მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "პასუხისმგებელ პირთა სია ბევრად უფრო სოლიდური უნდა იყოს" - ქეთი ენუქიძე სისტემურ კორუფციაზე
"პასუხისმგებელ პირთა სია ბევრად უფრო სოლიდური უნდა იყოს" - ქეთი ენუქიძე სისტემურ კორუფციაზე

"პასუხისმგებელ პირთა სია ბევრად უფრო სოლიდური უნდა იყოს" - ქეთი ენუქიძე სისტემურ კორუფციაზე

BM.GE20 ივნისი, 2026, 21:48|bm.ge

სახელმწიფო კომპანიებსა და სააქციო საზოგადოებებში არსებული გაუმჭვირვალობა და ანგარიშვალდებულების დაბალი ხარისხი მასშტაბური დარღვევების სისტემურ საფუძველს ქმნის - ამის შესახებ კორუფციის მკვლევარმა ქეთი ენუქიძემ "ანალიტიკას" ეთერში, სუს-ის მიერ "საქართველოს რკინიგზის" ყოფილი გენერალური დირექტორის, დავით ფერაძისა და კიდევ 7 პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის კონტექსტში ისაუბრა.

მკვლევარი აღნიშნავს, რომ საზოგადოებას და ხშირად სახელმწიფო უწყებებსაც კი, არ აქვთ წვდომა ამ ტიპის საწარმოების ფინანსურ საქმიანობაზე.

"მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური პერიოდულად ასაჯაროებდა შესაბამისობის თუ ფინანსურ ანგარიშებს, თავად ამ უწყებასაც კი არ ჰქონდა სრული წვდომა გარკვეული ტიპის სააქციო საზოგადოებების საქმიანობასთან, ჩვენზე [მკვლევრებზე] ხომ საუბარიც ზედმეტია.

პირადად მქონდა მცდელობა, გარკვეულ საკითხებზე ინფორმაცია მიმეღო და ნავთობპროდუქტების სააქციო საზოგადოებას მივმართე. პასუხი საკმაოდ ცინიკური იყო - ხელმძღვანელობას ჰქონდა სამართლებრივი შესაძლებლობა, არ გაეცა პასუხი და ამ უფლებას აქტიურად იყენებდა", - აცხადებს ქეთი ენუქიძე.

მისი თქმით, სანამ სახელმწიფო საწარმოებში ფუნდამენტური რეფორმა არ განხორციელდება, მსგავსი რისკები ყოველთვის მაღალი იქნება.

"თუ არ განხორციელდება სისტემური ცვლილებები სახელმწიფო კომპანიებსა და ააიპ-ებში და მათ არ ექნებათ ისეთივე ანგარიშვალდებულება, როგორიც სხვა საჯარო უწყებებს ან სამინისტროებს აქვთ, მდგომარეობა არ შეიცვლება. ამ ტიპის სააქციო საზოგადოებებში კოლოსალური ფინანსური რესურსი ბრუნავს. მათ აქვთ სამეთვალყურეო საბჭოები და აქ მხოლოდ რვა ადამიანზე და იმ კომპანიებზე არ არის საუბარი, რომლებიც ამ პროცესში საკუთარი ნებით მონაწილეობდნენ. სინამდვილეში, პასუხისმგებელ პირთა სია ბევრად უფრო სოლიდური უნდა იყოს. სქემა იმგვარად იყო დაგეგმილი, რომ ეჭვები არავის გაჩენოდა - მაგალითად, შავ მეტალსაც კი სპეციალურად ჭრიდნენ, რათა ერთიანი მასშტაბის ეფექტი არ შექმნილიყო და დაინტერესებულ პირებს ან მედიას კითხვები არ გასჩენოდათ", - განმარტავს მკვლევარი.

ქეთი ენუქიძე ყურადღებას მმართველი გუნდის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეც ამახვილებს და აღნიშნავს, რომ სამთავრობო კაბინეტის ცვლილება მმართველ პარტიას პასუხისმგებლობისგან ვერ ათავისუფლებს.

"ახალ სამთავრობო კაბინეტს აბსოლუტურად არ აქვს გაცნობიერებული, რომ ვალდებულია პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარი პარტიის ჩინოვნიკებისა და დანიშნული პირების საქმიანობაზე. ისინი ისე იქცევიან, თითქოს ეს დარღვევები სხვა პირების ჩადენილია და რაკი კაბინეტი შეიცვალა, პასუხისმგებლობაც მოეხსნათ. თუმცა ხელისუფლება არ შეცვლილა - "ქართული ოცნება" მაშინაც მართავდა ქვეყანას და არჩევნებიდან არჩევნებამდე მოქალაქეებს არწმუნებდა, რომ ქვეყანა წარმატებით იმართებოდა და არანაირი კორუფცია არ არსებობდა", - აცხადებს ის.

მისივე შეფასებით, სამოქალაქო სექტორის მხრიდან კორუფციულ რისკებზე მინიშნებას ხელისუფლება წლების განმავლობაში თავდასხმით პასუხობდა.

"სამოქალაქო სექტორი კვლევებში კორუფციულ რისკებზე ყოველთვის პასუხისმგებლობითა და რეკომენდაციების სახით მიუთითებდა, რადგან კარგად გვქონდა გააზრებული ამ სიტყვის წონა. თუმცა ამით არავინ დაინტერესებულა. პირიქით, ხდებოდა თავისუფალი სიტყვისა და სამოქალაქო აზრის დევნა, ისმოდა ბრალდებები პარტიული კუთვნილებისა თუ პიროვნული შეფასებების კონტექსტში.

საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ თავად არიან უმძიმეს ვითარებაში. ამას კორუფციას დაარქმევენ თუ სხვა რამეს, მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც საქმე ეხება ყოფილ ორგზის პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის ყოფილ მინისტრსა თუ სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს, რომლებმაც წლების განმავლობაში დაიკავეს ეს პოზიციები, ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს უჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება დაიჯერო, რომ ხელისუფლებას ქვეყანაში არსებულ რეალურ ვითარებაზე წარმოდგენა არ ჰქონდა?",- აღნიშნა ქეთი ენუქიძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ "საქართველოს რკინიგზის" ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. გამოძიება მიმდინარეობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების მუხლებით, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იმიტომ არ იზრდება კეთილდღეობის მაჩვენებელი, რომ კორუფცია სისტემური პრობლემაა - ზვიად ქორიძე

იმიტომ არ იზრდება კეთილდღეობის მაჩვენებელი, რომ კორუფცია სისტემური პრობლემაა - ზვიად ქორიძე

BM.GE

პენტაგონი კონგრესისგან ირანის ომისა და სხვა ხარჯებისთვის $80 მილიარდს ითხოვს - WSJ

პენტაგონი კონგრესისგან ირანის ომისა და სხვა ხარჯებისთვის $80 მილიარდს ითხოვს - WSJ

BM.GE

რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა 2027 წლისთვის დაგეგმილ საგადასახადო ცვლილებებზე? - განმარტება

რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა 2027 წლისთვის დაგეგმილ საგადასახადო ცვლილებებზე? - განმარტება

BM.GE

რა ღირს ნავთობი?

რა ღირს ნავთობი?

BM.GE