკვე ბაზრის მოქმედებას განსაზღვრავს და ქსელები ბუნებრივ კონკურენციაში შედიან, რათა საუკეთესო ფასი შესთავაზონ აღნიშნულ 13 პროდუქტზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პლატფორმა არ არის ლიმიტირებული მხოლოდ 13 პროდუქტით. იქ გვაქვს კატეგორია „სხვა პროდუქტები“, სადაც ქსელები აქტიურად ათავსებენ სხვა პროდუქტებსაც, რომლებზეც საუკეთესო შეთავაზებები ვრცელდება. ჩვენი მიზანია, საბაზისო პროდუქტებზე ჩვენი მომხმარებლის სამომხმარებლო ჩეკი შემცირდეს. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით ბოლო ერთი კვირის დინამიკას და სახეზეა აქტიური კონკურენცია ქსელებს შორის ამ საბაზისო პროდუქტებზეც, რაც პლატფორმის ფარგლებშია მოქცეული. იქ არის საუკეთესო ხუთეულის ჯგუფი და ქსელები აქტიურად ცდილობენ, ლიდერ პოზიციებზე იყვნენ.
მომხმარებლისთვის სტატისტიკა რომ ვახსენოთ: როდესაც ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ, 13 პროდუქტის ჯამური ჩეკი 43 ლარს შეადგენდა, ხოლო დღეს საღამოს, როდესაც შევამოწმე, საუკეთესო ქსელში 13 პროდუქტის საუკეთესო შეთავაზება 37 ლარი და 72 თეთრი იყო. ეს ნიშნავს, რომ სახეზე გვაქვს აქტიური კონკურენცია და 10%-იანი კლება. ეს არის ფაქტი და პირადად მე ძალიან მოხარული ვარ, რომ აღნიშნულმა პლატფორმამ გააჯანსაღა კონკურენცია და სწორედ ამ ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში ჩვენი მომხმარებელი იღებს საუკეთესო ფასს", - განაცხადა ბერეკაშვილმა.
გასული თვის ბოლოს, მთავრობამ შექმნა ფასდაკლებული პროდუქტის პორტალი ekalata.gov.ge. საიტი აერთიანებს 12 სუპერმარკეტში ფასდაკლებულ პროდუქტებს. ekalata.gov.ge-ის შექმნაზე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 53 ათასი ლარი დაიხარჯა.
BM.GE
წყარო: bm.ge