
რას წერს აზერბაიჯანული მხარე საქართველოსთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე?
18 მაისს საქართველომ აზერბაიჯანთან ხელი მოაწერა რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ბუნებრივი აირის მიღების, ელექტროენერგიის ტრანზიტის, სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მიერ ოპერირების დაწყების და ბაქო-სუფსას ნავთობსადენის ოპერირებასთან დაკავშირებით.
18 მაისსვე აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავრობამ, სადაც მითითებული იყო რომ შეთანხმება შედგა ბუნებრივი აირის მოწოდების შესახებ, თუმცა დამატებითი ინფორმაცია ირკვევა უშუალოდ აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზიდან, სადაც აღნიშნულია, რომ გაზის მიღებასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია, თუმცა აუცილებელია რომ ამ შეთანხმების შესაბამისად, 2026 წლის 15 ოქტომბრამდე საქართველოს და აზერბაიჯანის რელევანტური კომპანიების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერონ შეთანხმებას. თუმცა აღნიშნული დეტალის შესახებ არც საქართველოს მთავრობის და არც ეკონომიკის სამინისტროს პრესრელიზში არაფერი იყო ნახსენები.
აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროს პრესრელიზი საქართველოსთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე:
"აზერბაიჯანში WUF13-ში მონაწილეობის მისაღებად პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკამ და საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი სტრატეგიული პარტნიორობა შეთანხმებათა ყოვლისმომცველი პაკეტის ხელმოწერით, რომელიც მიზნად ისახავს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკის, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო კავშირების (connectivity) სფეროებში. ხელმოწერის ცერემონია გაიმართა ბაქოში, 2026 წლის 18 მაისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თანდასწრებით.
ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა ხელმოწერილი დოკუმენტების მნიშვნელობას თანამშრომლობის გაფართოების თვალსაზრისით. მათ განსაკუთრებით აღნიშნეს აზერბაიჯანისა და საქართველოს, როგორც მრავალი ქვეყნისთვის დამაკავშირებელი ჰაბის, მნიშვნელოვანი როლი და ამ მიმართულებით ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობა.