
რატომ უნდა შეეხოს ტენდერებში ფასის ინდექსაცია ხელფასებსაც|მთავრობის პოზიცია და ბიზნესის არგუმენტი
"ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" (ICCA) აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გიორგობიანი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვებისას ფასთა ინდექსაცია ხელფასების კომპონენტსაც აუცილებლად უნდა შეეხოს.
ინდექსაცია არის გადასახდელი თანხის ავტომატური კორექტირება ინფლაციის ტემპის ან სხვა მაჩვენებლის მიხედვით, რასაც სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიები ბევრი წელი ითხოვდნენ და გასულ თვეში, მთავრობამ ტენდერებში ფასის ინდექსაციის მექანიზმი გარკვეული პირობებით აამოქმედა. როგორც ცნობილია, ინდექსაციისას ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება არ გადაითვლება – კორექტირება შეეხება შესრულებული სამუშაოების ღირებულების მხოლოდ 60%-ს, ხოლო დანარჩენი 40% უცვლელი დარჩება. ასევე, ინდექსაცია არ ეხება ხელფასის კომპონენტსაც.
როგორც ირაკლი გიორგობიანმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში განაცხადა, ინფრასტრუქტურის მშენებელი ბიზნესის მთავარი არგუმენტი, რატომაც მიიჩნევენ, რომ ფასის ინდექსაცია ხელფასებსას უნდა შეეხოს, კერძო დეველოპმენტსა და სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის არსებული მაღალი კონკურენციაა.
მთავრობის არგუმენტი, რატომაც ფასის ინდექსაცია ხელფასების კომპონენტზე არ ვრცელდება
ირაკლი გიორგობიანი აცხადებს, რომ სახელფასო ინდექსაციის გარეშე, სახელმწიფო პროექტებში ჩართული კომპანიები კვალიფიციური კადრების შენარჩუნებას ვერ შეძლებენ, რაც საბოლოოდ ინფრასტრუქტურის ხარისხზე უარყოფითად აისახება.
- პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ტენდერებში ფასის ინდექსაციის მექანიზმის ინსტიტუციონალიზაცია ცალსახად მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. რა მოხდა? პირველი - შესყიდვების კანონში შევიდა ცვლილება, რომ ხელშეკრულების ღირებულების ზრდა არის დასაშვები, მათ შორის ინდექსაციით; მეორე - ახლა მთავარია, როგორ მოვახდენთ ამის სწორ განხორციელებას. ინდექსირების დასათვლელად გამოიყენება ფორმულა, რომელიც აღებული გვაქვს საერთაშორისო პრაქტიკიდან (FIDIC) და ახლა ჩვენი დისკუსია დეტალებს ეხება. რაც შეეხება ინდექსაციის ხელფასის კომპონენტზეც გავრცელებას, ამაზეც გვქონდა მსჯელობა. მთელი ამ რეფორმების მიზანია, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ხარისხობრივი ინფრასტრუქტურა და, ამავდროულად, ხელი შევუწყოთ კომპანიების გაჯანსაღებასა და კაპიტალიზაციის ზრდას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მშენებლობა შედგება ორი სექტორისგან: ერთი - სადაც მოთხოვნას ქმნის კერძო დეველოპმენტი, და მეორე - სახელმწიფო, რომელიც [აფინანსებს] საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობას. ნომინალში რომ შევადაროთ, კერძო დეველოპმენტის მხარე გაცილებით დიდია, ვიდრე - სახელმწიფოსი. შესაბამისად, ჩნდება რისკი, რომ საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებელობაში დასაქმებულ ადამიანს გაუჩნდეს ალტერნატივა, მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ კადრების დეფიციტი გვაქვს და მოთხოვნა გაცილებით აღემატება მიწოდებას, გადავიდეს კერძო სექტორში სამუშაოდ… შედეგად კი, ინფრასტრუქტურის ბიზნესში მონაწილე კომპანიებისთვის რთული იქნება კვალიფიციური ადამიანების შენარჩუნება იმ დროს, როდესაც კერძო სექტორში გაცილებით მაღალ ანაზღაურებას უხდიან. ამ ინფლაციურ რისკებს მოთხოვნა-მიწოდება ქმნის, სადაც დეველოპმენტის სექტორი გაცილებით დიდ როლს თამაშობს. აქედან გამომდინარე, თუ ხელფასების ინდექსირებას არ მოვახდენთ, ინფრასტრუქტურის სექტორში მოქმედ კომპანიებს გაუჭირდებათ კვალიფიციური კადრების შენარჩუნება…
- თქვენი არგუმენტები თუ გაუზიარეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ლევან ჟორჟოლიანს, რომელსაც მიაჩნია, რომ ფასთან ინდექსაციის მექანიზმის ხელფასებზე გავრცელებამ, შესაძლოა, ინფლაციას შეუწყოს ხელი, რასაც მთავრობა არ დაუშვებს…
- არა მხოლოდ ბატონ ლევანს [გავუზიარეთ ჩვენი დასაბუთება] არამედ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს, ასევე, ინფრასტრუქტურის მინისტრს და მის გუნდს. ჩვენ გვესმის, რომ ისინი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან საჯარო ფინანსების მართვას. მათ არ უნდათ, რომ რაიმე რისკი გაექცეთ, თუმცა იმ პერსპექტივიდან, რაზედაც საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში, მინისტრის მონაწილეობით, ვისაუბრეთ [ბატონი ლევანი დისკუსიის მეორე ნაწილს აღარ ესწრებოდა], დარწმუნებული ვარ, ეს რისკი სწორად შეფასდება.
