
რატომ უჩივლა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მილიარდერ ტიმურ ტურლოვს?
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მოსკოვის ტვერსკოის რაიონულ სასამართლოში ყაზახი ბიზნესმენის, ტიმურ ტურლოვისა და მის მიერ დაფუძნებული კომპანიების წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი შეიტანა.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილის მიერ ინიციირებული საქმის სამიზნე Freedom Holding Corp.-ი, Freedom Finance Europe Ltd.-ი, W-Empirical Holding Corp.-ი და ბიზნესპარტნიორი არკადი შჩუკინი გახდნენ.
მართალია, საგამოძიებო უწყებას დავის ოფიციალური შინაარსი ჯერ არ გაუსაჯაროებია, თუმცა პროცესი მიზნად რუსეთში ტვერსკოის დარჩენილი აქტივების კონფისკაციას ისახავს. მოსკოვის სასამართლომ საქმეზე წინასწარი განხილვა უკვე ჩანიშნა და ის 15 ოქტომბერს გაიმართება.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ რუსეთის ხელისუფლების ეს ნაბიჯი საერთაშორისო ასპარეზზე მომხდარ ერთ მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირდება. სარჩელის შეტანამდე რამდენიმე დღით ადრე, 26 სექტემბერს, ტიმურ ტურლოვი FIDE-ს (ჭადრაკის საერთაშორისო ორგანიზაციის) პრეზიდენტად აირჩიეს. ამ თანამდებობაზე ბიზნესმენმა ჩაანაცვლა რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი არკადი დვორკოვიჩი, რომელსაც ევროკავშირმა სანქციები დაუწესა.
ამას ემატება ისიც, რომ მოსკოვში დაბადებული ტურლოვს რუსეთის მოქალაქეობაზე უარი 2022 წელსვე აქვს ნათქვამი და ახლა ოფიციალურად ყაზახეთის მოქალაქეა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მისმა ჰოლდინგმა სრულად გაყიდა რუსული აქტივები, რომლებსაც ამჟამად Tsifra Broker-ი და Tsifra Bank-ი ეწოდება.
აღსანიშნი ფაქტია, რომ ტურლოვს რუსეთში ქონება გაკოტრებული ბანკის საქმიდან თანხების გატანის ბრალდებით ჯერ კიდევ 2024 წელს დაუყადაღეს.
რაც შეეხება კომპანიის პოზიციას, Freedom Holding-ში აცხადებენ, რომ რუსეთის გენერალური პროკურატურის სარჩელის რეალური არსი მათთვის გაუგებარია. კომპანიის განცხადებით, მენეჯმენტი მიმდინარე დავის გამო ბიზნესოპერაციების შეფერხების საფრთხეს ვერ ხედავს. ჰოლდინგს რუსეთის ფედერაციაში არანაირი აქტივი აღარ გააჩნია და ის ამ ბაზარზე საქმიანობას აღარ ეწევა. დღეს საერთაშორისო ფინანსური ჯგუფი საქმიანობას მსოფლიოს 22 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და სომხეთში დამოუკიდებლად აგრძელებს.
ცნობისთვის, ტიმურ ტურლოვმა Freedom Holding-ი 2008 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში დააფუძნა. ბიზნესმენი Forbes-ის გლობალურ რეიტინგში $2.1 მილიარდის ქონებით პირველად 2021 წელს მოხვდა. 2026 წლის მონაცემებით, Forbes Kazakhstan-მა ტურლოვი ქვეყნის 75 უმდიდრეს ადამიანს შორის მეექვსე ადგილზე დაასახელა, ხოლო მისი კაპიტალი $5.2 მილიარდად შეაფასა.
BM.GE
წყარო: bm.ge