მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რას აწარმოებენ მეგა-ფერმები, რომელთა ფართობიც ქვეყნების ზომებს აღემატება
რას აწარმოებენ მეგა-ფერმები, რომელთა ფართობიც ქვეყნების ზომებს აღემატება

რას აწარმოებენ მეგა-ფერმები, რომელთა ფართობიც ქვეყნების ზომებს აღემატება

BM.GE18 ოქტომბერი, 2026, 22:17|bm.ge

პლანეტის უმსხვილესი აგრარული მეურნეობები თავისი მასშტაბებით ქალაქებს, კუნძულებსა და ცალკეულ სახელმწიფოებსაც კი აღემატებიან, მათი საწარმოო სიმძლავრეები კი შთამბეჭდავია. ეს აგროგიგანტები თითქმის ყველაფერს აწარმოებენ - დაწყებული საბაზისო მარცვლეულითა და სარეალიზაციო ხორცით, დამთავრებული დეკორატიული მცენარეებითა და საპრიზო დოღის ცხენებით. მათ ერთი საერთო ნიშანი, კოლოსალური ფართობი აერთიანებთ.

მაგალითისთვის, ევროპის უმსხვილესი აგრომეურნეობა Agricost Farm, რომელიც რუმინეთში მდებარეობს, დაახლოებით 57 000 ჰექტარს მოიცავს და ფართობით ევროპის ხუთ სახელმწიფოს - მალტა, ლიხტენშტაინი, სან-მარინო, მონაკო და ვატიკანი - ერთად აღებულს აღემატება. მეურნეობა არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანია Al Dahra-ს საკუთრებაა. დუნაის გასწვრივ მდებარე ნაყოფიერი მიწები 29 საწარმოო ზონადაა დაყოფილი, სადაც ხორბალთან, ქერთან და სხვა მარცვლეულთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მოგებიანი კულტურა სიმინდია. ამ მასშტაბის ოპერაციების მართვას შესაბამისი ტექნიკური ბაზა სჭირდება - კომპანიის განკარგულებაში 200 ტრაქტორი და 100 კომბაინია.

ახალი ზელანდიის უდიდესი მეურნეობა Molesworth Station ქვეყნის სამხრეთ კუნძულზე, მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს და 180 800 ჰექტარ ფართობს იკავებს, რაც სტიუარტის კუნძულის ზომასა და ახალი ზელანდიის 10 ეროვნული პარკის საერთო ფართობზე მეტია. მეურნეობაში ამჟამად ანგუსისა და ანგუს-ჰერეფორდის ჯიშის დაახლოებით 6 000 სული პირუტყვი ჰყავთ. ტერიტორიის მრავალფეროვანი ლანდშაფტი ეფექტურად გამოიყენება: სეზონის მიხედვით ცხოველები დაცული ხეობებიდან მაღალმთიან საზაფხულო საძოვრებზე გადაჰყავთ.

ჩინეთის უდიდესი სასურსათო აგროკომპლექსი Youyi Farm (რაც „მეგობრობას“ ნიშნავს) მაღალნაყოფიერ ნიადაგებზეა განთავსებული და 188 800 ჰექტარს მოიცავს. მეურნეობა სამრეწველო მასშტაბით აწარმოებს ბრინჯს, სიმინდსა და სოიას. ობიექტი 1950-იან წლებში, საბჭოთა დახმარებით შეიქმნა, როგორც ჩინეთის პირველი მსხვილი მექანიზებული სახელმწიფო ფერმა. დღეს ის მაღალტექნოლოგიური სოფლის მეურნეობის, მათ შორის უპილოტო აგროტექნიკის პლატფორმაა. ოფიციალური მონაცემებით, მარცვლეულის წლიური მოსავალი 1 მილიონ ტონას აჭარბებს, რაც ჩინეთის მთლიანი მოსახლეობის დღე-ნახევრის მოთხოვნას აკმაყოფილებს.

ბრაზილიასა და მთლიანად ლათინურ ამერიკაში უმსხვილესი მეცხოველეობის რანჩო Fazenda Nova Piratininga დაახლოებით 200 000 ჰექტარს იკავებს, რაც მავრიკის თითქმის მთლიანი ფართობის ტოლფასია. მეურნეობაში 125 000-მდე სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია თავმოყრილი. კომპლექსი სრულ ციკლს თავად ახორციელებს. ნახირის მართვისთვის 1 200 დამოუკიდებელი საძოვარი გამოიყენება, პარალელურად კი ტერიტორიაზე სოიასა და სიმინდის კულტივაციაც მიმდინარეობს.

