
რა ზიანს აყენებს ეკონომიკას ექსტრემალური სიცხე?
გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეულმა ექსტრემალურმა სიცხემ ევროპის ეკონომიკას გასულ წელს $43 მილიარდის ზარალი მიაყენა და რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 0.26%-ით შეამცირა.
როგორც ირკვევა, ეკონომიკური საქმიანობის მკვეთრი ვარდნა, მეტწილად, სამუშაო პროცესების იძულებითმა შეზღუდვამ და სატრანსპორტო ქსელების შეფერხებამ გამოიწვია.
ნიდერლანდური ბანკის, ING-ის ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ სიცხეების გამო მიღებული მტკივნეული გადაწყვეტილებები, როგორიცაა საჯარო ღონისძიებების გაუქმება, პანდემიაზე არანაკლებ აზიანებს ქვეყნებს.
სადაზღვევო კომპანია Allianz-მა რამდენიმე თვის წინ ჩაატარა კვლევაც, რომლის მიხედვითაც, თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდა, ეს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საფრანგეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების ეკონომიკის 5%-დან 7%-მდე შემცირებას გამოიწვევს. უარყოფითი მოლოდინი აქვს საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკსაც, რომლის შეფასებითაც, კლიმატური ცვლილებები სახელმწიფო ბიუჯეტების მთავარ ფისკალურ გამოწვევად იქცევა. ფინანსური ინსტიტუტის სპეციალისტების შეფასებით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას, საგანგებო სამსახურების დაფინანსებასა და სკოლებში გაგრილების სისტემების დამონტაჟებას მთავრობების ფინანსურ რესურსებზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა აქვს.
ეკონომიკაზე ექსტრემალური სიცხის უარყოფით გავლენას ადასტურებს გასულ წელს ჩატარებული კიდევ ერთი აკადემიური კვლევაც, რომლის თანახმადაც, 2022 წლის სიცხის ტალღამ ევროპაში სასურსათო ინფლაციის მაჩვენებელი 0.67 პროცენტული პუნქტით გაზარდა. იაპონური ბანკის, Nomura-ს ევროპული მიმართულების მთავარი ეკონომისტის, ჯორჯ ბაკლის განცხადებით, კლიმატური ცვლილებების ფონზე ფასების ზრდის კონტროლი რთულდება. ექსპერტის განმარტებით, ინფლაციური წნეხი და სურსათზე გაზრდილი ფასები ცენტრალური ბანკების საპროცენტო განაკვეთებზე პირდაპირ გავლენას ახდენს.
აღსანიშნი ფაქტია, რომ არსებობენ რიგი ინდუსტრიები, რომლებიც ამ ვითარებაშიც კი ახერხებენ ფინანსური სარგებლის მიღებას. როგორც The Wall Street Journal-ის სტატიიდან ვიგებთ, მაღალი ტემპერატურის ფონზე კინოთეატრებისა და გაგრილების სისტემების ინდუსტრიის მოგება იზრდება. ბრიტანული კინოქსელის, Vue-ს მონაცემებით, გრილ შენობებში თავშესაფრის ძიების გამო ბილეთების გაყიდვებმა წლიურად უკვე 33%-ით მოიმატა და მისი შეფასებით, ეს ტენდენცია შენარჩუნდება.
BM.GE
წყარო: bm.ge