
რა გავლენას მოახდენს უნივერსალური სალარო აპარატების რეფორმა ბიზნესზე - დავით პაპიაშვილის შეფასება
"საქართველოს პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ქვეყანაში ახალი ტიპის, უნივერსალური სალარო აპარატების დანერგვას ითვალისწინებს, ბიზნესსექტორისთვის მნიშვნელოვან ტექნიკურ გარდაქმნებთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული", - ამის შესახებ "Kreston Georgia"-ს მმართველმა პარტნიორმა, დავით პაპიაშვილმა "საქმიან დილაში" ისაუბრა.
მისი თქმით, ახალი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესება და კონტროლის გამკაცრებაა, რათა შემოსავლების სამსახურს უნაღდო ანგარიშსწორებაზეც ოპერატიული წვდომა ჰქონდეს.
"სალარო აპარატის გამოყენების შემთხვევაში, როცა ნაღდი ანგარიშსწორება ხდება, ინფორმაცია ყოველდღიური ნავაჭრის შესახებ ავტომატურად გადაეცემა შემოსავლების სამსახურს, ვინაიდან სალარო აპარატები აღჭურვილია GPRS სისტემით... ბარათით გადახდის შემთხვევაში ეს რეალობა არა გვაქვს, იმიტომ რომ ბარათით გადახდილი თანხა მიდის კომპანიის ბანკის ანგარიშზე, ბანკის ანგარიშზე კი შემოსავლების სამსახურს ოპერატიული წვდომა არ აქვს... შემოსავლების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს მთავარი მიზანი ალბათ ეს არის, რომ მათ ოპერატიულად, ყოველდღიურ რეჟიმში დაინახონ, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე ბარათით გადახდებით რეალიზებული საქონელი თუ მომსახურება", - განაცხადა დავით პაპიაშვილმა.
მისი შეფასებით, უნაღდო ანგარიშსწორების მოცულობის მკვეთრი ზრდის ფონზე, სახელმწიფოს ინტერესია ამ თანხების სრულფასოვანი დაბეგვრა და კონტროლი, თუმცა ეს რეფორმა ბიზნესის ხარჯზე არ უნდა განხორციელდეს.
პაპიაშვილი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ გამოწვევას გარდამავალი პერიოდი წარმოადგენს. ამჟამინდელი გეგმით, ძველი აპარატების გამოყენება 2028 წლის 1 მაისამდე იქნება შესაძლებელი, რაც ბიზნესისთვის დამატებით კითხვებს აჩენს.
"შეიძლება ზოგიერთმა მეწარმემ გუშინ შეიძინა სალარო აპარატი და დღეს გაიგო, რომ მას უკვე ორ წელზე ნაკლებ დროში ეს აპარატი აღარ დასჭირდება. ამიტომ, აქ გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ სასარგებლო გამოყენების ვადა, რაც არის ამ აპარატების, მაქსიმალურად მოხდეს მისი გახანგრძლივება... ნომერ პირველი დაინტერესებული მხარე ალბათ არის სახელმწიფო და ეს რეფორმა არ უნდა განხორციელდეს ბიზნესის ხარჯზე", - აღნიშნა მან.
გარდა სავაჭრო ობიექტებისა, ცვლილებები მნიშვნელოვნად შეეხებათ იმ სუბიექტებსაც, რომლებიც გაყიდვებს ავტომატური აპარატების (მათ შორის, ყავისა და ვენდინგ-აპარატების) მეშვეობით ახორციელებენ. დღეს მოქმედი საგადასახადო შეღავათი, რომელიც მათ სალარო აპარატების ჩაშენებისგან ათავისუფლებდა, უქმდება.
"ეს ნორმაც უქმდება, რაც ნიშნავს ფაქტობრივად იმას, რომ არა მარტო სავაჭრო ობიექტებში წესდება ახალი ტიპის აპარატების შემოღების ვალდებულება, არამედ ასეთი აპარატებით ვინც ახდენს საქონლის რეალიზაციას, მათაც ექნებათ ვალდებულება, რომ გარკვეული თანხა დახარჯონ, მათ შორის ინტეგრირება მოახდინონ ამ ახალ სისტემასთან", - განმარტავს "Kreston Georgia"-ს მმართველი პარტნიორი.
რაც შეეხება ბარათით გადახდის საკომისიოს მოსალოდნელ 0.3%-იან შემცირებას, პაპიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს მომხმარებლისთვის პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა არსებობს რისკი, რომ ბანკებმა ეს დანაკარგი სხვა გადასახადებისა და ტარიფების კორექტირებით დააკომპენსირონ.
"საკანონმდებლო დონეზე შეზღუდვა მხოლოდ ამ კონკრეტულ საკომისიოს ეხება... როგორი იქნება თუნდაც ბანკების რეაქცია ამაზე - რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები ამ მიმართულებით არსებობს", - განაცხადა დავით პაპიაშვილმა.
არლამენტში ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საქართველოში ახალი ტიპის უნივერსალური საკონტროლო-სალარო აპარატების სისტემა უნდა ამოქმედდეს, რომელიც დღემდე ცალ-ცალკე არსებული სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალის ფუნქციებს ერთ მოწყობილობაში გააერთიანებს. ბიზნესებს შესაბამის მოწყობილობებსა და მომსახურებას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კომისიის მიერ შერჩეული კომპანია მიაწვდის. კომისიაში წარმოდგენილი იქნებიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ეროვნული ბანკი.
BM.GE
წყარო: bm.ge