
რატომ არის Wildberries-ის გაფართოება საქართველოში პრობლემა? - EPRC-ის კვლევა
"გახდება თუ არა საქართველო Wildberries-ის „გადარჩენის ოპერაციის“ ნაწილი?" - "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" ახალი კვლევაა, სადაც მიმოხილულია საქართველოში, სანქცირებული რუსული კომპანიის საქმიანობა, ქართული ბრენდები სავაჭრო პლატფორმაზე და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივა. "Wildberries-ის საქართველოში გაფართოება აღარ არის მხოლოდ უბრალოდ ბიზნესის და მარტივი ონლაინ-ვაჭრობის საკითხი", - წერია კვლევაში, სადაც გაეცნობით EPRC-ის არგუმენტებს, რატომ არის Wildberries-ის გაფართოება საქართველოში პრობლემა.
EPRC-ის კვლევას BMG უცვლელად გთავაზობთ:
მაშინ, როდესაც რუსეთის ტერიტორიაზე Wildberries-ის სასაწყობე ინფრასტრუქტურა უკრაინული დრონების სამიზნედ იქცა, ხოლო კომპანიის ფინანსური ეკოსისტემის ნაწილი Wildberries Bank საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცა, Wildberries საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში არა მხოლოდ სავაჭრო ქსელს, არამედ ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურასაც ავითარებს. მეზობელი, მათ შორის კავკასიის ქვეყნები და, კერძოდ, საქართველო კრემლთან და სანქცირებულ რუს ბიზნესმენებთან კავშირების მქონე კომპანიის „გადარჩენის ოპერაციის“ ნაწილად შეიძლება გადაიქცეს.
2026 წლის აგვისტოს ბოლოს უკრაინული დარტყმებით Wildberries-ის სულ მცირე 8 საწყობი იყო მწყობრიდან გამოყვანილი, 20-ზე მეტი ობიექტი კი - დაზიანებული. ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია დამატებით სასაწყობე სივრცეს ყაზახეთში ეძებდა. ეს გარემოება რუსეთის ფარგლებს გარეთ უკვე არსებული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. 2026 წლის აპრილისთვის Wildberries საქმიანობდა რუსეთში, ბელარუსში, სომხეთში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში; კომპანია ასევე თანამშრომლობდა გამყიდველებთან ჩინეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ხოლო ეთიოპია მისი მე-11 ბაზარი გახდა.
საქართველოში Wildberries-ის ოფიციალური გაყიდვების ინფრასტრუქტურა მიუთითებს საწყობებზე, დახარისხების ცენტრებზე (CII) და შეკვეთების გაცემის პუნქტებზე (IIB3). 2026 წლის 4 ივნისს განახლებული ოფიციალური ინსტრუქციის მიხედვით, ქართველ გამყიდველებს შეუძლიათ რუკაზე შეარჩიონ საწყობი ან დახარისხების ცენტრი და გაეცნონ საქონლის მიღების პირობებს, ლოგისტიკურ ტარიფებს, დახარისხების ვადებსა და მომხმარებლამდე მიწოდების დროს. შესაბამისად, როგორც ჩანს, საქართველოში Wildberries-ის საქმიანობა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ შეკვეთების გაცემის პუნქტებით - კომპანია იყენებს ადგილობრივ ინფრასტრუქტურას საქონლის მიღების, დახარისხებისა და შემდგომი მიწოდებისთვის. თუმცა დიდი ლოგისტიკური ცენტრის არსებობა ამ ეტაპზე საქართველოში ღია წყაროებით არ დასტურდება, ისევე, როგორც აზერბაიჯანში.
სომხეთში კი Wildberries-ს უკვე აქვს მსხვილი ლოჯისტიკური ცენტრი: 2026 წლის 30 მარტს ერევანში ამოქმედდა დაახლოებით 23,000 კვ.მ-ის კომპლექსი, რომელიც გამყიდველების პროდუქციას შესანახადაც იღებს და დღეში 500,000-მდე ერთეული საქონლის დამუშავება შეუძლია.[^1] ცენტრი უკრაინის მიერ Wildberries-ის საწყობებზე ინტენსიური დარტყმების დაწყებამდე გაიხსნა, ამიტომ მისი შექმნის ამ თავდასხმებთან პირდაპირ დაკავშირება არასწორი იქნებოდა. თუმცა, ომის შედეგად რუსეთის შიდა სასაწყობე ქსელის დაზიანების პირობებში, რუსეთის ფარგლებს გარეთ უკვე შექმნილი და მომავალში დაგეგმილი ასეთი სიმძლავრეების ეკონომიკური და ლოჯისტიკური მნიშვნელობა ობიექტურად იზრდება.
