
რატომ არ გადის ქართული ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი EU-ს და ჩინეთის ბაზარზე? - გიორგი სვანიძის განმარტება
ჩვენი ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი რომ ჩინეთის და ევროკავშირის თითქმის 2-მილიარდიან ბაზარზე გავიდეს, საჭიროა რომ ქვეყანაში მინიმუმ 10 000 ჰექტარის ბაღები გვქონდეს, - ამის შესახებ "ქართული ზეთისხილის" დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.
საქმე ისაა, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და ასევე ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვაძლევს საშუალებას საქართველოში წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე ამ ბაზრებზე თავისუფალ რეჟიმში გავიდეს. თუმცა ევროკავშირის და ჩინეთის ბაზარზე ქართული ზეთისხილის და ზეითუნის ზეთის ექსპორტი თითქმის არ ფიქსირდება. მხოლოდ ერთხელ, 2019 წელს სატესტოდ “ქართულმა ზეთისხილმა” მცირე რაოდენობის პროდუქტი გაიტანა ჩინეთში, მას შემდეგ კი, ამ ქვეყანაში სატესტო რაოდენობის ექსპორტიც აღარ დაფიქსირებულა. ხოლო ერთხელ ზეითუნის ზეთის მცირე ოდენობის ექსპორტი დაფიქსირდა იტალიაში.
გიორგი სვანიძის თქმით, საქართველოში არ იწარმოება იმ რაოდენობის ზეთისხილი რომ თან ადგილობრივი ბაზარიც დაკმაყოფილდეს და თან ექსპორტზეც გავიდეს.
"წარმოიდგინეთ ჩინეთი რამხელაა და ევროპა რამხელაა, წარმოიდგინეთ მილიარდ-ნახევარი ჩინეთში ცხოვრობს და ნახევარი მილიარდი ევროპაში, ორი მილიარდი ხალხია. ჩვენ ამ ბაზარზე რომ შევიდეთ, ჯერ გვჭირდება დამატებით მინიმუმ 5000 ჰექტარი, ანუ ჯამში 10 000 ჰექტარი, იმიტომ რომ როდესაც თქვენ დიდ ქსელებთან, დიდ ქვეყნებს დაუდებთ ხელშეკრულებას, საკმაოდ ბევრი რაოდენობის მოსავალი უნდა გქონდეთ, რომ სტაბილურად მიაწოდოთ მსხვილ ბაზრებს. ამისთვის ვმუშაობთ ჩვენ. ასე მარტივი არ არის რომ ექსპორტზე გააგზავნო მხოლოდ ერთი ან ხუთი კონტეინერი და ამით დამთავრდეს ყველაფერი", - განმარტა "ქართული ზეთისხილის" დამფუძნებელმა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის საქართველოში მოყვანილი ზეთისხილის საუკეთესო ბაზრები არის სამეზობლო, თურქეთის გარდა, ვინაიდან თურქეთშიც დიდი რაოდენობით მოჰყავთ ეს კულტურა და უფრო მეტიც საქართველოში სწორედ თურქეთიდან შემოდის ყველაზე დიდი ოდენობის ზეთისხილი.