
რამ განაპირობა მარტში 10.7%-იანი ეკონომიკური ზრდა - მიხეილ კუკავას შეფასება
Stemscale Georgia-ს მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკაში კვლავ მნიშვნელოვანი კონტრიბუცია აქვს უკრაინის ომის შედეგად წარმოქმნილ მიგრაციულ ნაკადებს და მის ეფექტებს.
როგორც მიხეილ კუკავამ BMG-სთან მარტში დაფიქსირებული 10.7%-იანი ეკონომიკური ზრდის შეფასებისას განაცხადა, სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებში ჩანს, რომ მოხმარებაში მიგრანტებს კვლავ მნიშვნელოვანი წილი აქვთ.
“ეს არის ისევ გამოწვეული იმ ეფექტით, რაც ჩვენ მივიღეთ 2022 წელს. ჩვენ მივიღეთ ამ ქვეყანაში 100,000-ზე მეტი მაღალმხარჯველი, მაღალი კვალიფიკაციის ადამიანი, რომელიც რუსეთიდან და ბელარუსიდან გამოიქცა. ისინი არ აპირებენ უკან დაბრუნებას და ჩვენ ამას ვხედავთ წლიდან წლამდე.
ეს დაახლოებით ის ეფექტია, საქართველოს მოსახლეობა მკვეთრად რომ გაიზარდოს უცბად. სხვანაირად ჩვენ დაახლოებით 150,000 მაღალმხარჯველ ადამიანს ვერ მივიღებდით წლების განმავლობაში. წარმოიდგინეთ, საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა 1 მილიონით - ასეთი ეფექტი აქვს ამას და ჩვენ ვხედავთ ხარჯვის დინამიკაში სხვადასხვა მიმართულებით, როგორც სამომხმარებლო საქონლის, ისევე ინდუსტრიული საქონლის მოხმარებაშიც იმ ტენდენციებს, რაც მანამდე არ გვქონდა. რადგან ამ ადამიანებმა არა მხოლოდ ოჯახები ჩამოიყვანეს საქართველოში, არამედ თავისი ბიზნესებიც გადმოიტანეს და აქ ქმნიან ღირებულებას. ამ ღირებულების ნაწილი რჩება ქვეყანაში, მართალია ნაწილი გადის, მაგრამ ნაწილი რჩება.
ჩვენ არ გვაქვს ზუსტი მონაცემები, რა ნაწილი გადის და რა რჩება, მაგრამ ეს არის სრულიად აშკარა და თუ შევადარებთ 2022-2025 წლების ხარჯვის სტატისტიკას, რაც ძალიან კარგ წარმოდგენას გვიქმნის მოხმარებაზე, დავინახავთ, რომ ეს ეკონომიკური ზრდა არის მოხმარების ტალღაზე გაზრდილი.
როგორც არაერთხელ გვითქვამს, ეს არის ის ერთჯერადი ეფექტი, რომელიც მივიღეთ. ამ ეფექტმა რამდენიმე წელი გასტანა. ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის ეს იყო მნიშვნელოვანი სტიმული, მაგრამ სულ ვამბობდით ამას, რომ გათვლა არ უნდა იყოს ამ ეფექტზე, რომელიც უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა, ვიდრე ვვარაუდობდით.
მაგრამ ეს არ იქნება დაუსრულებელი და რუსეთ-უკრაინის ომი, რასაც რუსეთი მეოთხე წელია ეწევა შუაგულ ევროპაში, აუცილებლად დასრულდება. შესაბამისად, გათვლა იმაზე, რომ ეს გაგრძელდება, არის წამგებიანი. ჩვენ გვჭირდება სტრუქტურული რეფორმები, ჩვენ გვჭირდება კაპიტალის მოზიდვა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც როგორც ვხედავთ, მცირდება”, - განაცხადა მიხეილ კუკავამ.
ცნობისთვის, მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა. ჯამურად, 2026 წლის პირველ კვარტალში კი ეკონომიკურმა ზრდამ 9.1% შეადგინა.
BM.GE
წყარო: bm.ge