
რატომ იზრდება ნავთობის და ობლიგაციების განაკვეთები ერთდროულად?
ახლო აღმოსავლეთში განახლებულმა დაძაბულობამ ინფლაციური მოლოდინები გაამწვავა, რამაც ნავთობის ფასების ზრდა და ობლიგაციების ბაზარზე რყევები გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, ინვესტორები ვარაუდობენ, რომ ცენტრალურ ბანკებს საპროცენტო განაკვეთების კიდევ უფრო გაზრდა მოუწევთ.
ბაზარზე ზეწოლა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბირთვულ ელექტროსადგურზე მომხდარმა თავდასხმამ და აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლამ გაზარდა. დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ირანი მკაცრად გააფრთხილა და აღნიშნა, რომ დრო იწურება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყნისგან არაფერი დარჩება. მოგვიანებით, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაყაიმ განმარტა, რომ პაკისტანელი შუამავლის მეშვეობით მხარეებს შორის კომუნიკაცია კვლავ გრძელდება.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დაძაბულობის ფონზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბოლო ორი კვირის მაქსიმუმამდე, ბარელზე $111-მდე გაიზარდა, ხოლო ამერიკული WTI-ის ფასმა 106 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 70%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
პარალელურად, გლობალურ სავალო ბაზარზე აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების განაკვეთმა 4.63%-ს მიაღწია, რაც 2025 წლის თებერვლის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია. დიდ ბრიტანეთში კი 10-წლიანი სახელმწიფო ობლიგაციების განაკვეთი 18-წლიან მაქსიმუმამდე, 5.19%-მდე გაიზარდა.
ამასთან, იაპონიაში 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობამ ბოლო თითქმის 30 წლის მაქსიმუმს, 2.8%-ს მიაღწია, რადგან მთავრობა ახლო აღმოსავლეთის ომისგან მიყენებული ეკონომიკური დარტყმის შესარბილებლად ახალი ვალის აღებას გეგმავს.
მსოფლიოს მასშტაბით ობლიგაციების განაკვეთების ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორებს არსებული ვითარება აშინებთ და ისინი თანხის გაცემისა და რისკის აღების სანაცვლოდ მეტ პროცენტულ სარგებელს ითხოვენ. ობლიგაციების განაკვეთების ზრდა სამთავრობო ვალდებულებების მომსახურებას ამცირებს და საფონდო ბირჟას კორექციისკენ უბიძგებს.