მსგავსი ინფრასტრუქტურის აქტიური გამოყენება, ახლის მშენებლობა და, ზოგადად, Wildberries-ის გააქტიურება მეზობელ ქვეყნებში შესაძლებელს ხდის შემსუბუქდეს ზარალი, რომელსაც კომპანიას უკრაინული თავდასხმები და საერთაშორისო სანქციები აყენებს და გადაარჩინოს ის და მასთან დაკავშირებული რუსული ფინანსური ინფრასტრუქტურა. წინამდებარე დოკუმენტი მიზნად ამ საფრთხის და, ზოგადად, Wildberries-ის საქართველოში მოქმედების შეფასებას ისახავს მიზნად.
1. Wildberries - მმართველობა, კავშირი კრემლთან, რუს ოლიგარქთან, სანქციები კომპანიის წინააღმდეგ
Wildberries 2004 წელს ტატიანა კიმმა (მაშინ ბაკალჩუკმა) და ვლადისლავ ბაკალჩუკმა შექმნეს. 2024 წლიდან კომპანიამ რუსეთის უმსხვილეს გარე რეკლამის ოპერატორ Russ-თან გაერთიანება დაიწყო. მხარეებმა შექმნეს ახალი იურიდიული პირი შპს „რვბ“ (RVB LLC). RVB-ის 65% შპს „ვაილდბერისს“-ს ეკუთვნის, 35% კი Russ-თან დაკავშირებულ შპს „სტინნ“-ს. 2024 წლის აგვისტოდან Wildberries-ის პლატფორმასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და ოპერაციების მნიშვნელოვანი ნაწილი RVB-ზე გადავიდა.
Wildberries-Russ-ის გარიგება ჩვეულებრივი კერძო შერწყმის ფარგლებს გასცდა. Carnegie Endowment-ის მიერ აღწერილი მასალების მიხედვით, პროექტს ვლადიმირ პუტინის პირადი მხარდაჭერა ჰქონდა.[^2] კრემლისთვის წარდგენილ კონცეფციაში საუბარი იყო საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმის შექმნაზე, რუბლში საერთაშორისო ანგარიშსწორების სისტემაზე, რუსეთის ექსპორტის ზრდასა და გლობალურ პლატფორმებთან კონკურენციაზე. პუტინმა პროექტის კურირება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს, მაქსიმ ორეშკინს დაავალა. როიტერის ინფორმაციით, კომპანიის თავდაპირველი მფლობელების, ცოლ-ქმრის კომერციულ დავაში, სადაც ვლადისლავ ბაკალჩუკის მხარეს ჩეჩნეთის მეთაურის კადიროვის ინტერესებიც იკვეთებოდა და შეიარაღებული დაპირისპირებაც შედგა, საბოლოო სიტყვა სწორედ პუტინის გარემოცვის ჩარევამ თქვა ტატიანა კიმის და მისი პარტნიორების სასარგებლოდ.
კომპანიასთან დაკავშირებულ პროცესში არაერთხელ გამოჩნდა რუსი მილიარდერის სულეიმან კერიმოვის სახელი. ორგანიზაციის Carnegie Endowment for International Peace ანალიზში კერიმოვი Russ-თან დაკავშირებულ გავლენიან ფიგურად არის აღწერილი; 2026 წლის Meduza-ს კვლევაც აღნიშნავს, რომ რუსულ ბიზნეს-მედიაში წყაროები მას Russ-ის უკან მდგომ პირად ასახელებდნენ.[^3] მნიშვნელოვანია, რომ კერიმოვი სანქცირებული რუსი ოლიგარქია. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) იგი 2018 წელს დაასანქცირა და შემდგომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმშიც შეინარჩუნა.[^4]
შესაბამისად, ამჟამად Wildberries კომერციული ჯგუფის RVB LLC კორპორაციული სტრუქტურაა, ხოლო Wildberries Bank ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც უზრუნველყოფს ჯგუფის საბანკო მომსახურებას. 2026 წლის 16 ივნისს გაერთიანებულმა სამეფომ Wildberries Bank სანქცირებულ იურიდიულ პირთა სიაში შეიყვანა. სანქცირების საფუძველი იყო ის, რომ ბანკი საქმიანობს რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ფინანსური მომსახურების სექტორში და ამ გზით იღებს სარგებელს რუსეთის მთავრობისგან ან მხარს უჭერს მას.
მოგვიანებით, 2026 წლის 23 ივლისს, ბანკი ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტშიც მოხვდა. სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვასა და სხვა ფინანსურ შეზღუდვებს. ოფიციალურ დასაბუთებაში სამი მნიშვნელოვანი გარემოებაა გამოყოფილი: Wildberries Bank რუსული ბანკია, რომელსაც აქვს სხვადასხვა საბანკო ლიცენზია, მათ შორის დეპოზიტების მიღებისა და საბროკერო საქმიანობისთვის; ბანკი მონაწილეობს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების პროგრამებში, რომლებსაც, ევროკავშირის დოკუმენტის მიხედვით, ვლადიმირ პუტინი უჭერს მხარს/უწევს პოპულარიზაციას; Wildberries Bank საქმიანობს ეკონომიკურ (საბანკო) სექტორში, რომელიც მნიშვნელოვან შემოსავალს უზრუნველყოფს რუსეთის მთავრობისთვის, რომელსაც ევროკავშირი პასუხისმგებლად მიიჩნევს ყირიმის ანექსიასა და უკრაინის დესტაბილიზაციაზე.
ერთი შეხედვით, ეს შეზღუდვები ეხება Wildberries Bank-ს და ავტომატურად არ ვრცელდება Wildberries-ის პლატფორმაზე, საქართველოში მოქმედ ადგილობრივ ოპერატორზე ან პლატფორმაზე წარმოდგენილ ყველა გამყიდველსა და პროდუქტზე, რაც ფორმალურად სწორია, თუმცა ეს კომპანიები სანქციების საფრთხის ქვეშ უდავოდ არიან და იმ სქემის ნაწილი არიან, რისთვისაც აღნიშნული ბანკი დასანქცირდა.
ამასთან, ბანკის 5%-იანი წილი სანქცირებულ რუსულ VTB Bank-ს ეკუთვნის; წილის შეძენის მიზნად ტექნოლოგიური ინტეგრაცია და გადახდის ინფრასტრუქტურის გაერთიანება დასახელდა. შესაბამისად, Wildberries-ის ფინანსური ინფრასტრუქტურა პირდაპირ უკავშირდება ორ სანქცირებულ რუსულ ბანკს. თუ ამ პლატფორმაზე ვაჭრობ, თავადაც გექნება შეხება 2 სანქცირებულ ბანკთან, - თუ გამყიდველი ხარ, მიიღებ გადმორიცხვებს მათგან, მყიდველის მიერ გადახდილი თანხაც ამ ბანკში ჩაირიცხება. ხოლო თუ ბარათები და ანგარიშები, რომლითაც გამყიდველი/მყიდველი დარეგისტრირებული არიან საიტზე, ქართულია, ეს უკვე ნიშნავს, რომ ქართული ბანკები ხდებიან სანქცირებულ ბანკთან „მოთანამშრომლე“ სტრუქტურები, რაც მათთვისაც მნიშვნელოვანი ნეგატიური შედეგების მომასწავებელი შეიძლება იყოს.
2. Wildberries საქართველოში
რუსული ონლაინ-ვაჭრობის პლატფორმა Wildberries საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად 2024 წლის 22 ოქტომბერს შემოვიდა.[^5] გაყიდვები და მიწოდება ფრანშიზის მოდელით დაიწყო. პირველ ეტაპზე ქართველ მომხმარებლებს დაახლოებით 8 მილიონი დასახელების პროდუქტი შესთავაზეს, ხოლო შეკვეთების მიღება თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ გაცემის პუნქტში იყო შესაძლებელი. მიწოდებას დაახლოებით ერთი კვირა სჭირდებოდა.
ბოლო წლებში Wildberries-ის განვითარება საქართველოში აქტიურად დაიწყო. ქსელი საკმაოდ სწრაფად გაფართოვდა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. 2025 წლის 17 თებერვლისთვის საქართველოში 15 გაცემის პუნქტი ფუნქციონირებდა - ცხრა თბილისში, ორი ბათუმში და თითო რუსთავში, ქობულეთში, ახალციხესა და ახალქალაქში.[^6] 2025-2026 წლებში მედია გაცემის პუნქტების სხვადასხვა რაოდენობას ასახელებს - 30-დან 90-მდე.
