
ნავთობქარხნების დაზიანების გამო რუსეთი ბენზინის ექსპორტიდან იმპორტზე გადავიდა
ბრიტანული გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, რომელიც ანალიტიკური ცენტრის, Kpler-ის მონაცემებს ეყრდნობა, უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების დაზიანებისა და წარმოების შემცირების გამო, ოქტომბერში რუსეთმა საზღვაო გზით ბენზინის სარეკორდო მოცულობის იმპორტი განახორციელა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ბენზინის იმპორტი რუსეთისთვის აღარ წარმოადგენს მხოლოდ დროებით ზომას და გრძელვადიანი შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებელ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად ყალიბდება, რადგან ქარხნების მუშაობაში შეფერხებები კვლავ გრძელდება.
გავრცელებული ცნობით, რუსეთს საწვავი საზღვაო გზით მაროკოდან, თურქეთიდან, ინდოეთიდან და ეგვიპტიდან შეაქვს — ოქტომბერში ამ მარშრუტით განხორციელებულმა იმპორტმა 390 000 ტონას მიაღწია. გარდა ამისა, მოსკოვმა საწვავის სარეკორდო მოცულობა შეიძინა ბელარუსისგან და იმპორტი ყაზახეთიდანაც განახორციელა.
ცნობისთვის, უკრაინა გაზაფხულიდან აწარმოებს ინტენსიურ იერიშებს რუსეთის ნავთობის სექტორზე, რასაც ზაფხულში ქვეყნის მასშტაბით საწვავის დეფიციტი და ავტოგასამართ სადგურებზე მასობრივი რიგები მოჰყვა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ოქტომბრის ბოლოსთვის რუსეთის საწარმოებში ნედლი ნავთობის გადამუშავების ჯამური მოცულობა 45%-ით შემცირდა, ხოლო ქვეყნის 35 უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ობიექტიდან 15-ის მუშაობა შეფერხდა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge