
რას გამოიწვევს ECB-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება?
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რაც საპროცენტო განაკვეთების ზრდასა და ფულადი მასის შეზღუდვაში გამოიხატება. მიმდინარე კვირას ECB-ის კომიტეტმა, როგორც მოსალოდნელი იყო, განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 2.40%-იან ნიშნულამდე გაზარდა.
მარეგულირებელი აღნიშნულ ბერკეტს, ძირითადად, იმ შემთხვევაში იყენებს, როდესაც ინფლაციის დონე 2%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აჭარბებს, როგორც სწორედ ახლა.
ზოგადად, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ჯაჭვურ რეაქციას იწვევს და რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე ახდენს გავლენას.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, კომერციული ბანკებისთვის ცენტრალური ბანკიდან სახსრების მოზიდვა ფერხდება, რაც რიგითი მომხმარებლებისა და ბიზნესსექტორისთვის საპროცენტო განაკვეთების ზრდას ავტომატურად იწვევს. კაპიტალის გაძვირების ფონზე, კომპანიებს ახალი სესხების აღებისა და ინვესტიციების განხორციელების სურვილი უმცირდებათ. პარალელურად, იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების პირობები მკაცრდება, რის გამოც მოსახლეობა ხარჯებს მნიშვნელოვნად მცირდება და დაზოგვის რეჟიმზე გადადის, რასაც დეპოზიტებზე საპროცენტო სარგებლის ზრდაც უწყობს ხელს.
ამასთან, ბაზარზე ფულზე მოთხოვნის შემცირება პროდუქტებსა და მომსახურებაზე საერთო მოთხოვნას ამცირებს. აღნიშნული მოცემულობა მწარმოებლებსა და რეალიზატორებს ფასების აგრესიული ზრდის შეჩერებას აიძულებს, რაც საბოლოოდ ინფლაციის ტემპს ანელებს. თუმცა, ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლას თან ახლავს ეკონომიკური აქტივობის შენელებაც. იმ შემთხვევაში, თუ ევროპის ცენტრალური ბანკი პოლიტიკას ზედმეტად მკაცრად წარმართავს, იზრდება რისკი, ეკონომიკა სტაგნაციაში ან რეცესიაში გადავიდეს, რაც ხშირად უმუშევრობის დონის ზრდასაც უკავშირდება.
რაც შეეხება ვალუტის კურსს, მაღალი საპროცენტო განაკვეთები ევროზონას უცხოელი ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის, რომლებსაც საკუთარი კაპიტალის მაღალშემოსავლიან აქტივებში განთავსება სურთ. ევროზე მოთხოვნის ზრდა საერთაშორისო ბაზარზე მის გამყარებას იწვევს, რის გამოც იმპორტირებული საქონელი ევროზონისთვის იაფდება, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი უცხოელი პარტნიორებისთვის ძვირდება, რაც ევროპელ მწარმოებლებს კონკურენტუნარიანობას აკარგვინებს.