საქართველოში Wildberries-ის პარტნიორია შპს „ტრანსკომ გრუპი“ (Transcom Group LLC) (საიდენტიფიკაციო ნომრით 406371938), რომელიც დარეგისტრირდა 2022 წლის 26 ივლისს და საქმიანობას ახორციელებს სავაჭრო ნიშნით „Wildberries". Transcom Group-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი სერგი თვალჭრელიძეა. საინტერესოა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პოლიტიკური შემოწირულებების ბაზის მიხედვით, სერგი თვალჭრელიძე „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შემომწირველია: 2025 წელს მან პარტიის ბიუჯეტში 30 000 ლარი შეიტანა. საინტერესოა ისიც, რომ კომპანიის აგრესიულ რეკლამაში, რომელიც განსაკუთრებით 2026 წლის ზაფხულში გააქტიურდა, პროსახელისუფლო და პრორუსული გაშუქებისთვის სანქცირებული ტელეკომპანიის „იმედის“ სახეებიც მონაწილეობენ.
რაც შეეხება კომპანიის აქტივობას საქართველოში - დღეს უკვე, უშუალოდ ვაჭრობის გარდა, უფრო მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ Wildberries-ის საქმიანობა საქართველოში მხოლოდ მომხმარებლისთვის შეკვეთების გაცემით აღარ შემოიფარგლება. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, კომპანიის ოფიციალურ ქართულ გაყიდვების პორტალზე გამოქვეყნებული 2026 წლის 4 ივნისს განახლებული ინსტრუქცია ქართველ გამყიდველებს სთავაზობს საწყობების, დახარისხების ცენტრებისა და შეკვეთების გაცემის პუნქტების რუკას.[^7] ოფიციალური აღწერის მიხედვით, ეს ინფრასტრუქტურა გამოიყენება როგორც „WB საწყობის“ (FBW), ისე "Marketplace" (FBS) მოდელისთვის.
გამყიდველს შეუძლია კონკრეტული საწყობი ან დახარისხების ცენტრი მოძებნოს სახელის ან ქალაქის მიხედვით და ნახოს მისი მისამართი, სამუშაო საათები, საქონლის მიღების პირობები, შესაძლო შეზღუდვები, დახარისხების ვადა, მომხმარებლამდე მიწოდების დრო და FBS ლოგისტიკის ღირებულება. Wildberries-ის ქართულ დახმარების ცენტრში ცალკე მიმართულებად არის გამოყოფილი „WB საწყობის“ (FBW) მოდელიც, მათ შორის Wildberries-ის საწყობში საქონლის მიწოდების, შენახვისა და უკან დაბრუნების პროცედურები.
ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა Wildberries-ის საქართველოში საქმიანობის საწყის ეტაპთან შედარებით. 2024 წლის ოქტომბერში ქართული ინფრასტრუქტურა პირველ რიგში მომხმარებლისთვის შეკვეთის მიწოდებასა და გაცემაზე იყო ორიენტირებული. ახლა კომპანია ქართველ მეწარმეებს უკვე სთავაზობს Wildberries-ის სისტემაში უშუალოდ გამყიდველებად ჩართვას და მათთვის ხელმისაწვდომ შენახვისა და მიწოდების სხვადასხვა მოდელს.
3. ქართული ბრენდები Wildberries-ის პლატფორმაზე
Wildberries-ის გაფართოების შემდეგი ეტაპი ქართველი მეწარმეების პლატფორმაზე გამყიდველებად ჩართვა გახდა. 2025 წლის სექტემბერში გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივ ბიზნესს მიეცა შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია პირდაპირ Wildberries-ის პლატფორმის საშუალებით გაეყიდა.
