
რას წარმოადგენს კომპანია Develey, რომელიც მარნეულის ქარხანაში ინვესტიციას დებს?
“მარნეულის სასურსათო ქარხანა” გერმანულ ბრენდი Develey-სთან ერთად ახალ საწარმოს აშენებს.
კომპანიის დირექტორმა გიორგი მუსერიძემ განაცხადა, რომ ეს არის ცნობილი გერმანული ბრენდი, რომელიც უკვე ჩართულია ახალი საწარმოს მშენებლობა/აღჭურვის პროცესში. ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი დაახლოებით 22 მლნ ლარია, რომელიც ერთი მხრივ Develey-ს, ხოლო მეორე მხრივ, თავად “მარნეულის სასურსათო ქარხანას” შორის თანაბრად ნაწილდება.
ამასთან, დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი „Develey“-ს მფლობელ მიხაელ დურახსა და „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ მფლობელ მიხეილ სვიმონიშვილს შეხვდა. სონღულაშვილმა თქვა, რომ კომპანია დიდი გამოცდილებისაა და საქართველოს სწორედ ეს სჭირდება.
სამინისტროს პრეს-რელიზის თანახმად, „Develey“-ის მფლობელის, მიხაელ დურახის განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის დიდი პოტენციალი და სტაბილური, პროგნოზირებადი ბიზნესგარემო აქვს, რაც კომპანიისთვის ქვეყანაში ინვესტირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია.
რას წარმოადგენს კომპანია Develey?
„Develey“ გერმანული საოჯახო კომპანიაა, რომელიც 1845 წელს დაარსდა და დღეს სოუსების, მდოგვისა და სხვა საკვები პროდუქტების საერთაშორისო მწარმოებელია. კომპანია პროდუქციის ექსპორტს მსოფლიოს 65-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს.
Develey-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია „McDonald’s“, რომელსაც კომპანია 1971 წლიდან სხვადასხვა სახის სოუსებით, კეტჩუპითა და მდოგვით ამარაგებს.
ცნობისთვის: „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ 2007 წელს დაარსდა და დღეს საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი საკვები პროდუქტების მწარმოებელი საწარმოა. ქარხანა 50-ზე მეტი სახეობის პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის ტომატის პასტას, ტყემალს, აჯიკას, მარინადებს, საწებლებს, ჯემებსა და მურაბებს. საწარმოსთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება; ქარხანა ნედლეულს 150-ზე მეტი ქართველი ფერმერისგან იბარებს. პროდუქცია საქართველოს ბაზარზე იყიდება და ექსპორტზეც გადის, მათ შორის ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში.
"მარნეულის სასურსათო ქარხანა" გერმანულ Develey-სთან ერთად ახალ საწარმოს აშენებს - ინვესტიცია ₾22 მლნ-ია
BM.GE
წყარო: bm.ge