
რატომ აფრთხილებს აშშ-ის მარეგულირებელი ტურლოვის Freedom Holding-ს?
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) ყაზახეთში ბაზირებული ფინანსური ჯგუფის, Freedom Holding-ის მილიარდერ აღმასრულებელ დირექტორს, ტიმურ ტურლოვს ოფიციალური გამაფრთხილებელი შეტყობინება გაუგზავნა.
როგორც ირკვევა, მარეგულირებლის მიერ გაცემული გაფრთხილება მიმდინარე წლის 11 მარტით თარიღდება - აღნიშნული ინფორმაცია საბროკერო კომპანიამ საზოგადოებას 1 ივნისს, ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის წარდგენისას გაუზიარა. ამჟამად SEC-ის გამოძიების მთავარ საგანს მარკეტ-მეიკერ კლიენტებთან Freedom Holding-ის ურთიერთობა და შიდა სავაჭრო ოპერაციებთან დაკავშირებული საბუღალტრო პრაქტიკა წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ამერიკელი მარეგულირებელი კომპანიასთან, მის ცალკეულ ხელმძღვანელებსა და დირექტორებთან დაკავშირებულ საკითხებს ჯერ კიდევ 2021 წლიდან აქტიურად სწავლობს. მიმდინარე მკაცრ გაფრთხილებას წინ უძღოდა 2023 წლის აგვისტოში Hindenburg Research-ის მიერ გამოქვეყნებული სკანდალური ანგარიში, რომელმაც კომპანიის საქმიანობაზე სკეპტიკურად განწყობილ ინვესტორთა ყურადღება მიაპყრო. დასახელებულმა დოკუმენტმა SEC-ისა და იუსტიციის დეპარტამენტის მხრიდან უფრო ფართომასშტაბიანი გამოძიების დაწყება გამოიწვია, რაც ჰოლდინგის შესაბამისობის პოლიტიკას, ოფშორულ ოპერაციებსა და შიდა კონტროლის მექანიზმებს უკავშირდება.
როგორც Hindenburg Research-ის ანგარიში ამტკიცებდა, Freedom Holding-ის ხელმძღვანელები ფულის გათეთრების და ფინანსური ანგარიშგების წესებს არღვევდნენ, თუმცა ეს ბრალდებები გამოძიებას და სასამართლოს ჯერ არ დაუდასტურებია.
რაც შეეხება შექმნილ ვითარებაზე უშუალოდ კომპანიის რეაქციას, Freedom Holding-მა და პირადად ტიმურ ტურლოვმა SEC-ის პოზიციები ოფიციალურად უკვე გაასაჩივრეს და მას უსაფუძვლო უწოდებს.
ცნობისთვის, SEC-ის გამაფრთხილებელი შეტყობინება წარმოადგენს ოფიციალურ ცნობას, რომელსაც კომისია გამოძიების დასრულების შემდეგ იურიდიულ პირებს უგზავნის. რეალურად, ეს დოკუმენტი სამართალწარმოების დაწყების თაობაზე ცნობას წარმოადგენს, თუმცა ის SEC-ის საბოლოო გადაწყვეტილებამდე ადრესატს წერილობითი დაცვის წარდგენის შესაძლებლობას აძლევს.
ცნობისთვის, ტურლოვს და და მის საერთაშორისო ფინანსურ ჯგუფს საქართველოში საკმაოდ კონკრეტული და მსხვილი ბიზნეს-გეგმები აქვთ, რომლებიც ძირითადად საბანკო და საინვესტიციო სექტორს უკავშირდება.
მაგალითად, 2025 წლის სექტემბერში, Freedom Bank Kazakhstan-ის გადაწყვეტილებით, თბილისში ოფიციალურად დარეგისტრირდა სააქციო საზოგადოება FBG Company, რომლის მიზანიც ქვეყანაში ახალი ბანკის გახსნაა, სახელწოდებით – Freedom Bank Georgia.
BM.GE
წყარო: bm.ge