მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა რეკომენდაციები აქვს IMF-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების ინდექსის დათვლასთან დაკავშირებით
რა რეკომენდაციები აქვს IMF-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების ინდექსის დათვლასთან დაკავშირებით

რა რეკომენდაციები აქვს IMF-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების ინდექსის დათვლასთან დაკავშირებით

BM.GE29 ოქტომბერი, 2026, 20:31|bm.ge

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის (საქსტატი) საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაზე მომზადებული ტექნიკური მისიის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი უძრავი ქონების ფასების სტატისტიკის დაფარვის გაფართოებას, არსებული საცხოვრებელი ქონების ინდექსში ჩართვასა და გაქირავების ფასების ცალკე ინდიკატორის შემუშავებას ეხება.

სავალუტო ფონდის სტატისტიკის დეპარტამენტის ტექნიკური მისია საქართველოში 2026 წლის 13-24 აპრილს მუშაობდა. ანგარიშის თანახმად, საქსტატი ამჟამად საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსს (RPPI) თბილისის ახალაშენებული და მშენებარე ბინებისა და კერძო სახლების შესახებ მონაცემებზე დაყრდნობით ითვლის. ინფორმაციის ძირითადი წყარო ვებგვერდი ss.ge-ა, საიდანაც მონაცემები ავტომატური ჩამოტვირთვის მეთოდით გროვდება. შესაბამისად, ინდექსი განცხადებებში მითითებულ შეთავაზების ფასებს ასახავს და არა უშუალოდ დადებული გარიგებების ღირებულებას.

IMF-ის რეკომენდაციით, საქსტატმა ინდექსში არსებული საცხოვრებელი ქონებაც უნდა გაითვალისწინოს. ახალი მეთოდოლოგიის ფარგლებში, ფასების დინამიკა როგორც ახალ, ისე უკვე ექსპლუატაციაში არსებულ ბინებსა და კერძო სახლებზე გაანგარიშდება. სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, არსებული საცხოვრებელი ქონების მონაცემები ინდექსში 2027 წლის პირველი კვარტლის მონაცემების გამოქვეყნებისას უნდა ჩაერთოს, განახლებული შედეგების საჯაროდ გამოქვეყნება კი 2027 წლის აპრილისთვის არის დაგეგმილი. მანამდე საქსტატი ახალ ინდექსებს ერთი წლის განმავლობაში შიდა გამოყენებისთვის პარალელურად დაითვლის.

მეთოდოლოგიური ცვლილებები ასევე ითვალისწინებს უძრავი ქონების ფასების მონაცემების დამატებითი წყაროდან მიღებას. საქსტატი ყოველთვიურ ინფორმაციას უკვე იღებს myhome.ge-დანაც, თუმცა აღნიშნული მონაცემები მხოლოდ ბინებს მოიცავს. ანგარიშის თანახმად, ამ წყაროზე დაყრდნობით გაანგარიშებული ინდექსები თავდაპირველად შიდა გამოყენებისთვის იქნება განკუთვნილი ან ძირითადი წყაროდან მონაცემების მიღების შეფერხების შემთხვევაში სარეზერვო ფუნქციას შეასრულებს.

სავალუტო ფონდი საქსტატს ურჩევს, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი ორი მიმართულებით დაყოს: ერთი ევროკავშირის სტატისტიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში ახალ და არსებულ საცხოვრებელ ქონებას განასხვავებს, მეორე კი ცალკე გამოყოფს ბინებისა და კერძო სახლების ფასების დინამიკას. ფონდის შეფასებით, ორივე მიდგომის გამოყენება სტატისტიკის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებასთან ერთად უძრავი ქონების ბაზრის უფრო დეტალური ანალიზის შესაძლებლობას შექმნის.

ანგარიშში საუბარია გაქირავების ბაზრის სტატისტიკის განვითარებაზეც. საქსტატი საცხოვრებელი ბინების გაქირავების ფასების შესახებ მონაცემებს უკვე აგროვებს. IMF-ის რეკომენდაციით, ამ ინფორმაციის საფუძველზე უნდა შეიქმნას გაქირავების ფასების ინდექსი და ფასისა და ქირის თანაფარდობის მაჩვენებელი, რომელიც უძრავი ქონების შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორია და ბაზარზე შესაძლო საფასო ბუშტების გამოვლენისთვის გამოიყენება.

სავალუტო ფონდი უძრავი ქონების ფასების სანდო ინდექსებს ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შეფასებისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მიიჩნევს. ანგარიშის მიხედვით, ფასების სწრაფი ზრდა შესაძლოა ბაზარზე რისკების დაგროვებაზე მიუთითებდეს, ხოლო მკვეთრი კლება ეკონომიკური აქტივობის შესუსტებას უკავშირდებოდეს. გაუმჯობესებული სტატისტიკა ცენტრალურ ბანკებსა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციებისა და ფინანსურ სექტორზე მათი შესაძლო გავლენის შეფასებაში დაეხმარება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთმა აზოვის ზღვით მარცვლეულის ექსპორტი განაახლა

რუსეთმა აზოვის ზღვით მარცვლეულის ექსპორტი განაახლა

BM.GE

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ინგლისის ბანკისგან $1.9 მილიარდის ოქროს დაბრუნება მოითხოვა

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ინგლისის ბანკისგან $1.9 მილიარდის ოქროს დაბრუნება მოითხოვა

BM.GE

ლილოს ნაგავსაყრელზე გამოვლენილი დარღვევებისთვის "თბილსერვისი" დააჯარიმეს

ლილოს ნაგავსაყრელზე გამოვლენილი დარღვევებისთვის "თბილსერვისი" დააჯარიმეს

BM.GE

NEXT-მა პრინსტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობა დაიწყო – 2027 წლიდან კომპანია არქიტექტურისა და დიზაინის სტუდენტებს უმასპინძლებს.

NEXT-მა პრინსტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობა დაიწყო – 2027 წლიდან კომპანია არქიტექტურისა და დიზაინის სტუდენტებს უმასპინძლებს.

BM.GE