ამ ეტაპისთვის, ქართულ, რუსულ და მეზობელი ქვეყნების პორტალებზე განთავსებული ქართული ბრენდების სავარაუდოდ არასრული ჩამონათვალი ასეთია (სრული ჩამონათვალის მოძიება საკმაოდ რთულია იმის გამო, რომ ბრენდები პლატფორმაზე წარმოშობის ადგილის მიხედვით არ იძებნება):
• Borjomi – მინერალური წყალი • Nabeghlavi – მინერალური წყალი • Natakhtari – უალკოჰოლო სასმელები • Zedazeni – უალკოჰოლო სასმელები • Gurieli – ჩაი • Kula – საწებლები და კონსერვირებული პროდუქცია • Badagoni – ღვინო • Chateau Mukhrani – ღვინო • Askaneli – ღვინო და სპირტიანი სასმელები • Sarajishvili – კონიაკი • MACH & MACH – პრემიუმ მოდა • ANOUKI – პრემიუმ მოდა • Aleksandre Akhalkatsishvili – პრემიუმ მოდა
ამ სიის თანახმად, ქართული ბრენდების წარმომადგენლობა ყველაზე ფართოდ საკვებისა და სასმელების კატეგორიაში გამოვლინდა. Wildberries-ის რეგიონულ კატალოგებში იდენტიფიცირდა როგორც საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ქართული მინერალური წყლებისა და სასმელების ბრენდები (Borjomi, Nabeghlavi, Natakhtari, Zedazeni), ისე გადამუშავებული საკვებისა და ჩაის მწარმოებლები (Kula, Gurieli). Badagoni, Chateau Mukhrani, Askaneli და Sarajishvili-ს პროდუქცია ასევე არსებობს Wildberries-ის რეგიონულ კატალოგებში.
Wildberries-ზე ასევე არის MACH & MACH, ANOUKI და Aleksandre Akhalkatsishvili-ს პროდუქცია. აღნიშნული ბრენდები საერთაშორისო ბაზარზეც კარგად არიან ცნობილი და წარმოდგენილი არიან არაერთ საცალო ქსელსა და ონლაინ-პლატფორმაზე. მათი პროდუქციის არსებობა Wildberries-ზე მიუთითებს, რომ აქ არა მხოლოდ მასობრივი მოხმარების, არამედ პრემიუმ სეგმენტის ქართული პროდუქციაც იყიდება.
ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Wildberries ე.წ. მარკეტპლეისის მოდელით ფუნქციონირებს. შესაბამისად, პროდუქციის არსებობა პლატფორმაზე თავისთავად არ ნიშნავს, რომ გაყიდვას უშუალოდ მწარმოებელი ან ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ახორციელებს. ბრენდები, შესაძლოა, წარმოდგენილი იყოს როგორც უშუალოდ მწარმოებლის, ასევე გადამყიდველი კომპანიის მიერ.
ამასთან, თუ პროდუქცია პლატფორმაზე დამოუკიდებელმა რითეილერმა განათავსა, მონდომებისა და სურვილის შემთხვევაში, ბრენდებს აქვთ შესაძლებლობა ასეთი გაყიდვები შეზღუდონ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ან სახელშეკრულებო მექანიზმების გამოყენებით.
4. ორმაგი დანიშნულების და სამხედრო გამოყენებისთვის გამოსადეგი საქონელი Wildberries-ზე
უკრაინის მხარის მიერ Wildberries-ის საწყობებზე განხორციელებული თავდასხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, ფინანსური და ეკონომიკური კომპონენტის გარდა, პლატფორმაზე ორმაგი დანიშნულებისა და სამხედრო გამოყენებისთვის საჭირო საქონლის გაყიდვაც გახლდათ. უკრაინის ხელისუფლებამ ამის დასტურად დრონების და სხვა დამხმარე საშუალებების ფოტოებიც და ლინკებიც გამოაქვეყნა.
2026 წლის არაერთმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ კი აჩვენა, რომ გაყიდვების საიტის ინფრასტრუქტურა რუსეთის სამხედროების მხარდამჭერი მოხალისეობრივი ჯგუფების მიერ ფრონტისთვის საჭირო საქონლის შესაძენადაც გამოიყენებოდა.[^8] მაგალითად, Meduza-მ შეისწავლა რუსეთის სამხედროებისთვის დახმარების შემგროვებელი 71 Telegram-არხისა და VKontakte-ის 6 ჯგუფის პოსტები. ამ მასალებში Wildberries-ის პროდუქტებზე 3,709 პირდაპირი ბმული აღმოჩნდა. ბმულები ეხებოდა როგორც ჩვეულებრივ სამომხმარებლო საქონელს, საკვებსა და ტანსაცმელს, ისე სამხედრო გამოყენებისთვის განკუთვნილ ნივთებს, მათ შორის ჯავშან-ჟილეტებსა და უპილოტო საფრენი აპარატების კომპონენტებს. გამოძიებაში აღწერილ საქონელს შორის იყო სატელიტური ინტერნეტის კომპლექტი, რომლის აღწერაშიც გამყიდველი პირდაპირ მიუთითებდა, რომ პროდუქტი „СВО“-სთვის იყო გამოსადეგი; ასევე ჯავშანჟილეტი ფირფიტებით, ე.წ. ანტიდრონული გადასაფარებელი, დრონის ბატარეა და ღამის ხედვის მოწყობილობა.
