
რა მდგომარეობაშია ირანის ეკონომიკა და როგორ ინარჩუნებს მთავრობა ძალაუფლებას?
ირანის ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკა დღეს უპრეცედენტო, მრავალმხრივი წნეხის ქვეშ იმყოფება, სადაც ფასების მკვეთრი ზრდა, ეროვნული ვალუტის კატასტროფული გაუფასურება და ეკონომიკური აქტივობის დრამატული შემცირება ერთმანეთს ერწყმის და ემატება.
აშშ-სთან კონფლიქტის ესკალაციისა და საერთაშორისო სანქციების გამკაცრების ფონზე, ირანი ამჟამად უპრეცედენტო გამოწვევების წინაშეა. თუმცა მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ისევ ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას, რაც სამწუხარო სასწაულს წარმოადგენს.
ცხადია, წელს ირანის მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკა რეცესიულ ფაზაშია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ირანის ეკონომიკა უკვე 2.7%-ით შემცირდა. თუკი IMF-ის პროგნოზს დავუჯერებთ, 2026 წელს ირანი ეკონომიკის 5.4%-იანი ვარდნით დაასრულებს, რაც თანამედროვე ირანის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი იქნება.
ამასთან, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წელს ირანში სასურსათო ინფლაციამ წლიურ 100%-ს მიაღწია, მაშინ როცა საერთო საბაზისო ინფლაციის დონე 62%-ს შეადგენს. IMF-ის პროგნოზით, 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 70%-მდე გაიზრდება, რაც საცხოვრებელ პირობებს გაუსაძლისს გახდის, რადგან ქვეყანაში ფასები ფაქტობრივად ყოველდღიურად გაიზრდება. ბუნებრივია, ეს ნახტომი პირდაპირ უკავშირდება ვალუტის გაუფასურებას, ინფლაციურ მოლოდინებსა და იმპორტსა და ექსპორტზე საერთაშორისო შეზღუდვების ამოქმედებას.
ამ ყველაფერთან ერთად, სავალუტო ბაზარზე ირანულმა რიალმა ისტორიული კრახი განიცადა. ცოტა ხნის წინ, ერთი ამერიკული დოლარის გასაყიდმა ღირებულებამ 2.6 მილიონ რიალს მიაღწია. რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში ვალუტამ ღირებულების ნახევარ დაკარგა, ხოლო ბოლო 2 წელიწადში - მსყიდველობითი უნარის 99.9%. ამ მაჩვენებლით ირანი გლობალური ლიდერია და მასზე უარესი შედეგი არცერთ სხვა დიდ სახელმწიფოს არ აქვს.
რაც ყველაზე უარესია, აშშ-ის სანქციების გეოგრაფია და მასშტაბები მუდმივად ფართოვდება, რაც ირანს გლობალური ეკონომიკური სისტემისგან სრულ იზოლაციაში აქცევს. ამჟამად ირანის წინააღმდეგ იმდენად მკაცრი ზომებია ამოქმედებული, რომ ნებისმიერი ქვეყანა, კომპანია, ორგანიზაცია თუ კერძო პირი, რომელიც ირანის დახმარებას, მასთან ვაჭრობას, იქ ინვესტირებას და მის მთავრობაზე ფულის სესხებას შეეცდება, აუცილებლად აღმოჩნდება ამერიკის სანქციების წინაშე, რასაც, ცხადია, მსოფლიოში ყველა ერიდება.
მკაცრი ემბარგოს და ჰორმუზის სრუტეში ამერიკული სამხედრო ძალების ყოფნის მიუხედავად, ნავთობის ექსპორტი ირანული ისლამისტური რეჟიმის გადარჩენის მთავარ არტერიად ისევ რჩება. მართალია, ამჟამად ირანიდან ნავთობის ექსპორტი კრიტიკულად შემცირებულია, თუმცა ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, ის რეზერვი, რომელიც ახლა მთავრობას აქვს, სწორედ ჩრდილოვანი ფლოტის დახმარებით ნავთობის ექსპორტზე გატანით არის დაფინანსებული.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ახალი მიზანი ირანის სანავთობო ინდუსტრიის შეზღუდვაა, რომლის გარეშე ქვეყანას შემოსავლის ბოლო წყარო გაუქრება და მთავრობა ფაქტობრივად სრულ ეკონომიკურ იზოლაციაში აღმოჩნდება.
უნდა აღინიშნოს, რომ ირანის ეკონომიკური პრობლემების მხოლოდ სანქციებისათვის დაბრალება სრულ და ზუსტ სურათს არ იძლევა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევამ აჩვენა, რომ ინფლაციის თუ ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრობლემა ირანში ამერიკული სანქციების ამოქმედებამდეც იყო, რასაც მთავრობის არასწორი პოლიტიკა, სასამართლოს ფაქტობრივი არარსებობა და საერთაშორისო ინვესტორების უნდობლობა განაპირობებდა. ამ ფუნდამენტური პრობლემების დროებით გადასაჭრელად, როგორც წესი, ისლამური რეჟიმი ფულის ბეჭდვას მიმართავდა, რომელმაც, საბოლოო ჯამში, ვალუტის დევალვაცია და ჰიპერინფლაცია გამოიწვია.
და მაინც, არის თუ არა რეჟიმი დამხობის პირას? - კლასიკური ეკონომიკური ლოგიკით, 100%-იანი სასურსათო ინფლაცია, ეკონომიკის 5.4%-იანი კლება და ეროვნული ვალუტის რეკორდული, 99.9%-იანი გაუფასურება, მთავრობის მყისიერ კოლაფსს უნდა იწვევდეს. თუმცა, ირანის პოლიტიკური სისტემა ეკონომიკურ ლეგიტიმაციაზე აღარ არის დამოკიდებული. ხელისუფლება იყენებს უკიდურესად ცენტრალიზებულ და რეპრესიულ აპარატს, რომელიც ძალაუფლებას ძალადობის გზით ინარჩუნებს.
სანამ სამხედრო ელიტა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ახერხებენ ჩინური ნავთობტრანზაქციებიდან, კრიპტოვალუტებიდან და კონტრაბანდული ქსელებიდან ძალაუფლების შესანარჩუნებელი რესურსების მობილიზებას, რეჟიმი მანამდე ინარჩუნებს უნარს, ფიზიკური ძალით ჩაახშოს ეკონომიკური სასოწარკვეთით გამოწვეული ნებისმიერი საპროტესტო ტალღა და საკუთარი აღსასრული დროებით მაინც გადაავადოს.
BM.GE
წყარო: bm.ge