
რამ განაპირობა მარტში 10.7%-იანი ეკონომიკური ზრდა - გოგიტა თოდრაძე ფაქტორებზე
საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ მარტის ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ფაქტორები განმარტა.
საქმე ისაა, რომ საქსტატის მონაცემებით, მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, რაც მიმდინარე წლის მაქსიმალური მაჩვენებელია, ამასთან გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად მარტში კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 15.6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 13.4%-ით მეტია.
თოდრაძის განმარტებით, ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის დარგების უმეტესობაში, გარდა ტურიზმისა და ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების სექტორისა.
"ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა. ეს გახლავთ, უპირველეს ყოვლისა, დამმუშავებელი მრეწველობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.
მიუხედავად ამისა, მცირე კლება დაფიქსირდა ორ სექტორში. ეს გახლავთ სასტუმროებისა და რესტორნების სექტორი, ასევე ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების სექტორი. აქ შედის ტურისტული სააგენტოები, აქ შედის ავტომობილების და დანადგარების იჯარა, აქ შედის დასაქმების სააგენტოები და დაცვის სამსახურები.
საგარეო ვაჭრობის მონაცემებზეც ვიტყვი რამდენიმე სიტყვას. 2026 წლის მარტში საქონლის ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 24 პროცენტით. იმპორტი გაიზარდა 4.7 პროცენტით. ახალი საწარმოების რეგისტრაციის მხრივ, მარტში დარეგისტრირდა დაახლოებით 6400-მდე ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი 2.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს და ძირითადად ინდმეწარმეების რეგისტრაციაზე მოდის.
რაც შეეხება მიზეზებს დარგობრივ ჭრილში. დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა ძირითადად განპირობებულია ნავთობპროდუქტების, როგორიცაა მაზუთის, ნავთის და გაზოილის წარმოების მნიშვნელოვანი გაფართოებით. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ამ სახის ნავთობპროდუქტების ექსპორტი დაახლოებით ათჯერ გაიზარდა, ძირითადად თურქეთის, მაროკოს, ჩინეთის და ტოგოს მიმართულებით.
ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა განპირობებულია კომპიუტერული პროგრამების შემუშავების, ამ სფეროში საკონსულტაციო მომსახურების და მასთან დაკავშირებული სერვისების მოცულობის ზრდით.
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ბიზნესკონსულტირების, მართვის საკითხებზე მომსახურების, ასევე სარეკლამო სააგენტოების და საინჟინრო და ტექნიკური საკონსულტაციო მომსახურების გაფართოებით.
სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორში ზრდის გამომწვევ მიზეზად გვევლინება ფერადი ლითონის მადნების მოპოვება.
მშენებლობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან. ასევე ჩვენ უკვე გავასაჯაროვეთ ინფორმაცია პირველი კვარტლის მონაცემები მშენებლობაზე გაცემული ნებართვების და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 4.8 პროცენტით გაიზარდა მშენებლობაზე გაცემული ნებართვები, დაახლოებით 2 პროცენტით არის შემცირებული ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ შესაბამისი ფართობი გაზრდილია პირიქით, 9.5 პროცენტით.
ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან იყო დაკავშირებული. აღსანიშნავია როგორც სამგზავრო, ისე ტვირთის გადაზიდვის მიმართულება და შესაბამისად საგარეო ვაჭრობაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, გაიზარდა ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მაჩვენებელი.
რაც შეეხება კლების ტენდენციებს. ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების სექტორში მცირე კლება დაფიქსირდა, რაც ძირითადად ტურისტული სააგენტოების მომსახურების მოცულობის შემცირებასთან არის დაკავშირებული.
სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში დაფიქსირებული კლება ძირითადად განთავსების მომსახურების მოცულობის შემცირებით იყო განპირობებული. ასევე ცნობილია თქვენთვის საზღვრისკვეთის მონაცემებიც. 2026 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა შემცირდა უმნიშვნელოდ, მართალია 0.2 პროცენტით. ეს ძირითადად ერთდღიანი, ერთჯერადი ასე ვთქვათ ვიზიტების ხარჯზეა, თუმცა ტურისტული ვიზიტების რაოდენობა პირიქით გაზრდილია 4 პროცენტით, საანგარიშო პერიოდში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,"- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge