
როგორ აპირებს ტრამპი ყველა ამერიკელი ბავშვის გამილიონერებას? - პრეზიდენტის ახალი პროექტი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოვიდა ინიციატივით, რომელიც მიზნად ყველა ამერიკელი ბავშვის გამილიონერებას ისახავს. ქვეყნის ლიდერის მიერ მოფიქრებული ეს პროექტი 70 მილიონ მცირეწლოვანს უნდა შეეხოს და, როგორც ტრამპი ამტკიცებს, მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალოს. თუმცა, ინიციატივის მიმართ ბევრი კითხვის ნიშანი ისმება. ამ სტატიის მიზანი კი არამარტო იმის ახსნა იქნება, თუ როგორ გეგმავს აშშ-ის მმართველი თავისი გეგმის განხორციელებას, არამედ იმის გარკვევაც, რამდენად რეალისტურია ის.
პროექტს, რომელიც ამერიკის პრეზიდენტმა წარადგინა, ოფიციალურად „ტრამპის ანგარიშები“ ჰქვია. იდეა, ერთი შეხედვით, მასშტაბურია: აშშ-ის ხაზინა 18 წლამდე ასაკის 70 მილიონზე მეტ მოზარდს საფონდო ბირჟაზე საინვესტიციო პორტფელს გაუხსნის და მათ ინვესტორებად ავტომატურად აქცევს. ბავშვებს, რომლებიც 2025 წლის პირველი იანვრიდან 2028 წლის ბოლომდე დაიბადნენ ან დაიბადებიან სახელმწიფო პირად ანგარიშზე 1,000 დოლარის პირველად კაპიტალს ტრამპის სახელით სრულიად დაუბეგრავად ჩაურიცხავს. 2025 წლამდე დაბადებულთათვის კი, ვისაც ეს სახელმწიფო თანხა არ ეკუთვნის, მსხვილი დონორები 250-დოლარიან სასტარტო დახმარებას გამოყოფენ.
წესების მიხედვით, მშობლებს ყოველწლიურად 2,500 დოლარამდე დაუბეგრავი თანხის შეტანა შეეძლებათ, ხოლო ჯამური წლიური ლიმიტი, დამსაქმებლებისა და ოჯახის წევრების ჩათვლით, 5,000 დოლარი იქნება. ეს თანხები ამერიკულ ინდექსურ ფონდებში დაბანდდება და მათი მართვის საკომისიო მინიმალური - 0.1%-ზე ნაკლები იქნება.
რომ გავამარტივოთ იდეა, საუბარია ახლად დაბადებული შვილისთვის გრძელვადიანი ანაბრის გახსნის მსგავს მოდელზე, ოღონდ აქ საქმეში ამერიკის საფონდო ბირჟა შემოდის და არა კონკრეტული ბანკი. ასევე, კონტრიბუციის მოცულობას თავად ანგარიშის მფლობელის ოჯახი წყვეტს, პირველადი შენატანი კი ნაჩუქარია და ის $250-დან $1,000-მდეა.
თუ Trump Account-ის ვებგვერდის მონაცემებს დავეყრდნობით, სულ 1 ცენტიც რომ არ ჩაიდოს ამ პორტფელში მშობლის მხრიდან, 55 წლის ასაკში 1,000-დოლარიანი საინვესტიციო დახმარების მიმღები ადამიანის ანგარიშზე 250,000 დოლარამდე იქნება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ყოველწლიურად პორტფელში ინვესტიცია 1,000 დოლარი იქნება, ჯამური ჩადებული თანხა - 55,000 დოლარი $2,627,000-ად იქცევა. კიდევ უფრო დიდ მასშტაბზე თუ გავთვლით - თუ წელიწადში კონტრიბუცია მაქსიმუმს, ანუ $5,000 დოლარს მიაღწევს, 55 წლის თავზე, 2026 წელს დაბადებულს ანგარიშზე $13 მილიონი ედება.
როგორც ვიგებთ, სწორედ ასე აპირებს ტრამპი ამერიკელი ბავშვების გამილიონერებას. თუმცა ნებისმიერი პროექტი, მათ შორის, ეს უკანასკნელიც საჭიროებს კარგ შემოწმებას და რეალობის პრიზმიდან დანახვას, რათა გავიგოთ, რამდენად აღსრულებადია ის. ამაში კი ყველაზე მეტად საკითხის წმინდად ეკონომიკურად დანახვა დაგვეხმარება.
ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ სახელმწიფოს მიერ ნაჩუქარი მხოლოდ 1,000 დოლარი არასრულწლოვანს მდიდარ ადამიანად ვერ აქცევს. თუ ღარიბ ოჯახს დამატებითი თანხის ჩადების რესურსი არ გააჩნია, საფონდო ბაზრის ისტორიული 7-8-პროცენტიანი წლიური ზრდითაც კი, 55 წლის შემდეგ მაქსიმალური სარგებელი მილიონის მეოთხედი თუ იქნება. იმ შემთხვევაში კი, თუ ოჯახს იმის საშუალებაც არ ექნა, რომ მოზარდის კოლეჯში სწავლაზე იზრუნოს და გადაწყვეტს, ეს ანგარიში ბავშვის 18 წელს მიღწევასთან ერთად ჩახუროს, რაც ასევე შესაძლებელია, ეს ნაჩუქარი 1,000 დოლარი, მაქსიმუმ 4,000 დოლარამდე თუ იქნება გაზრდილი. რაც შეეხებათ მათ, ვისაც 1,000 დოლარის კონტრიბუციის შესაძლებლობა ექნებათ, მათი გამდიდრებისა და გამილიონერების შანსი, ეჭვგარეშეა, რომ ნამდვილად მკვეთრად იქნება გაზრდილი.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტრამპის იდეა არა აბსოლუტურად გარანტირებული გრძელვადიანი მილიონერობის პროექტია, არამედ მოთმინებისა და შესაძლებლობის ერთგვარი თამაში, რომელშიც გამარჯვებული ის რჩება, ვისაც ფულიცა და დროც ექნება.
ამერიკელი ანალიტიკოსები სწორედ ამ საკითხის პრობლემურობაზე საუბრობენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ამ პროექტმა საყოველთაო ფინანსური გათანაბრების ნაცვლად, შესაძლოა საზოგადოებრივი უთანასწორობა კიდევ უფრო გააღრმაოს.
განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ თავად ტრამპს ამ გაღრმავებაში თავისი წვლილი უკვე აქვს შეტანილი. პრეზიდენტმა მეორე ვადაში დრამატულად შეამცირა სოციალური პროგრამები და გარკვეულწილად შეზღუდვა კიდეც ჯანდაცვის პროგრამა Medicaid-იც, რაც პირდაპირ დააწვა ღარიბ ოჯახებს. შესაბამისად, ბევრ ოჯახს შესაძლოა არჩევანის გაკეთება შვილისთვის ანაბრის ფულის გადადებასა და საკვების შეძენას შორის მოუწიოს.
ამას ემატება ბიუროკრატიული ბარიერიც: მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშები ავტომატურადაა გახსნილი, იმისათვის, რომ ის გააქტიურდეს და ბავშვმა სახელმწიფოს 1,000 დოლარი მიიღოს, მშობლებმა სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ. როგორც ამერიკელი ექსპერტები აღნიშნავენ, უკვე ნანახმა პრაქტიკამ დაადასტურა, რომ მსგავსი ბიუროკრატიული წინაღობები ყველაზე მეტად სწორედ გაჭირვებულ ოჯახებს აკარგვინებს მოქმედების სურვილს და ტოვებს მათ თამაშგარე მდგომარეობაში.
აღსანიშნი ფაქტია ისიც, რომ როდესაც მოზარდი 18 წლის გახდება, ანგარიში ჩვეულებრივ საპენსიო IRA-დ გარდაიქმნება. მართალია, თანხის განაღდება უმაღლესი განათლების დასაფინანსებლად ან პირველი ბინის შესაძენად შესაძლებელი იქნება, თუმცა დაგროვილი მოგება დაიბეგრება არა კაპიტალის ზრდის შეღავათიანი ტარიფით, არამედ ჩვეულებრივი საშემოსავლო გადასახადით. ხოლო 59 წლის ასაკამდე თანხის სხვა მიზნით გამოყენება და ანაბრის დარღვევა გამოიწვევს დადებული თანხის დამატებით 10%-ის ჩამოჭრას.
შესაბამისად, ამერიკელი ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ „ტრამპის ანგარიშები“ ყველა ამერიკელ ბავშვს მილიონერად ვერ აქცევს და გაამდიდრებს მხოლოდ მათ, ვის ოჯახებსაც ფული ისედაც აქვთ.
BM.GE
წყარო: bm.ge