
ცენტრალური აზია ვერ ჩაანაცვლებს იმ მხარდაჭერას, რომელიც EU-ს კანდიდატის სტატუსს ახლავს - ზაზა შენგელია
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მკვლევრის, ზაზა შენგელიას განცხადებით, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, თუმცა ის ვერ იქნება ევროკავშირის იმ მასშტაბური ინსტიტუციური და ფინანსური მხარდაჭერის ალტერნატივა, რომელიც ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ახლავს - ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკაში" ისაუბრა.
მკვლევარმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად შეიძლება აღიქმებოდეს საქართველოს მთავრობის გააქტიურება ცენტრალური აზიის ქვეყნებთან (მაგალითად, თურქმენეთთან თუ ტაჯიკეთთან) იმ დასავლური კაპიტალის საპირწონედ, რომელიც ქვეყანაში ევროინტეგრაციის პროცესში უნდა შემოსულიყო.
ზაზა შენგელიამ აღნიშნა, რომ რეგიონულ პარტნიორებთან მუშაობა აუცილებელია, თუმცა მათი შედარება ევროპულ ფონდებთან არასწორია: "რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. შუა აზიასთან მუშაობა და გარკვეული შედეგების მიღწევა სრულიად შესაძლებელია. მეტიც, ამის გარეშე ჩვენს რეგიონში არსებობა შეუძლებელია და ეს ყველასთვის გასაგებია. თუმცა, იმის თქმა, რომ ეს პარტნიორობა არის ალტერნატივა ან ჩანაცვლება იმ უდიდესი ინსტიტუციური დახმარებისა, რომელიც პრაქტიკულად ხელში გვეჭირა კანდიდატის სტატუსთან ერთად, შეცდომა იქნებოდა", - ამბობს ის.
მკვლევარმა მაგალითად მოლდოვა და უკრაინა მოიყვანა, რომლებიც ევროკავშირისგან მიზნობრივ და საჭირო დახმარებას სწორედ კანდიდატის სტატუსის ფარგლებში იღებენ. მისი განმარტებით, ევროინტეგრაციის პროცესი, პირდაპირ დახმარებასთან ერთად, კერძო სექტორისთვისაც უმნიშვნელოვანესი სიგნალია.
"კანდიდატის სტატუსის მოპოვება და ევროკავშირის მხრიდან ინფრასტრუქტურული თუ ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა ძალიან მძლავრი სიგნალია ზოგადად კერძო ინვესტორებისთვის. აღმოსავლეთ ევროპაში ანალოგიური პროცესები გახდა კატალიზატორი იმისა, რომ თუნდაც შეერთებული შტატების კერძო კაპიტალი ამ ქვეყნებისკენ მიმართულიყო. ინფრასტრუქტურული განვითარება არის ერთ-ერთი ბურჯი იმისა, რომ ზოგადად საინვესტიციო გარემო გაუმჯობესდეს", - ამბობს ზაზა შენგელია და დასძენს, რომ ეს არის ჯაჭვური პროცესი, რომელსაც ქვეყნისთვის მრავალი პოზიტიური შედეგი მოაქვს.