
რას მოიცავს ყირგიზეთთან ვეტერინარიასა და ბირთვული უსაფრთხოების კუთხით გაფორმებული მემორანდუმები?
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ყირგიზეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ვეტერინარიისა და რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმებს მოაწერა ხელი. დავით სონღულაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფება.
სამინისტროში განმარტავენ, რას მოიცავს ამ კონკრეტული მიმართულებით გაფორმებული მემორანდუმები:
"საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსების, ეკოლოგიისა და ტექნიკური ზედამხედველობის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს.
თანამშრომლობა მოიცავს მარეგულირებელი პრაქტიკისა და კანონმდებლობის გაზიარებას, ლიცენზირებისა და ზედამხედველობის საკითხებს, რადიოაქტიური ნარჩენების მართვას, ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების მექანიზმების განვითარებას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, კადრების გადამზადებასა და პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის წყლის რესურსების, სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის სამინისტროს ვეტერინარიის, მეცხოველეობის განვითარების, საძოვრებისა და ცხოველის საკვების სამსახურს შორის.
დოკუმენტის მიზანია ვეტერინარიის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება, ცხოველთა ინფექციური, მათ შორის ზოონოზური დაავადებების გავრცელების პრევენცია და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებით ვაჭრობის ხელშეწყობა.