ქვეყნის ენერგოსისტემას ტექნიკური და კომერციული გამოწვევები აქვს, რასაც გადაჭრა სჭირდება - არჩილ მამათელაშვილი
საქართველოს ენერგოსისტემა ერთდროულად ტექნიკური და კომერციული გამოწვევების წინაშე დგას, რომელთა დროული გადაჭრის გარეშეც სექტორი საინვესტიციო მიმზიდველობას დაკარგავს, - ამის შესახებ ენერგეტიკოსმა არჩილ მამათელაშვილმა BMG-ის გადაცემა "ანალიტიკაში" განაცხადა.
მისი შეფასებით, დარგში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია როგორც ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის დასრულება და შემნახველი სისტემების დანერგვა, ისე მოძველებული ქსელის გრძელვადიანი გადაგეგმვა.
არჩილ მამათელაშვილის თქმით, ელექტროენერგიის ბაზრის შექმნის გაჭიანურებული პროცესი და დამაბალანსებელი სიმძლავრეების ნაკლებობა ინვესტორების მოტივაციას ამცირებს.
"საქართველოს ენერგეტიკის სექტორს განვითარება და სწორი მიმართულებების არჩევა სჭირდება. თუ გვსურს, რომ სექტორი განვითარდეს, არსებული და მომავალი პრობლემები ორი მიმართულებით იკვეთება: ტექნიკური და კომერციული. თუ არ იქნება ელექტროენერგიის შემნახველი და სააკუმულაციო სისტემები, რომლებითაც ენერგოსისტემა უნდა დაბალანსდეს, რისკები კიდევ უფრო გაიზრდება და სექტორი ინვესტიციებისთვის არასაინტერესო გახდება.
ამისთვის ყველაზე გამართული გამოსავალი ელექტროენერგიის ბაზრის შექმნა იქნებოდა, რომელიც უკვე 10 წელიწადზე მეტია იგეგმება, მაგრამ ვერ დასრულდა. ეს პროცესი უნდა დასრულდეს, რათა ინვესტორს ჰქონდეს მოტივაცია, მაგალითად, დღის საათებში გამომუშავებული ჭარბი მზის ენერგია საღამოს პერიოდში უფრო ძვირად გაყიდოს. სამწუხაროდ, დღეს არსებული სისტემის პირობებში ამაზე გადასვლა ძალიან გართულებულია და პროცესი გაიწელა", - განაცხადა მამათელაშვილმა.
ენერგეტიკოსი ყურადღებას ქვეყანაში ზაფხულში მომხდარ სისტემურ გათიშვაზე ("ბლექაუთი") ამახვილებს და აღნიშნავს, რომ მომდევნო 5-10 წელიწადში ქსელის ამორტიზაციის პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება, რაც ახალი ინვესტიციების ტალღას მოითხოვს.
"ტექნიკური სახის პრობლემებმა საქართველოში სისტემური გათიშვა გამოიწვია და ამ საკითხსაც გადაჭრა სჭირდება. მართალია, ჩვენი ელექტროსისტემის განახლება მიმდინარეობს, თუმცა ის საკმაოდ მოძველებულია და მეტ ინვესტიციას საჭიროებს. მომდევნო 5-10 წელიწადში ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება, რადგან ენერგოსისტემის საოპერაციო აქტივების ამორტიზაცია გაიზრდება.
მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ იმაზეც, როგორ განხორციელდება ინვესტიციები და როგორ უნდა მოხდეს სისტემის გადაგეგმვა. თუნდაც არსებული გამოწვევების საპასუხოდ, ინვესტიციების ახალი, დიდი ტალღა იქნება საჭირო, რის საფასურსაც, საბოლოოდ, მომხმარებელი და მოსახლეობა გადაიხდის - პირდაპირ ტარიფში ან გადასახადის გადამხდელის სახით", - აღნიშნა ექსპერტმა.
კითხვაზე, რა ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი მოკლე ვადაში იმ ფონზე, როცა ქსელში არსებული პრობლემების შესახებ წლების წინაც იყო ცნობილი, მამათელაშვილი პასუხობს, რომ ენერგეტიკაში სწრაფი გადაწყვეტილებები შეუძლებელია და კრიტიკულ სიტუაციაში მართვის სისტემები სარეზერვო სიმძლავრეების გარეშე უძლურია.
"ენერგოსექტორში ცვლილებების სწრაფად განხორციელება ძალიან რთულია, რადგან ეს საკმაოდ კომპლექსური სისტემაა და ერთ კვირაში ან ერთ თვეში გამოსავლის პოვნა შეუძლებელია. ამიტომ აუცილებელია გრძელვადიანი, 5-10 წლით წინასწარი დაგეგმვა. აღნიშნული რისკების შესახებ, ალბათ, ჯერ კიდევ 2015-2016 წლებში იყო ცნობილი გარკვეული კვლევებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით რეაქცია შეფერხებულია, თუმცა რაც არ უნდა კარგი ინჟინრები, ტექნიკა თუ რესურსი გვყავდეს, ელექტროგადამცემ ხაზს რამდენიმე თვეში ვერ ააშენებ და ვერ ჩაანაცვლებ.
წინასწარი დაგეგმვაც და მისი განხორციელებაც მართვის სისტემის ნაწილია. თავად დაცვის სისტემებიც - მათ შორის სარელეო დაცვა (ელექტროსისტემების ავტომატური დაცვის სისტემა, რომელიც ავარიის დროს აფიქსირებს დარღვევას და თიშავს დაზიანებულ უბანს) გათიშვისას პრობლემური აღმოჩნდა - კრიტიკულ სიტუაციაში ეფექტიანად ვერ იმუშავებს, თუ მას შესაბამისი რესურსი არ აქვს. თუ არ მაქვს სარეზერვო ხაზი და დამატებითი სიმძლავრე სიხშირის დასაბალანსებლად, მართვის რესურსიც შეზღუდულია. ამავდროულად, აუცილებელია ისეთი კომერციული საბაზრო სისტემის შექმნა, რომელიც ინვესტიციებს მიმზიდველს გახდის, რადგან ასეთი მასშტაბის გათიშვების ფონზე ინვესტორები მსხვილი, გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელებისგან თავს შეიკავებენ", - განაცხადა არჩილ მამათელაშვილმა.
