
რას უნდა ველოდოთ Apple-ის წლევანდელ WWDC-ზე?
ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Apple-ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, დეველოპერების კონფერენცია ახლოვდება და ის 8 ივნისს, კუპერტინოში გაიმართება.
2026 წლისთვის ტექნოლოგიური ბაზრის ლიდერი საკუთარი მოწყობილობების უახლეს ოპერაციულ სისტემებს წარადგენს. საუბარია iPhone-ებისთვის განკუთვნილ iOS 27-ზე, კომპიუტერებისთვის განკუთვნილ MacOS27-ზე, iPad-ებისთვის განკუთვნილ iPadOS 27-ზე, ასევე Apple-ის საათებისთვის განკუთვნილ WatchOS 27-ზე და კომპანიის ჭკვიანი სათვალეებისთვის შექმნილ VisionOS 27-ზე.
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ღონისძიება კომპანიის მოქმედი ხელმძღვანელისთვის, ტიმ კუკისთვის ბოლო მასშტაბური პრეზენტაცია იქნება. ის პირველი სექტემბრიდან აღმასრულებელი დირექტორის პოსტს საბოლოოდ დატოვებს. ამ თანამდებობას კი ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულების უფროსი, ვიცე-პრეზიდენტი ჯონ ტერნუსი დაიკავებს.
რაც შეეხება თავად პრეზენტაციის დეტალებს, როგორც მედიისთვის ხდება ცნობილი, WWDC 2026-ზე მთავარი ყურადღება Apple-ის პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციაზე და ხმოვანი ასისტენტის, Siri-ს რადიკალურ ტრანსფორმაციაზე გამახვილდება. Bloomberg-ის მონაცემებით, ასისტენტს დამოუკიდებელი აპლიკაცია და ახალი ღილაკი დაემატება. ის სავარაუდოდ, Google Gemini-ის ბაზაზე იმუშავებს და გენერაციული ჩეთბოტის ფუნქციებს შეითავსებს.
პროგრამული განახლების ფარგლებში ცვლილებები შევა ფოტო-ვიდეო გადაღების აპლიკაციაშიც და შესაძლებელი იქნება ეკრანზე წარმოდგენილი პარამეტრების სურვილისამებრ შეცვლა. ეს სიახლე მომხმარებელს წვდომას მიანიჭებს ყველა იმ ინსტრუმენტზე, რომლითაც კამერის ფოკუსის, გაფართოებისა თუ სხვა დეტალების მართვა არის შესაძლებელი. აღსანიშნი ფაქტია, რომ აქამდე მსგავსი წვდომის მისაღებად მომხმარებლები სპეციალურ პროგრამა BlackMagic-ს იყენებდნენ, თუმცა განახლებული პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით, კამერის აპლიკაცია სრულფასოვნად შეითავსებს ყველა ამ ფუნქციას.
სიახლეები შეეხება Vision Pro-საც, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განკუთვნილი ახალი ფუნქციებით აღიჭურვება. ახალი ტექნოლოგია მომხმარებლებს თვალის მოძრაობით ეტლის მართვისა და სპეციალური სახის ჟესტებით სისტემური ფუნქციების გამოყენების საშუალებას მისცემს.
რაც შეეხება მოწყობილობებს, ანალიტიკოსები წლევანდელ ღონისძიებაზე ახალი ტექნიკის წარდგენას არ ელიან.
BM.GE
წყარო: bm.ge