
ვენესუელა OPEC-იდან გასვლას განიხილავს
ვენესუელა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC+) დატოვების შესაძლებლობას აქტიურად განიხილავს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც თავად 60-ზე მეტი წლის წინ გახდა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა პოტენციური გასვლის საკითხი, მათ შორის, ამერიკელ ოფიციალურ პირებთანაც განიხილეს.
როგორც ირკვევა, აშშ-ის სანქციებისა და შიდა ეკონომიკური კრიზისის გამო, რამაც ქვეყნის ნავთობინდუსტრია დაასუსტა, OPEC-ში ვენესუელას გავლენა ბოლო წლებში მკვეთრად შემცირდა. ივლისში ქვეყანა დღეში 1.16 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებდა, რაც ათი წლის წინანდელ მაჩვენებელზე ორჯერ ნაკლებია. წარმოების კლების გამო, ორგანიზაცია ვენესუელას მოპოვების კვოტებისა და დამატებითი შეზღუდვებისგან წლების განმავლობაში ათავისუფლებდა. შესაბამისად, გაერთიანებიდან გასვლამ, შესაძლოა, ქვეყანა მომავალი კვოტებისგან დაიცვას და მას გრძელვადიან პერსპექტივაში მოპოვების გაზრდის შესაძლებლობა მისცეს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ არსებული მოპოვების მოცულობიდან გამომდინარე, ვენესუელას შესაძლო გასვლას გლობალურ ნავთობის ბაზარზე მყისიერი ეფექტი, სავარაუდოდ, არ ექნება. თუმცა, აღნიშნულმა ნაბიჯმა შესაძლოა, საუდის არაბეთის ლიდერობით OPEC-ის ერთიანობის შენარჩუნებისა და ფასებზე გავლენის მოხდენის უნარის ირგვლივ ეჭვები კიდევ უფრო გააღრმაოს.
საყურადღებოა, რომ გაერთიანებაში არსებული კვოტების სისტემით უკმაყოფილება სხვა წევრებმაც გამოხატეს. აპრილის ბოლოს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა კარტელი დატოვა. ივნისში მოპოვების ლიმიტებით უკმაყოფილება ერაყმაც გამოთქვა და განაცხადა, რომ კვოტების გაზრდის გარეშე ორგანიზაციიდან გასვლას განიხილავდა.
პარალელურად, მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, შეერთებული შტატები ვენესუელას ნავთობის საბადოებში მსხვილი წილის მოპოვების მიზნით მოლაპარაკებებს მართავს. შესაბამისად, OPEC-იდან გასვლა აშშ-ის მთავრობისთვის ხელსაყრელი ნაბიჯი იქნება.
ცნობისთვის, ვენესუელა 1960 წელს OPEC-ის ხუთ დამფუძნებელ სახელმწიფოს შორის ერთ-ერთი იყო. 2016 წელს კი ქვეყანამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა OPEC+-ის ალაინსის შექმნაში, რომელიც კარტელის წევრებსა და სხვა მწარმოებლებს, მათ შორის რუსეთს აერთიანებს.
ამჟამად OPEC-ის წევრებს შორის არიან: ალჟირი, გვინეა, ვენესუელა, გაბონი, ერაყი, ირანი, ქუვეითი, ლიბია, ნიგერია, კონგოს რესპუბლიკა და საუდის არაბეთი, რომელიც ორგანიზაციის ლიდერია.
BM.GE
წყარო: bm.ge