2025-2026 წლებში 513 და 621 სხვადასხვა პროდუქტი და გვერდი იყო მონიშნული ამ ჯგუფების მიერ. გამოძიებების შემდეგ საიტის მიერ სულ 16 გვერდი იყო გაუქმებული.
საქართველოს კანონმდებლობით ორმაგი დანიშნულების საქონლად ითვლება პროდუქტი, პროგრამული უზრუნველყოფა ან ტექნოლოგია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მიზნებისთვის; კონტროლირებადი საქონლის კონკრეტული ჩამონათვალი მთავრობის მიერ დამტკიცებული საკონტროლო სიებით განისაზღვრება.[^9]
საქართველოს კანონით კონტროლის სიებში შეტანილი ორმაგი დანიშნულების საქონლის იმპორტს ნებართვა სჭირდება. შესაბამისი ნებართვების გაცემის უფლება აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს; მისი კომპეტენცია მოიცავს ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტის, საბროკერო მომსახურებისა და ტექნიკური დახმარების ნებართვებს.
ონლაინ გაყიდვების საიტებზე ერთი და იგივე ტექნოლოგიური კომპონენტი შეიძლება ჩვეულებრივი სამომხმარებლო პროდუქტის ნაწილიც იყოს და სამხედრო სისტემაშიც გამოიყენებოდეს. ასეთ პირობებში მცირე მოცულობის ტრანსსასაზღვრო ონლაინ-შეკვეთებში რამდენად ხდება კონტროლის სიაში შეტანილი პროდუქციის იდენტიფიცირება და შესაბამისი სანებართვო მოთხოვნების გამოყენება, ძნელი სათქმელია.
5. რატომ არის Wildberries-ის გაფართოება საქართველოში პრობლემა
ყველაფერი ზემოთქმული მოწმობს, რომ Wildberries-ის საქართველოში გაფართოება უკვე აღარ არის მხოლოდ უბრალოდ ბიზნესის და მარტივი ონლაინ-ვაჭრობის საკითხი, რადგან:
• Wildberries არის ბიზნესი, რუსული სავაჭრო და საფინანსო სისტემა, რომლის კონტაქტები კრემლთან, ფაქტობრივად, დადასტურებულია. კომპანიის ფინანსური ჯგუფი Wildberries Bank დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა დაასანქცირა, როგორც რუსეთის ხელისუფლების სამხედრო და აგრესიული ინტერესების გატარების ფინანსური მხარდაჭერის ინსტიტუტი; პლატფორმა რუსეთის სამხედროებისთვის საჭირო საქონლის, მათ შორის სამხედრო გამოყენებისთვის განკუთვნილი და ორმაგი დანიშნულების საქონლის შესაძენად გამოიყენება, რაც დამოუკიდებელმა მედია-გამოძიებებმაც დაადასტურა. • პრობლემურია საქართველოში ამ საქონლით ვაჭრობისა და ექსპორტის კონტროლის ეფექტური მექანიზმის არსებობაც, რაც ქვეყანაში სანქცირებული ან ორმაგი დანიშნულების პროდუქტით ვაჭრობისა და რეექსპორტის დამატებით რისკებს ქმნის. • ამ ფონზე საქართველოში Wildberries-ის არა მხოლოდ გაყიდვების, არამედ ადგილობრივი ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარება განსაკუთრებული რისკია. რუსეთის ტერიტორიაზე კომპანიის სასაწყობე ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილის დაზიანების შემდეგ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული ქსელი კომპანიისთვის კიდევ უფრო ღირებული ხდება. შესაბამისად, საქართველო შეიძლება იქცეს ინფრასტრუქტურის იმ რეგიონული დივერსიფიკაციის ნაწილად, რომელიც Wildberries-ს ომისა და სანქციების შედეგად მიღებული ზარალის შემცირებაში დაეხმარება. • პრობლემურია ქართული ბიზნესის ამ სისტემაში მზარდი ინტეგრაციაც. Wildberries-ზე უკვე იყიდება ქართული ბრენდების პროდუქცია, ხოლო ქართველ მეწარმეებს პლატფორმა პირდაპირ გამყიდველებად ჩართვას სთავაზობს. ეს, აცნობიერებენ თუ არა ამას თავად, ქართული კომპანიებისთვის რეპუტაციული რისკის შემცველიცაა და