
რატომ ითხოვს ნიუ-მექსიკო მოსამართლისაგან Meta-სთვის $40-მილიარდიანი ჯარიმის დაკისრებას
აშშ-ის ნიუ-მექსიკოს შტატმა სასამართლოს Meta Platforms-ისთვის $35-დან $40 მილიარდამდე ოდენობის ჯარიმის დაკისრების მოთხოვნით მიმართა.
არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება ეფუძნება ნაფიც მსაჯულთა იმ ვერდიქტს, რომლის მიხედვითაც ტექნოლოგიურმა გიგანტმა Facebook-ის მომხმარებლები პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეცდომაში შეიყვანა. როგორც ირკვევა, სანტა-ფეს სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა კომპანიის განცხადებებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობის 43 მილიონზე მეტი დარღვევა დაადგინეს.
თავად შტატის კანონმდებლობა მოსამართლეს თითოეულ დარღვევაზე ჯარიმის სახით $5,000-მდე თანხის განსაზღვრის უფლებას ანიჭებს.
როგორც ირკვევა, ამჟამად სასამართლო მოსმენაზე მხარეებს შორის დავის მთავარი საგანი ფინანსური სანქციის მოცულობაა. ნიუ-მექსიკოს შტატის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანიამ მომხდარის გამო რეალური ფინანსური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს. რაც შეეხება თავად Meta-ს, კორპორაციის იურისტებმა მოსამართლეს ჯარიმის $3.45 მილიარდამდე შეზღუდვა მოსთხოვეს. კომპანიის განმარტებით, შტატის მოთხოვნა რეალურ გარემოებებს არ შეესაბამება და აშშ-ის კონსტიტუციურ ნორმებს არღვევს.
ცნობისთვის, სასამართლო დავა 2016 წლის Cambridge Analytica-ს გახმაურებულ სკანდალს უკავშირდება. ბრიტანულმა პოლიტიკურმა საკონსულტაციო ფირმამ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის პერიოდში Facebook-ის 87 მილიონი მომხმარებლის პერსონალური მონაცემები მათი თანხმობის გარეშე შეაგროვა.
BM.GE
წყარო: bm.ge