
პეტერ მადიარის მთავრობა რუსეთს უნგრეთისა და ევროპის უსაფრთხოების საფრთხედ აღიარებს
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უნგრეთი რუსეთს საფრთხედ მიიჩნევს საკუთარი ქვეყნისთვის, ევროპისთვის და „გლობალური წესრიგისთვის“. აღნიშნული პოზიცია ასახულია უნგრეთის მთავრობის მითითებებში გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის დელეგაციისთვის, რომელსაც ხელი პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა მოაწერა.
დოკუმენტში ხაზგასმულია ბუდაპეშტის მკაფიო საგარეო-პოლიტიკური კურსი რუსეთის აგრესიისა და უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ:
„უნგრეთი გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას, სრულად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ცნობს უკრაინის უფლებას, დაიცვას თავი.“
დირექტივაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის იმიერკარპატეთში მცხოვრებ უნგრულ უმცირესობას. პეტერ მადიარის მთავრობის ეს გადაწყვეტილება მკვეთრად განსხვავდება ვიქტორ ორბანის ყოფილი ადმინისტრაციის რიტორიკისგან, რომელიც მოსკოვთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებდა და ევროკავშირის სანქციებს ბლოკავდა, თუმცა მადიარის განცხადებით, ბუდაპეშტი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას კვლავ არ გეგმავს.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge