
ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისთვის 8 067 კვ.მ მიწის ექსპროპრიაცია იგეგმება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტისთვის 8 067 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების უფლებამოსილება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას მიენიჭა.
ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2026 წლის 20 აგვისტოს ბრძანებაშია აღნიშნული. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში მდებარეობს.
მინისტრის ბრძანებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად არის მიჩნეული. ამასთან, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება განისაზღვრა ექსპროპრიაციის განმახორციელებელ სუბიექტად და მიეცა უფლება, სასამართლოს მიმართოს ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად.
მინისტრის ბრძანებაში განმარტებულია, რომ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობით არის განპირობებული. დოკუმენტის მიხედვით, აეროპორტის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 2023-2024 წლებში რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია, ხოლო მომდევნო წლებში ზრდაა პროგნოზირებული.
თავდაპირველ პროექტთან შედარებით, სამუშაოების მასშტაბიც გაიზარდა. ბრძანების თანახმად, ახალი ზოლის ღერძი ძველი ზოლის პარალელურად, სამხრეთის მიმართულებით განისაზღვრა, ხოლო საჰაერო ხომალდების შეუზღუდავი ოპერირებისთვის 3 500 მეტრი სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი შეირჩა. პროექტში დამატებითი სამიმოსვლო ბილიკების, სანავიგაციო საშუალებებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობაც არის გათვალისწინებული.
დოკუმენტის თანახმად, პროექტის არეალში მოქცეული კერძო საკუთრებების გამოსყიდვის მიზნით აეროპორტების გაერთიანებამ შესაბამისი პროცედურები დაიწყო. კონკრეტულ 8 067 კვ.მ ფართობთან დაკავშირებით მესაკუთრესთან შეთანხმება ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე ვერ შედგა, რის შემდეგაც კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით მიმართა.
ბრძანებაში ასევე განმარტებულია, რომ ექსპროპრიაციის ფარგლებში ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე მხარეებს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში საკითხი სამინისტროს უფლებამოსილებას არ წარმოადგენს. კანონის თანახმად, ასეთ შემთხვევაში თითოეულ მხარეს შეუძლია სასამართლოს მიმართოს და დავა სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყდეს.
ექსპროპრიაციის უფლების საბოლოოდ მოპოვება სასამართლოს გადაწყვეტილებას საჭიროებს. მინისტრის ბრძანებით კი დადგენილია, რომ პროექტი აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას წარმოადგენს და განსაზღვრულია ის სუბიექტი, რომელსაც სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს.
ცნობისთვის
აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა 2024 წლის ბოლოს დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. 2026 წლის ბიუჯეტის თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობის ჯამური ღირებულება 179.5 მილიონ ლარს შეადგენს. ასაფრენ ზოლს "აეროპორტების გაერთიანების" დაკვეთით კომპანია "ანაგი" აშენებს.
BM.GE
წყარო: bm.ge