- ფასთა ინდექსაცია გავრცელდება ხელფასების კომპონენტზეც?
- ვფიქრობ, დიახ, რადგან ამ რისკის წინაშე უკვე ვდგავართ… ინდექსაციის ნაწილში ჩვენი მეორე წინადადებაც გაჟღერდა: საერთოდ მოვხსნათ ზედა ზღვარი. პრობლემა რა არის, იცით?! როდესაც ზედა ზღვარი არსებობს, ბიდერს (ტენდერში მონაწილეს) არ აქვს საშუალება, ინფლაციური რისკი განფასებაში ასახოს. თუ გვინდა, ალტერნატივის სახით მოვხსნათ ზედა ზღვარი და ამ შემთხვევაში ინდექსაცია აღარ იქნება. ევროპულ მაგალითებს თუ შევხედავთ - ევროპაში ზედა ზღვარი არ არსებობს და შესყიდვისას ყველაზე დაბალი ბიდერი ავტომატურად არ იმარჯვებს. შესაბამისად, იქ მიმწოდებელმა იცის, რომ ბიდინგის დროს ეს რისკები თავად უნდა განსაზღვროს და ვეღარც მშენებლების პრეტენზიებს მოვისმენთ - „დიზელის ფასი გაიქცა“ თუ „მასალები გაძვირდაო“, მაგრამ როდესაც ვაწესებთ ზედა ზღვარს, რომ „ამაზე მეტს არ გადავიხდი“, დღეს ვის შეუძლია თქვას, ხვალ საწვავის ფასი რა იქნება?!
- ალბათ არავის... საბოლოოდ, ამ ნაწილში რა მოლოდინი გაქვთ - შეძლებთ არგუმენტებით დაასაბუთოთ თუ პრაქტიკა გამოაჩენს, რომ ხელფასებსაც უნდა შეეხოს ფასთა ინდექსაცია?
- საბოლოოდ, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. პირველ რიგში, ეს ღიაობა და დიალოგია ღირებული. ამ კითხვა-პასუხში მეც შეიძლება შევცვალო პოზიცია - ინდექსაციის ნაწილში ბევრი რამ სხვანაირად მესმოდა, მივიღე პასუხები და ახლა სხვანაირად ვუყურებ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების მიმღებებისთვისაც ძალიან ღირებული იყო ეს დიალოგი. პროცესის ყველა მონაწილეს ახლა უკეთესი აღქმა აქვს, რაც ეხმარება მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და სამომავლო პროგნოზირებაში.
- მიმდინარე რეფორმების, საკანონმდებლო ცვლილებების, რეგულაციების გამარტივებისა თუ უფრო მკაფიო ჩამოყალიბების პირობებში, რა რჩება ყველაზე სუსტ წერტილად ინფრასტრუქტურის მშენებელი ბიზნესისთვის, რაც ანელებს ბიზნესის უფრო სწრაფი ტემპით გაძლიერებას?
- ვფიქრობ, ყველაზე დიდი პრობლემა, რაც იდენტიფიცირებულია და ბევრ თამამ გადაწყვეტილებას უშლის ხელს, საჯარო და კერძო სექტორს შორის არსებული ნდობის დეფიციტია. იმედი მაქვს, ეს ნდობის ხარისხი დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზრდება.
- ბიზნესი არ ენდობა საჯარო სექტორს თუ, პირიქით, სახელმწიფო არ გენდობათ თქვენ?
- ამ სექტორს იმდენად რთული პერიოდი აქვს გავლილი, ზოგადად კარგად იცით, როგორ იყო მოწყობილი ეს სფერო და რა გამოწვევები არსებობდა. ამ ყველაფერმა თავისი კვალი დატოვა და შესაბამისად…
- მათ შორის კორუფციულ ჭაობსაც გულისხმობთ?
- არა მარტო - ზოგადად, როგორც იყო სისტემა ორგანიზებული...
- მთავრობა გიყურებთ უფრო ეჭვის თვალით თუ - პირიქით?
- მთავრობას პრობლემა ჰქონდა ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხთან მიმართებით.
- რა ფასსაც სახელმწიფო იხდიდა, იმ ხარისხის პროდუქტს იღებდაო - ამბობთ ხოლმე ინტერვიუებში…
- დიახ, ეს ხარისხი დაბალი ფასით იყო ახსნილი. დღეს კი, სხვა სიტუაციაა. შესაბამისად, მგონია, რომ სწორედ ნდობის დეფიციტი გვაქვს. ნდობა კი, ჩამოყალიბდება და გაიზრდება ურთიერთობით. ის ამოცანები, რაც დღეს დგას, ერთობლივად რომ რეალიზდება, დარწმუნებული ვარ, ნდობის ზრდასთან ერთად გადაწყვეტილებებიც გაცილებით თამამი გახდება.
BM.GE
წყარო: bm.ge