
რა იცვლება დღეიდან სავალუტო სესხებზე - ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია ძალაში შევიდა
დღეიდან, 1-ელი ივლისიდან, ძალაში შევიდა საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, მათ, ვისაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში აქვთ, 1 000 000 ლარამდე მოცულობის სავალუტო სესხის აღება სესხის გამცემი ორგანიზაციებიდანაც (მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სესხის გამცემი სუბიექტები და სხვ.) შეეზღუდათ.
აღნიშნული შეზღუდვა სებ-მა კომერციულ ბანკებს ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 6 მაისს დაუდგინა, დღეიდან კი ის სესხის გამცემ სხვა ორგანიზაციებზეც გავრცელდა. აქამდე მოქმედი ლიმიტით, სავალუტო დაკრედიტების ზღვარი არაჰეჯირებული (მსესხებლები, რომელთა შემოსავლისა და სესხის ვალუტა არ ემთხვევა) პირებისთვის 750 000 ლარს შეადგენდა.
ნათია თურნავას ბრძანების თანახმად, სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ 1 000 000 ლარამდე სესხი ან საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსესხებლის შემოსავალი სრულად არის დაცული კურსის მერყეობისგან.
„სესხების/საბანკო კრედიტების გადასახდელად საკმარის შემოსავალს მსესხებელი სრულად იღებს სესხის/საბანკო კრედიტის შესაბამის ვალუტაში. შემოსავალი ჩაითვლება სესხის/საბანკო კრედიტის შესაბამის ვალუტაში მიღებულად, თუ შემოსავლის წყარო სესხის/საბანკო კრედიტის ვადიანობის განმავლობაში არ არის მგრძნობიარე გაცვლითი კურსის მერყეობის მიმართ და მისი წარმოშობის წყარო დაკავშირებულია ისეთ ქვეყანასთან, რომელშიც სესხის/საბანკო კრედიტის ვალუტა არის ეროვნული ვალუტა“, - ნათქვამია ბრძანებაში.
ამასთან, სამეწარმეო მიზნობრიობით გაცემული კრედიტის შემთხვევაში, ორგანიზაციის შიდა პოლიტიკით განსაზღვრული სესხის მომსახურების ჯანსაღი კოეფიციენტი სრულად დაცული უნდა იყოს სესხის ვალუტაში არსებული შემოსავლით.
დღევანდელი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის დოლარიზაციის შემცირებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილია. ბოლო წლებში სავალუტო სესხებზე დაწესებული მინიმალური ზღვარი ეტაპობრივად იზრდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უცხოურ ვალუტაში სესხის აღება უფრო და უფრო მეტი მოცულობის კრედიტებზე იზღუდებოდა:
პერიოდი მოქმედი მინიმალური ზღვარი სავალუტო სესხზე 2024 წლამდე 200 000 ლარი 2024 წელი 400 000 ლარი 2025 წლის 1 იანვარი — 1 აგვისტო 500 000 ლარი 2025 წლის 1 აგვისტო — 2026 წლის 1 ივლისი 750 000 ლარი 2026 წლის 1-ლი ივლისიდან 1 000 000 ლარი
შესაბამისად, დღეიდან ამოქმედებული ცვლილებით, სავალუტო სესხების გაცემის მინიმალური ზღვარი კიდევ 250 000 ლარით გაიზარდა და 1 მილიონ ლარს გაუტოლდა.
BM.GE
წყარო: bm.ge