კანადის უდიდესი მოქმედი მეცხოველეობის რანჩო Douglas Lake Ranch, რომელიც ბრიტანეთის კოლუმბიაში მდებარეობს, 202 000 ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს, რაც კუნძულ ტენერიფეს ზომას უტოლდება. მეურნეობის ვრცელ საძოვრებზე 20 000-მდე სული პირუტყვია გადანაწილებული. 1884 წელს დაარსებული რანჩო ამჟამად ამერიკელ მილიარდერ სტენ კრონკეს ეკუთვნის, რომელიც ძირითადად თავისი სპორტული იმპერიითაა ცნობილი - მის მფლობელობაშია საფეხბურთო კლუბი „არსენალი“ და „ლოს-ანჯელეს რემსი“.

აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ კინგსვილში მდებარე King Ranch 334 000 ჰექტარზეა გადაჭიმული და ფართობით როდ-აილენდის შტატს აღემატება. მეურნეობა 1853 წელს გემთმფლობელმა რიჩარდ კინგმა დააარსა. დღეს ჰოლდინგი 35 000 სულ საქონელს, 200-ზე მეტ კვარტერ-ჰორსის ჯიშის ცხენს, აგრეთვე ბამბისა და მარცვლეულის ნათესებს აერთიანებს.

არგენტინის უდიდესი მოქმედი რანჩო Estancia Coronel სანტა-კრუსის პროვინციაში, პატაგონიის სტეპებში მდებარეობს და 334 100 ჰექტარს იკავებს. ქვეყნის ტრადიციული მეხორცული მიმართულებისგან განსხვავებით, ეს მეურნეობა მეცხვარეობაზეა ორიენტირებული და მერინოსის ჯიშის თითქმის 60 000 ცხვარს ითვლის. წლიურად აქ 45 000-მდე ცხვარს პარსავენ და აწარმოებენ უმაღლესი ხარისხის, 20 მიკრონზე თხელ მატყლს, რომელიც სირბილით ქაშმირს უტოლდება.

უკრაინის უმსხვილესი აგროჰოლდინგი Kernel მთელი ქვეყნის მასშტაბით 530 000 ჰექტარზე მეტ მიწის რესურსს ამუშავებს. კომპანია აწარმოებს სიმინდს, მზესუმზირას, ხორბალს, რაფსსა და სოიას. მიუხედავად რუსეთის ომისა, რასაც თან ელევატორების, გადამმუშავებელი ქარხნებისა და საექსპორტო ინფრასტრუქტურის დაზიანება, აგრეთვე მიწების ნაწილის ოკუპაცია ახლდა, ჰოლდინგი საოპერაციო საქმიანობას სტაბილურად განაგრძობს.

რუსეთის უმსხვილესი სასოფლო-სამეურნეო ჰოლდინგი Miratorg ქვეყნის რამდენიმე რეგიონში 1 380 000 ჰექტარზე მეტ ფართობს აკონტროლებს. ჰოლდინგი ქვეყნის უმსხვილესი მიწათმფლობელია, რომელიც ფოკუსირებულია საქონლის, ღორისა და ფრინველის ხორცის მასშტაბურ წარმოებაზე, აგრეთვე მარცვლეულისა და საკვები კულტურების მოყვანაზე პირუტყვის გამოსაკვებად. კომპანიის ზრდა და განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული სახელმწიფოსგან მიღებულ მსხვილ სუბსიდიებთან, შეღავათიან სესხებსა და გარანტიებთან.

პლანეტის უმსხვილესი მეცხოველეობის სადგური Anna Creek Station სამხრეთ ავსტრალიაში მდებარეობს და თითქმის 2 388 000 ჰექტარზეა გადაჭიმული, რაც ლიბანის, ლუქსემბურგის, ჰონგ-კონგის, სინგაპურის, ბარბადოსისა და ბერმუდის კუნძულების საერთო ფართობზე მეტია. Williams Cattle Company-ს მფლობელობაში არსებული ეს ტერიტორია იმდენად ვრცელია, რომ 17 000 სული საქონლის მართვისა და აღრიცხვისთვის აქ ავიაცია გამოიყენება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Samsung-ი ნოემბერში 41-გრამიან ჭკვიან სათვალეს გამოუშვებს

Samsung-ი ნოემბერში 41-გრამიან ჭკვიან სათვალეს გამოუშვებს

BM.GE

"6-12 თვეში AI გარდაუვალ გლობალურ კატასტროფას გამოიწვევს" - Axios-ის სტატია

"6-12 თვეში AI გარდაუვალ გლობალურ კატასტროფას გამოიწვევს" - Axios-ის სტატია

BM.GE

როგორ გაიზრდებიან წამყვანი ეკონომიკები 2026-27 წლებში? - IMF

როგორ გაიზრდებიან წამყვანი ეკონომიკები 2026-27 წლებში? - IMF

BM.GE

როგორ აპირებს ტრამპი ყველა ამერიკელი ბავშვის გამილიონერებას? - პრეზიდენტის ახალი პროექტი

როგორ აპირებს ტრამპი ყველა ამერიკელი ბავშვის გამილიონერებას? - პრეზიდენტის ახალი პროექტი

BM.GE