
რამ გამოიწვია კრიპტოვალუტების მკვეთრი გაუფასურება
კრიპტოვალუტების ბაზარზე მკვეთრი კორექცია ფიქსირდება, რის შედეგადაც ბიტკოინის ფასი $61,000-მდე დაეცა. გასული დღეების განმავლობაში კრიპტოაქტივის ღირებულება ორწლიან მინიმუმამდე, $55,000-მდეც კი დაეცა, რაც 2025 წლის ოქტომბრის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, ფასის განახევრებას ნიშნავს.
ანალოგიური ტენდენცია შეინიშნება ეთერიუმის შემთხვევაშიც, რომელიც ამჟამად დაახლოებით $1,700-ად ივაჭრება და გასული წლის ოქტომბრიდან 60%-ზე მეტით არის გაუფასურებული.
კრიპტობაზრის ვარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გლობალური მაკროეკონომიკური წნეხია. მაღალმა ინფლაციამ, დოლარის გამყარებამ და აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის მოლოდინმა ინვესტორებს სარისკო აქტივების გაყიდვისკენ უბიძგა. შედეგად, ტექნოლოგიური კომპანიების აქციებთან ერთად კრიპტოაქტივებიც გაუფასურდა, ხოლო ინვესტორებმა კაპიტალი კრიპტოფონდებიდან გამოიტანეს და მოკლევადიან სახაზინო ობლიგაციებში გადაიტანეს.
როგორც ყოველთვის, ფასების კლებამ ბაზარზე იძულებითი ლიკვიდაციების ტალღა გამოიწვია და მხოლოდ 24 საათში ტრეიდერებმა $1 მილიარდზე მეტი დაკარგეს. ბაზარზე არსებული ლიკვიდობის შემცირების ფონზე, ლევერიჯის გამოყენებით გახსნილი პოზიციების მასობრივმა დახურვამ ფასების ვარდნა კიდევ უფრო მეტად დააჩქარა.
რაც შეეხება ინდუსტრიის შიდა ფაქტორებს, ინვესტორთა ნდობა კრიპტობირჟა Binance-ზე მომხდარმა რეკორდულმა, $6.3-მილიარდიანმა კიბერთავდასხმამ და ბირჟა BitMart-ის დახურვამაც შეარყია.
მთავარ მიზეზს რაც შეეხება, ის აშშ-ში შეცვლილ პოლიტიკურ კლიმატს უკავშირდება. შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების დამარცხების ფონზე ტრამპის მიერ დაპირებული პროექტების განხორციელების შანსები თითქმის განულებულია და ინვესტორები დემოკრატების მხრიდან კრიპტოინდუსტრიის წინააღმდეგ ზეწოლის ზრდას მოელიან.
BM.GE
წყარო: bm.ge