პერსპექტივაში, შესაძლოა, ფინანსური რისკების წყაროც გახდეს. • Wildberries-ის საქართველოში საქმიანობა სანქციურ რისკს ფინანსური სექტორისთვისაც ქმნის. კომპანიის ეკოსისტემაში შედის Wildberries Bank, რომელიც 2026 წელს დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა, მისი მოწილეა (5%) ასევე სანქცირებული VTB. საქართველოში, სადაც მომხმარებლები პლატფორმაზე ქართული საბანკო ბარათებით იხდიან, ეს გარემოება ადგილობრივი ბანკებისთვის სანქციებთან შესაბამისობისა და ტრანზაქციების სათანადო შემოწმების დამატებით რისკს ქმნის. საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც Wildberries Bank-ის სანქცირების შემდეგ პასუხისმგებლობა თავად ფინანსურ ინსტიტუტებზე გადაიტანა და განმარტა, რომ სანქციების დარღვევისა და გვერდის ავლის რისკი თითოეულმა მათგანმა თავად უნდა შეაფასოს. • სწორედ ამიტომ, სანქცირებულ ფინანსურ სტრუქტურასთან, კრემლის მხარდაჭერილ ბიზნესპროექტთან და რუსეთის სამხედრო მომარაგებისთვის გამოყენებულ პლატფორმასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის საქართველოში გაძლიერება ვერ ჩაითვლება უბრალოდ „უცხოურ ინვესტიციად“ ან საცალო ვაჭრობის განვითარებად; თუ სახელმწიფო ფაქტობრივად წაახალისებს კომპანიის გაფართოებას საქართველოში, მკაცრ საბაჟო და ფინანსურ კონტროლს არ განახორციელებს კომპანიის ვაჭრობაზე, ქართული ბანკები და ქართველი ბიზნესმენები კი მეტ პასუხისმგებლობას არ გამოიჩენენ ასეთი რეპუტაციის მქონე კომპანიასთან თანამშრომლობის დროს, საქართველო შეიძლება გახდეს იმ ეკონომიკური და ლოგისტიკური ქსელის ნაწილი, რომელიც რუსულ ბიზნესს, ომისა და სანქციების პირობებში, მდგრადობის შენარჩუნებაში ეხმარება. ამას კი თავისი უარყოფითი შედეგები ქვეყნისთვის და მისი ეკონომიკისთვის აუცილებლად ექნება.
სქოლიოები / Footnotes:
[^1]: ARMENPRESS, "Wildberries opened a new logistics complex in Yerevan with a capacity of up to 500,000 goods per day," March 31, 2026
[^2]: Carnegie Endowment for International Peace, 31 July 2024; https://carnegieendowment.org/russia-eurasia/politika/2024/07/wildberries-takeover-kadyrov
[^3]: Meduza, 3 August 2026. https://meduza.io/amp/en/feature/2026/08/03/ukraine-says-online-retail-giant-wildberries-helps-supply-russia-s-military-meduza-examines-the-evidence
[^4]: U.S. Department of the Treasury, Office of Foreign Assets Control (OFAC), Russia-related Designations and Designations Updates, 30 September 2022
[^5]: Kommersant, "Wildberries запустил продажи и доставку товаров в Грузии," 22 October 2024.
[^6]: Commersant Georgia, "Wildberries-ის მობილური აპლიკაცია უკვე ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომია," 27 February 2025
[^7]: Wildberries, "Карта складов Wildberries," Seller Portal Georgia, updated 4 June 2026. https://seller.wildberries.ge/instructions/ru/ge/material/warehouse-map-ka
[^8]: Meduza, "Ukraine says online retail giant Wildberries helps supply Russia's military. Meduza examines the evidence," 3 August 2026
[^9]: Law of Georgia on the Control of Military and Dual-Use Goods, Article 2(1), Legislative Herald of Georgia, https://www.matsne.gov.ge/en/document/view/2113659
BM.GE
წყარო: bm.ge