
რას წერს ფინანსური მონიტორინგის სამსახური "ქოლ-ცენტრებთან" დაკავშირებით 2025 წლის ანგარიშში
ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს სამსახურის საქმიანობა გააქტიურდა, რაც საფინანსო დაწესებულებებიდან საეჭვო ტრანზაქციების შესახებ შეტყობინებების ზრდას უკავშირდება. სამსახურმა სულ 4130 საეჭვო ტრანზაქციის შეტყობინება მიიღო, რაც 2024 წელთან შედარებით 101%-ით მეტია. განსაკუთრებით მკვეთრად 369%-ით გაიზარდა შეტყობინებები ვირტუალური აქტივების პროვაიდერებისგან, ანუ კრიპტო კომპანიებისგან, რომლებმაც სააგენტოს 436 საეჭვო ტრანზაქციის შესახებ აცნობეს. გარდა ამისა, როგორც ფინანსური მონიტორინგის სამსახური წერს, 2025 წელს გაგრძელდა მუშაობა უკანონო "ქოლ-ცენტრების" წინააღმდეგ, რომლებიც უცხოეთის მოქალაქეთა თანხების მისაკუთრებას ახდენენ.
"2025 წელს ასევე გვხვდებოდა ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ მიერ განხორციელებული ტრანზაქციები. მსგავსი კომპანიები იქმნება საზღვარგარეთ მყოფ მოწყვლად მომხმარებლებთან დასაკავშირებლად. მათ სთავაზობენ და არწმუნებენ, შეიძინონ სხვადასხვა პროდუქტი, განახორციელონ ინვესტიცია, გააკეთონ ფსონები ვალუტების (კრიპტოვალუტების) კურსებზე, ბინარულ ოპციონებზე და ა.შ.. ბუნებრივია, თაღლითური „ქოლ-ცენტრის“ მსხვერპლი ან ვერ იღებს წინასწარ შეთანხმებულ მომსახურებას ან კარგავს იმ თანხას, რომლითაც ე.წ. ინვესტიცია განახორციელა,"- წერს ფინანსური მონიტორინგის სამსახური.
თუმცა, უწყების ანგარიშში არაა აღნიშნული უშუალოდ რამდენი თაღლითური ქოლ-ცენტრის გამოვლენაში მიიღო სამსახურმა 2025 წელს მონაწილეობა.
BM.GE
წყარო: bm.ge