
რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?
რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში პერმის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ეფექტიანი ობიექტია, რომლის წლიური სიმძლავრე 13.1 მილიონ ტონა ნედლ ნავთობს აღწევს. ობიექტის მფლობელი ენერგეტიკული გიგანტი Lukoil-ია, ხოლო ოპერირებას მისი შვილობილი კომპანია Lukoil-Permnefteorgsintez-ი ახორციელებს.
არსებული ინფორმაციით, საწარმოში მიღებული ნედლეულის 99.2%-ის გადამუშავება ხდება, რაც მას ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალეფექტიან ქარხნად აქცევს. ამასთან, ობიექტი უზრუნველყოფს რუსეთიდან LPG-ს ექსპორტის 7.3%-ს, რაც მის სტრატეგიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საწარმოო კომპლექსი 60-ზე მეტი დასახელების ნავთობპროდუქტს აწარმოებს, მათ შორის სხვადასხვა მარკის ბენზინს, დიზელს, საავიაციო და საზღვაო საწვავს. ქარხანას ნედლი ნავთობი დასავლეთ ციმბირის საბადოებიდან ოთხი ძირითადი მილსადენის მეშვეობით მიეწოდება. მზა პროდუქციის ტრანსპორტირება კი რკინიგზით, ავტოტრანსპორტით, მდინარე კამაზე გემებითა და Perm-Andreevka-Ufa-ს მილსადენით ხორციელდება.
დაახლოებით 2,400 თანამშრომლით დაკომპლექტებული საწარმო წლიურად 4 მილიონ ტონა დიზელს აწარმოებს, ხოლო მისი დღიური გადამუშავების მაჩვენებელი 226,000 ბარელს შეადგენს.
დასავლური სანქციების დაწესების შემდეგ ევროპული მიმართულებით ობიექტმა მიწოდება შეამცირა, თუმცა, სანაცვლოდ, კომპანიამ ავღანეთში თხევადი გაზის ექსპორტი აღადგინა.
აღსანიშნი ფაქტია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ქარხანა შორ მანძილზე მოქმედი დრონების სამიზნე უკვე მეორედ გახდა.
ცნობისთვის, პერმის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ ფუნქციონირება 1958 წელს დაიწყო და საბჭოთა პერიოდში სექტორის ერთ-ერთ უმსხვილეს ცენტრად ჩამოყალიბდა. ობიექტის პრივატიზება 1993 წელს განხორციელდა, რის შემდეგაც ის Lukoil-ის მფლობელობაში გადავიდა.
BM.GE
წყარო: bm.ge