
რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა 2027 წლისთვის დაგეგმილ საგადასახადო ცვლილებებზე? - განმარტება
ბიზნესსუბიექტებისთვის ფინანსური დაგეგმვის პროცესში მნიშვნელოვანია იმ საგადასახადო რეგულაციების გათვალისწინება, რომლებიც ძალაში ეტაპობრივად შედის - მათ შორისაა წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილების მიღების საფასურის გაორმაგება, რაც 2027 წლის 1 იანვრიდან არის განსაზღვრული - ამის შესახებ გადაცემა "საქმიან დილაში" "კორა კონსალთინგის" საგადასახადო ექსპერტმა, გიორგი კობიაშვილმა ისაუბრა.
2027 წლიდან იურიდიული პირებისთვის წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილების საფასური არსებული 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდე გაიზრდება, ხოლო ფიზიკური პირებისთვის - 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდე. ექსპერტი აღნიშნავს, რომ ვინაიდან ტარიფი არ არის დიფერენცირებული კომპანიის ზომის მიხედვით, მცირე ბიზნესსა და სტარტაპებს საგადასახადო უწყებიდან ამ სამართლებრივი გარანტიის მისაღებად ბიუჯეტის წინასწარ დაგეგმვა დასჭირდებათ.
გიორგი კობიაშვილმა დამატებით განმარტა წინასწარი გადაწყვეტილების კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული პრაქტიკული ასპექტი. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ გადამხდელზე გაცემული ახსნა-განმარტება კონფიდენციალურია და მხოლოდ მას ეხება, საგადასახადო ორგანო ვალდებულია, იდენტურ ოპერაციებზე სხვა პირების მიმართაც იგივე მიდგომა გამოიყენოს. ეს გარემოება გადამხდელებისთვის დამატებით სამართლებრივ ორიენტირს ქმნის.
"საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია წინასწარი გადაწყვეტილების კონფიდენციალურობა, რომ ის განეკუთვნება მხოლოდ და მხოლოდ იმ პირს, რომელიც მიმართავს საგადასახადო ორგანოს; საგადასახადო ორგანო ვალდებულია, რომ იგივე ოპერაციაზე სხვა პირის მიმართ იგივე მიდგომა გამოიყენოს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამ პირმა არ იცოდეს ეს ინფორმაცია, არ ჰქონდეს წვდომა მასზე, ვინაიდან ის კონფიდენციალური ინფორმაციაა", - ამბობს კობიაშვილი.
გარდა ამისა, ექსპერტმა ყურადღება ბოლო პერიოდში ამოქმედებულ სხვა რეგულაციებზეც გაამახვილა, რომელთა პრაქტიკაში გამოყენებაც სიზუსტეს მოითხოვს:
"როგორც უკვე გაჟღერდა, ცვლილება შევიდა საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის, გაცვლის, ბარტერული ოპერაციების დღგ-თი დაბეგვრის საკითხში, სადაც შეიცვალა დღგ-თი დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის ახლანდელი მოდელი. ასევე ცვლილება შეეხო ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელი სახლის და ბინის რეალიზაციას და უფრო მეტწილად დაზუსტდა ამ შემთხვევაში საჯარო გადაწყვეტილებით ნამეტი შემოსავლის გაანგარიშება. საცხოვრებელი სახლის და ბინის რეალიზაციის შემთხვევაში განაკვეთი შეადგენს 5%-ს, ხოლო არასაცხოვრებელი ფართის რეალიზაციის შემთხვევაში - 20%-ს. აქ მნიშვნელოვანი დაზუსტება შევიდა და ჩამოყალიბდა, განისაზღვრა კრიტერიუმები, თუ რა შემთხვევაში შეიძლება აღიარდეს უძრავი ქონება საცხოვრებელ სახლად და ბინად, ხოლო რა შემთხვევაში შეიძლება აღიარდეს სხვა აქტივად", - განმარტავს გიორგი კობიაშვილი.
სპეციალისტების შეფასებით, წინასწარი გადაწყვეტილების მიღება საოპერაციო საქმიანობაში საგადასახადო რისკების შემცირების ეფექტური გზაა, ვინაიდან მისი ძალაში შესვლის შემდეგ აუდიტორებს აღარ აქვთ უფლება, შეცვალონ მიღებული პოზიცია ან მოახდინონ მისი განსხვავებული ინტერპრეტაცია.
BM.GE
წყარო: bm.ge