
რატომ უნდა გვეშინოდეს AI-კიბერთავდასხმების? - ბილ გეიტსის გაფრთხილება
Microsoft-ის თანადამფუძნებელი, ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე ისევ საჯაროდ საუბრობს და მომავალ წელს AI-ის გამოყენებით განხორციელებული კიბერთავდასხმების შემთხვევების მკვეთრ ზრდას პროგნოზირებს.
მისი შეფასებით, AI-ის მიერ კაცობრიობის განადგურების საფრთხე ჯერ კიდევ შორს არის, თუმცა უშუალო და რეალურ რისკს ამჟამად დამცავი მექანიზმების გარეშე არსებული ტექნოლოგიების ბოროტმოქმედების მიერ გამოყენება წარმოადგენს.
მილიარდერი მეწარმე ბიოტერორიზმსა და კიბერთავდასხმებში AI-ის გამოყენების აღსაკვეთად მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ითხოვს. მისი განმარტებით, ამჟამად AI-სისტემებისთვის უსაფრთხოების ბარიერების მოხსნა ნებადართულია. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ბოროტმოქმედთა ხელში ჩავარდნილმა Anthropic-ისა და OpenAI-ის მოდელებმა, შესაძლოა, მასშტაბური კიბერშეტევები განახორციელონ და პლანეტაზე არსებული ათასობით კომპანია თუ სახელმწიფო უწყება დაჰაკონ.
საყურადღებოა, რომ გეიტსმა ჯერ კიდევ აგვისტოს ვრცელ პუბლიკაციაში გააფრთხილა საზოგადოება, რომ მსოფლიო AI-ით გამოწვეული ცვლილებებისთვის მოუმზადებელია.
ახალ ინტერვიუში მან ასევე უარყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიცია, რომლის მიხედვითაც ტექნოლოგიური კომპანიების თვითრეგულირება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკმარისია. გეიტსის თქმით, კაცობრიობის მიერ შექმნილი ყველაზე საშიში ტექნოლოგიის კონტროლი მხოლოდ კერძო სექტორს არ უნდა მიენდოს და აუცილებლად უნდა შეიქმნას მარეგულირებელი სტრუქტურა, რომელიც AI-აგენტების საქმიანობას გააკონტროლებს.
BM.GE
წყარო: bm.ge