
რა პირობებით გაიცემა დევნილებზე 10 000 ლარი? - ჯანდაცვის სამინისტრომ ბრძანება გამოსცა
ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო ბრძანება მთავრობის მიერ დაანონსებულ ახალ პროგრამაზე, რომლითაც დევნილი ოჯახები ბინის სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას მიიღებენ. კომპენსაციის ოდენობა თითოეული ოჯახის წევრზე 10 ათას ლარს შეადგენს.
ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ბრძანებით დადგინდა ის პირობები, რის შედეგად ოჯახები სახელმწიფოსგან თანხას მიიღებენ. კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კომპენსაციის გაცემა განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა განხორციელდება.
კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახებს არ უსარგებლიათ დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის რომელიმე სახელმწიფო პროგრამით და განაცხადში მოცემული ინფორმაცია ოჯახის შემადგენლობის შესახებ შეესაბამება მონიტორინგის შედეგად დადგენილ რეალურ ვითარებას.
ეს ნიშნავს, რომ თუ ოჯახს სახელმწიფოსგან არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან კომპენსაცია, ექნება უფლება სამინისტროს შესაბამის სააგენტოში შეიტანოს განაცხადი საცხოვრისის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ.
კომპენსაციით უზრუნველყოფის მიზნით დევნილი ოჯახი ავსებს სპეციალურ განაცხადის ფორმას. განაცხადების მიღების ვადებს, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოჯახების რაოდენობასა და რიგითობას ყოველწლიური საბიუჯეტო ასიგნებების გათვალისწინებით ადგენს შესაბამისი კომისია.
"დეპარტამენტის მიერ იდენტიფიცირებისა და გადამოწმების შემდეგ, განაცხადები მონიტორინგის დეპარტამენტს გადაეცემა. საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცემა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო იმ ოჯახებს, რომელთა განაცხადიც არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება წერილობით ეცნობებათ. იმ დევნილ ოჯახებს, რომელთა განაცხადიც კომისიის მიერ არ დაკმაყოფილდა ეცნობება წერილობით", - წერია ბრძანებაში.
BM.GE
წყარო: bm.ge