
რა გავლენას ახდენს ბანკების შესვლა კრიპტობაზარზე? - შეფასებები
საქართველოში ციფრული აქტივების ბაზარი სტაბილურად იზრდება, კრიპტოსერვის კომპანიების შეფასებით, ბაზარი აქტიურია და ბევრ ადამიანს სურს ალტერნატიული ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში კრიპტოაქტივების ფლობა, ყიდვა და გაყიდვა ლეგალურია, ბაზრის მოთამაშეები BMG-სთან ამბობენ, რომ კრიპტოაქტივების მომხმარებელთა რაოდენობა წლიდან წლამდე დაახლოებით 30-40%-ით იზრდება.
მათი მოლოდინია, რომ ბაზრის ზრდას კიდევ უფრო დააჩქარებს საფინანსო ინსტიტუტების, კერძოდ ბანკების შემოსვლა ამ ბიზნესში, რაც მათი შეფასებით, დადებითი მოვლენაა და კრიპტოაქტივების მიმართ საზოგადოებაში ნდობის გაღრმავებას უწყობს ხელს.
“ჩემი აზრით, მათი შემოსვლა დადებითი მოვლენაა, რადგან ეკოსისტემას უფრო ამდიდრებს ბანკების აქ ყოფნა. ასევე გარკვეულწილად ვალიდაციასაც უკეთებს ამ ინდუსტრიას, რადგან ამ ინდუსტრიის და ციფრული აქტივების რეპუტაციასთან დაკავშირებით იყო გარკვეული შიშები. ბანკების შემოსვლამ ამას გაუკეთა ვალიდაცია, რომ ეს ასე არ არის.
ბანკებს ასევე თავისი ძალიან დიდი კლიენტების ბაზა და ინფრასტრუქტურა აქვთ. ძირითადად საქართველოში სამი ბანკი სთავაზობს კრიპტოს თავის კლიენტებს. ეს დადებითი მოვლენაა, რადგან კარგია ეკოსისტემისთვისაც, კარგია მათივე კლიენტებისთვისაც და კარგია თავად ბანკებისთვისაც იმიტომ, რომ დამატებითი შემოსავლის წყარო აქვთ. ეს არ არის მხოლოდ ქართული პრაქტიკა - ქართულ ბანკებამდე ბევრი ამერიკული და ასევე ევროპული ბანკებიც სთავაზობდნენ თავის კლიენტებს კრიპტოში ინვესტირებას და თავის ციფრულ ინფრასტრუქტურაში უკვე ჩაშენებული ჰქონდათ მსგავსი ტიპის პროდუქტი”,- აცხადებს Cryptal-ის მმართველი პარტნიორი იოსებ ბოლქვაძე.
კრიპტოინდუსტრიაში ბანკების ჩართულობას პოზიტიურად აფასებს კრიპტო ბაზრის წარმომადგენელი და პიქსელ აკადემიის დამფუძნებელი ავთო კუჭავაც. ის თვლის, რომ ეს ხელს შეუწყობს კრიპტოაქტივების მიმართ ნდობის ამაღლებას და, რაც მთავარია, კაპიტალის ქვეყნის შიგნით დარჩენას.
“მე მაინც პოზიტიურად ვუყურებ ბანკების ჩართულობას იმიტომ, რომ ცნობადობას გაზრდის და თვითონ ბანკსაც საერთოდ სხვა ახალ პრიზმაში გადაიყვანს. მომხმარებელი გაცილებით უფრო ენდობა ბანკს, ვიდრე მაგალითად ცენტრალიზებულ ბირჟას.
ცენტრალიზებულ ბირჟასა და ბანკს შორის სხვაობა არ არის. უბრალოდ ცენტრალიზებული ბირჟა გაწვდის კრიპტო პროდუქტს, ბანკი ამ ეტაპზე არ გაწვდის, მაგრამ უკვე ესეც გაწვდის კრიპტო პროდუქტს. ორივე ცენტრალიზებულია. ამიტომ, თუ არჩევანი მაქვს, რომ აზიურ კაპიტალში წავიდეს ჩვენი ქვეყნის ფული თუ საქართველოში დარჩეს, მირჩევნია საქართველოში დარჩეს, ვიდრე აზიურ კაპიტალში წავიდეს”,- აცხადებს ავთო კუჭავა.
პიქსელ აკადემიის ინფორმაციით, ბანკის კლიენტების გარდა საქართველოში კრიპტოაქტივებით დაინტერესებული დაახლოებით 185 ათასამდე ადგილობრივი მომხმარებელია. თუმცა ეს ციფრი არ ასახავს ყოველდღიურ აქტივობას. მათი შეფასებით, რეალურად, ბაზარზე ყოველდღიურად მხოლოდ 5,000-დან 7,000-მდე ადამიანი ოპერირებს, ხოლო „გათვითცნობიერებული“ მომხმარებლების რაოდენობა 60,000-ს არ აღემატება. ძირითადი სეგმენტი 25-დან 45 წლამდე ასაკის პირები არიან, რომლებიც კრიპტოვალუტას საინვესტიციო ინსტრუმენტად განიხილავენ.
BM.GE
წყარო: bm.ge