
რატომ ეშინია Ford-ის დირექტორს ჩინური ავტომწარმოებელი კომპანიების?
Ford-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯიმ ფარლიმ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ჩინური ავტომწარმოებლების ექსპანსიის შესახებ გააფრთხილა. კომპანიის ხელმძღვანელი პოლიტიკოსებს ევროპის გამოცდილების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს. კერძოდ, დეტროიტში გამართულ ღონისძიებაზე ფარლიმ განმარტა, რომ ევროპული ბაზრისთვის რეაგირება უკვე დაგვიანებულია, თუმცა ამერიკულ მხარეს გადაწყვეტილების მისაღებად ჯერ კიდევ აქვს დრო.
აღსანიშნავია, რომ ჩინური ბრენდების ექსპანსიის ფონზე Ford-ი ორმაგ სტრატეგიას იყენებს. მაგალითად, ის ტექნოლოგიურ სექტორში მომუშავე ჩინურ კომპანიებთან, მათ შორის Geely-სთან თანამშრომლობს. მეორეს მხრივ, კორპორაცია მათთან პირდაპირ კონკურენციასაც გეგმავს.
ჯიმ ფარლის განცხადებით, ამერიკული ავტომწარმოებელი ითანამშრომლებს ჩინელებთან იმ მიმართულებებში, სადაც საკუთარი ინტელექტუალური საკუთრება და ტექნოლოგიური უპირატესობა არ გააჩნია.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჯიმ ფარლის განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდა. მოლაპარაკებების ფონზე ამერიკის პრეზიდენტმა აშშ-ში ჩინური ბრენდების ოპერირება მხოლოდ ადგილობრივი წარმოების პირობით დაუშვა. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ჩინური საავტომობილო ბრენდების შეზღუდვასთან დაკავშირებით ახალ კანონპროექტებს განიხილავენ.
ცნობისთვის, 2020-დან 2025 წლამდე ჩინური ბრენდების გლობალური საბაზრო წილი თითქმის 70%-ით გაიზარდა, განსაკუთრებით დრამატული ექსპანსია ევროპის რეგიონში ფიქსირდება.
BM.GE
წყარო: bm.ge