
"რაჭას ოთხივე სეზონზე შეუძლია სტუმრების მიღება" - "არტ რაჭა" ზამთრის ტურიზმის განვითარებას ითხოვს
რაჭის ტურისტული პოტენციალი მხოლოდ ზაფხულის სეზონით არ უნდა შემოიფარგლოს და რეგიონში ზამთრის ტურიზმისთვის ახალი სერვისებისა და ღონისძიებების შექმნაა საჭირო, - ამის შესახებ BMGTV - ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში მდებარე საოჯახო სასტუმრო „არტ რაჭას“ დამფუძნებელმა მარიამ ჭარხალაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, რეგიონს ოთხივე სეზონზე სტუმრების მიღების შესაძლებლობა აქვს, თუმცა ამისთვის ტურისტული პროდუქტის დამატება და უფრო აქტიური მარკეტინგული და PR კამპანიებია საჭირო.
„ვფიქრობ, რაჭას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, რომ ოთხივე სეზონზე სტუმრებს უმასპინძლოს, რადგან ოთხივე სეზონი არის თავისებურად ლამაზი, გამორჩეული. განსაკუთრებით ზაფხულში ბევრ სტუმარს მასპინძლობს, არანაკლები არის შემოდგომაზეც, მაგრამ კარგი იქნება, თუ ზამთარშიც განვითარდება ტურისტული მიმართულებები, დაემატება სხვადასხვა სერვისები“, - განაცხადა ჭარხალაშვილმა.
მისი თქმით, ზამთარში ვიზიტორების მოსაზიდად მხოლოდ ბუნებრივი რესურსი საკმარისი არ არის და რეგიონმა დამატებითი გასართობი შეთავაზებები უნდა შექმნას.
„ამისათვის ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი არის სხვადასხვა PR და მარკეტინგული აქტივობების შეთავაზება, ასევე გასართობი სერვისების შექმნა, რათა ახალგაზრდა სტუმრებისთვის განსაკუთრებით მოთხოვნადი და საინტერესო არის ხოლმე სხვადასხვა კონცერტების, ღონისძიებების დაგეგმვა, რაც სტუმრების მოზიდვას საკმაოდ ხელს უწყობს“, - აღნიშნა მან.
„არტ რაჭას“ შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი მიზანი სტუმრების რეგიონში დარჩენის ხანგრძლივობის გაზრდაა. როგორც სასტუმროს დამფუძნებელი ამბობს, ვიზიტორები ხშირად რაჭაში მოკლე პერიოდით ჩერდებიან, მაშინ როდესაც რეგიონში გაცილებით მეტი ადგილია სანახავი და მოსანახულებელი.
„დიდი სურვილი გვაქვს, რომ საკმაოდ ჩვენთან მოდიან სტუმრები, რომლებიც მოკლე პერიოდით რჩებიან ხოლმე რაჭაში. და მე დიდი სურვილი მაქვს, რომ უფრო ხანგრძლივი პერიოდით დარჩნენ ხოლმე და ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული მარკეტინგული, სხვადასხვა PR კამპანიების დაგეგმვა ხელს შეუწყობს ამ ვადების გაზრდას, რადგან რაჭაში საკმაოდ ბევრი ადგილი არის აღმოსაჩენი“, - განაცხადა ჭარხალაშვილმა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით სასტუმრო სტუმრებს სხვადასხვა ტურებს სთავაზობს, რათა მათ რეგიონში უფრო მეტი დროის გატარების მოტივაცია ჰქონდეთ. შეთავაზებები მოიცავს როგორც ბუნებრივი ადგილების, ისე კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების გაცნობას.
„როგორც ქართველ, ასევე ჩვენს შემთხვევაში ევროპელ სტუმრებში ვხედავთ ამ პოტენციალს და ვცდილობთ ხოლმე, რომ შევთავაზოთ სხვადასხვა ტურები. და ვაჩვენოთ, რამდენად მიმზიდველი არის ის ადგილები, რომელიც მოსანახულებელი და აღმოსაჩენი არის რაჭაში - როგორც ვიზუალური თვალსაზრისით, ასევე კულტურული, ისტორიული თვალსაზრისით და ვცდილობთ შესაბამისი მოკლე ვიდეოები, ფოტო, ტექსტური ინფორმაციები შევთავაზოთ ხოლმე მათ“, - ამბობს ის.
ჭარხალაშვილის შეფასებით, უცხოელი ტურისტებისთვის რაჭა შესაძლოა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდეს, როგორც ნაკლებად ცნობილი მიმართულება : „წელს, მაგალითად, ერთი სტუმარი ამერიკიდანაც გვყავდა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის იყო როგორც დამალული საგანძური“, - განაცხადა მან.
სასტუმრო ასევე ხედავს მცირე ჯგუფების მიმართულების განვითარების შესაძლებლობას. „არტ რაჭას“ დაახლოებით 14 სტუმარზე აქვს გათვლა, რის გამოც ბიზნესის სამიზნე ამ მიმართულებით დიდი ჯგუფების ნაცვლად მცირე ტურისტული ჯგუფებია : „ძირითადად უფრო ჩვენს შემთხვევაში მცირე ჯგუფებზე გვაქვს გათვლა, რადგან სასტუმრო გათვლილი არის დაახლოებით 14 სტუმარზე და ამიტომ მცირე ჯგუფებთან გვაქვს ხოლმე თანამშრომლობა“, - აღნიშნა ჭარხალაშვილმა.
სასტუმროს განვითარების ერთ-ერთი მიმართულება ტურისტებისთვის გიდის მომსახურებისა და ტურების შეთავაზების გაფართოებაც იქნება. „არტ რაჭამ“ გიდის ფუნქციის მქონე თანამშრომლის მომსახურება პირველად გასულ წელს დაამატა, ხოლო მიმდინარე წელს, დამფუძნებლის თქმით, სერვისი კვლავ პოპულარული იყო.
„შარშან პირველად გვქონდა ისეთი სერვისი, რომ გვყავდა თანამშრომელი, რომელიც გამყოლის, გიდის ფუნქციას ითავსებდა. შარშან შევთავაზეთ პირველად ეს სერვისი, წელსაც საკმაოდ პოპულარული იყო და, რა თქმა უნდა, მომავალშიც კიდევ უფრო განვავითარებთ ამ მიმართულებასაც და უფრო მრავალფეროვან სერვისებს შევთავაზებთ სტუმრებს“, - განაცხადა მან.
ჭარხალაშვილის თქმით, რაჭაში ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რეგიონში არსებულ შესაძლებლობებს მეტი კომუნიკაცია და მარკეტინგული მხარდაჭერა მოჰყვეს. მისი შეფასებით, ამ გზით შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ მეტი ტურისტის მოზიდვა, არამედ მათ რეგიონში უფრო ხანგრძლივად დარჩენის წახალისებაც.
„არტ რაჭას“ დამფუძნებლის თქმით, საბოლოო მიზანი სწორედ ისეთი ტურისტული პროდუქტის შექმნაა, რომელიც ვიზიტორს მხოლოდ ზაფხულის რამდენიმე დღით ჩამოსვლის ნაცვლად, რაჭაში უფრო ხანგრძლივი პერიოდის გატარების მიზეზს მისცემს.
BM.GE
წყარო: bm.ge