
რატომ შესთავაზა სახელმწიფომ დევნილებს ბინების ნაცვლად ფულადი კომპენსაცია? - გიორგი კაკაურიძე
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, დევნილთა განსახლების პროგრამის ფარგლებში 10 000-ლარიანი ფულადი კომპენსაციის აღება იძულებით გადაადგილებული ოჯახების პირადი არჩევანია და მათთვის არავის არაფერი დაუძალებია - ასე უპასუხა გიორგი კაკაურიძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატის ქეთევან ბაკარაძის კითხვას, რომელიც დაინტერესდა - ჩატარდა თუ არა წინასწარი კვლევა იმის დასადგენად, თუ რატომ აკეთებენ დევნილები არჩევანს ფულად კომპენსაციაზე და არა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
გიორგი კაკაურიძის განმარტებით, არჩევანის მიზეზების დადგენა შესაძლოა შემდგომი კვლევის საგანი გახდეს, თუმცა თავად პროგრამა წინასწარ მოლოდინებსა და ოჯახების საჭიროებებს ეფუძნებოდა. მისივე თქმით, განსახლების მომლოდინე დაახლოებით 38 ათასი დევნილი ოჯახის აბსოლუტური უმრავლესობა საცხოვრებელი ფართის გარეშე არ არის, თუმცა ბევრ მათგანს იპოთეკური სესხი აქვს და კომპენსაციის გამოყენება სესხის წინსწრებით დასაფარად შეუძლია.
"ეს იყო შეთავაზება. დარჩენილია დაახლოებით 38 ათასი დევნილი ოჯახი, რომელსაც განსახლება ეკუთვნის. რომ ნახოთ ამ 38 ათასი ოჯახის აბსოლუტური უმრავლესობა საცხოვრებელი სახლის გარეშე არ არის, თუმცა ძალიან ბევრ მათგანს იპოთეკური სესხი აქვს. როდესაც „სოფლად სახლის“ პროგრამას ვახორციელებდით, ადამიანების დაკმაყოფილება დაახლოებით იგივე თანხების ფარგლებში ხდებოდა და, რა თქმა უნდა, ესეც მათი არჩევანი და მათთვის მისაღები ვარიანტი იყო. როდესაც ადამიანს იპოთეკური სესხი აქვს და ეძლევა საშუალება, ეს თანხა სესხის წინსწრებით დასაფარად გამოიყენოს, გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, ალბათ, ესეც იქნებოდა. ახლა არ ვიცი, ჩატარდა თუ არა კვლევა, თუ რატომ გააკეთეს ეს არჩევანი ეს, ალბათ, პოსტკვლევის საგანი უნდა იყოს. გადაწყვეტილება წინასწარი მოლოდინებიდან გამომდინარე მიიღეს. თუ რატომ გააკეთეს ეს არჩევანი, ეს ამ ადამიანების, ამ ოჯახების პირადი გადაწყვეტილება იყო.
ახლა მეორე საკითხი რეალურად რომ შევხედოთ, 38 ათასი ოჯახისთვის რამდენი სახლი უნდა აშენდეს და მით უმეტეს, თბილისში რამდენი სახლის აშენება შეიძლება კიდევ დამატებით 38 ათასი სახლის აშენებას ძალიან ბევრი წელი დასჭირდებოდა. ეს ხომ მთელ საქართველოსა და სოფლებზე არ ნაწილდება, ძირითადი ნაწილი თბილისზე მოდის. ამ მოსახლეობის დიდი ნაწილი თბილისში ცხოვრობს, ამიტომ საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, მათ შორის მიწის ფაქტორის გათვალისწინებით, თბილისში საკმაოდ დიდი პერიოდი დასჭირდებოდა.
თუმცა იმ კრიტერიუმებით, რომლებიც თქვენ ახსენეთ და რომლებიც დადგენილია იმისთვის, რომ ამ კომპენსაციით დასაკმაყოფილებელ ოჯახებს პრიორიტეტი მიენიჭოთ, შესაძლებელი იქნება უფრო მალე დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომლებსაც სახლი არ აქვთ და კომპენსაციის ნაცვლად საცხოვრებელი ფართის მიღება სურთ. შესაბამისად, ეს რაოდენობა შემცირდება და უფრო მეტი ოჯახის მოკლე დროში დაკმაყოფილება გახდება შესაძლებელი. ჩვენი მთავარი მიზანი ხომ სწორედ ის არის, რომ ადამიანებს საცხოვრებელი სახლებით დავეხმაროთ და ეს პრობლემა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს და არ გაიწელოს ათწლეულობით. ეს მხოლოდ ფულის საკითხი არ არის 200 მილიონის ნაცვლად 2 მილიარდიც რომ ჩადოთ, ამ რაოდენობის სახლები, მათ შორის თბილისში, 1 ან 5 წელიწადში ვერ აშენდება, ეს შეუძლებელი იქნება.
სწორედ ამიტომ გაკეთდა ეს შეთავაზება რომელიც ოჯახიც დათანხმდა, მან მიიღო კომპენსაცია, ხოლო ვინც არ დათანხმდა, მათ არაფერი ეზღუდებათ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კრიტერიუმების მიხედვით შესაძლოა რიგში გაცილებით წინ გადაიწიონ, ვიდრე აქამდე იყვნენ. ეს არის ამ პროგრამის შინაარსი და თუ ვინმეს არ უნდოდა, არავის დაუძალებია. თავადვე აღნიშნეთ, რომ საკმაოდ დიდი რიგები იყო და ადამიანებს ამის სურვილი ჰქონდათ. ახლა დავასრულებ და სხვა კითხვებსაც ვუპასუხებ, დიდი მადლობა.
შემდეგი საკითხი ბიუჯეტის ათვისების ნაწილს ეხებოდა. წლის ბოლომდე ათვისების პროგნოზი ამ ცვლილებებისა და გადანაწილებების შემდეგ. როგორც მოგახსენეთ, არის დამატებითი საჭიროებებიც, ასევე გვაქვს მოსალოდნელი ათვისებიდან გარკვეული შემცირებაც. წლის ბოლოსთვის კორექტირებული ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებელი 98-99%-ის ფარგლებში იქნება ასეთი მოლოდინი გვაქვს", - განაცხადა კაკაურიძემ.
დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდა. იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადები ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში მიიღება. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა იმ დევნილ ოჯახს შეუძლია, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი კომპენსაცია ჯერ არ მიუღია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტფულადი კომპენსაცია განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად გაიცემა, ხოლო მისი ოდენობა ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 ათას ლარს შეადგენს.
BM.GE
წყარო: bm.ge