
რამდენ მილიონად არის შეფასებული სასტუმრო "ბილტმორი", რომელიც სომეხმა ბიზნესმენმა, კარენ საფარიანმა შეისყიდა
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სასტუმრო „ბილტმორის“ საბალანსო ღირებულება დაახლოებით 211.5 მილიონი ლარია - ამის შესახებ ასახულია სასტუმროს მფლობელი შპს „დაბი გრუპ ჯორჯიას“ 2024 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში.
სასტუმრო "ბილტმორი" დაფუძნებიდან დღემდე, არაბეთის გაერთიანებული საამიროების სამეფო ოჯახის წევრის, შეიხ ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანის საკუთრებაში იყო. ბიზნეს რეესტრის თანახმად, ის კომპანიის 66%-ის მფლობელი იყო, შეიხ მოჰამედ ბინბუტი ბინჰამედ ალ-ჰამედი ფლობდა 20%-ის წილს, ხოლო შეიხ სურორ ბინმოჰამედ ბინხალიფა ალ-ნაჰიანი 13.5%-ის წილს.
„ბილტმორი" ანუ შპს "დაბი გრუპ ჯორჯია" რუსთაველის გამზირის №29-ში მდებარე 9,121 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ იმელის ისტორიულ შენობას და 2016 წელს აშენებულ 36-სართულიან 138 მეტრის სიმაღლის კოშკს ფლობს. სასტუმროში 216 ნომერია, გარდა ამისა, შენობაში განთავსებულია ღონისძიებებისა და შეხვედრების სივრცეები, სპა/გამაჯანსაღებელი კომპლექსი, რესტორნები და სამორინე.
2024 წელს კომპანიის სასტუმროს საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა, მათ შორის ნომრების გაქირავებიდან, საკვებისა და სასმლისა და სხვა სასტუმრო მომსახურებიდან, დაახლოებით 29.4 მილიონი ლარი შეადგინა.
კერძოდ, ნომრების გაქირავებიდან შემოსავალი 21.55 მილიონი ლარი იყო, საკვებისა და სასმლის მიმართულებიდან — 6.03 მილიონი ლარი, სხვა სასტუმრო მომსახურებიდან კი — 1.84 მილიონი ლარი.
კომპანიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო საინვესტიციო ქონების გაქირავებაა. 2024 წელს ამ მიმართულებით მიღებულმა შემოსავალმა 6.04 მილიონი ლარი შეადგინა. საიჯარო შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი კომპლექსში მოქმედი კაზინოსთვის ფართის გაქირავებას უკავშირდება.
საერთო ჯამში, „დაბი გრუპ ჯორჯიას“ 2024 წლის შემოსავალი 35.46 მილიონი ლარი იყო. კომპანიამ მაღალი ფინანსური ხარჯების გამო მისი საბოლოო შედეგი უარყოფითი იყო. 2024 წელს „დაბი გრუპ ჯორჯიამ“ 9.86 მილიონი ლარის წმინდა ზარალი მიიღო.
სასტუმრო "ბილტმორის" გარდა Arins Group-ი შეიხ ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანის საინვესტიციო ჰოლდინგისგან "ტერაბანკსაც" ყიდულობს, რასთან დაკავშირებითაც მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა, თუმცა ბანკის წილების გასხვისებისთვის ჯერ ეროვნული ბანკის თანხმობა არის საჭირო.
Arins Group-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნასყიდობა ჯგუფის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
257 მილიონი ლარის ვალდებულება
„ბილტმორის“ მფლობელი კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია შიდაჯგუფურ დავალიანებას.
2024 წლის ბოლოს „დაბი გრუპ ჯორჯიას“ მთლიანმა ვალდებულებებმა 272.1 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან 257.2 მილიონი ლარი დაკავშირებული კომპანიის, შპს „დაბი კონტრაქტინგისგან“ მიღებული გრძელვადიანი სესხია.
სესხი აშშ დოლარშია დენომინირებული, წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.5%-ია, ხოლო მისი დაფარვის ვადა 2035 წლამდეა. ვალდებულება უზრუნველყოფილია რუსთაველის გამზირის №29-ში მდებარე მიწითა და შენობა-ნაგებობებით.
2024 წელს კომპანიამ სესხზე 11.97 მილიონი ლარის საპროცენტო ხარჯი გაიღო. ამასთან, აშშ დოლარის კურსის ცვლილებამ 7.84 მილიონი ლარის წმინდა საკურსო ზარალი გამოიწვია.
BM.GE
წყარო: bm.ge