
რეალობა ასეთია, რომ თურქეთში ელექტროენერგიაზე ფასი დაბალია იმაზე დაბალი, ვიდრე საქართველოში - მელიქიძე
GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე ამბობს, რომ დაბალი ფასის გამო, ქართველ ექსპორტიორებს ელექტროენერგიის თურქეთში გატანა არ უღირთ.
თურქეთში, რომელიც საქართველოში წარმოებული დენის მთავარი საექსპორტო ბაზარია, ფასი ჯერ კიდევ შარშან შემცირდა, რის გამოც ექსპორტზე გასული ელექტროენერგიის მოცულობა და იქიდან მიღებული შემოსავლები განახევრდა. ასე მაგალითად თუ 2024 წელს საქართველომ 1 047.4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გაიტანა ექსპორტზე, შარშან ეს მაჩვენებელი 511 მლნ კვტ.სთ-მდე შემცირდა.
„რეალობა და მოცემულობა გვაქვს ასეთი, რომ თურქეთში ელექტროენერგიაზე ფასი დაბალია იმაზე დაბალი, ვიდრე ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაში, ვინაიდან მათ ააშენეს ატომური ელექტროსადგური და მათ ვგულისხმობ თურქებს, ააშენეს ძალიან მსხვილი ჰიდროელექტროსადგურიც. შესაბამისად, აი ამ ორმა მსხვილმა ობიექტმა რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული ბიძგი მისცა ელექტროენერგიის ასე ვთქვათ, მიწოდების თვალსაზრისით და ამასთანავე იყო მესამე კომპონენტიც ეს იყო ეკონომიკური, გარკვეულწილად პატარა სტაგნაცია თურქეთში, რამაც გამოიწვია ის რომ ელექტროენერგიის ფასი 2 ცენტამდე ჩამოვიდა.
თუ ვთქვათ, ეს ფასი იქნება დაახლოებით 5, 6 ან 7 ცენტი, მაშინ ქართველი მწარმოებლებისთვის ელექტროენერგიის ექსპორტი სახარბიელო იქნება. აქ უკვე ნახეთ, არჩევანის წინაშე დგებიან ჩვენი ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტები: მათ ან უნდა გააჩერონ თავიანთი ელექტროენერგიის გენერირების ობიექტი და არ აწარმოონ ელექტროენერგია ან უნდა აწარმოონ და დაბალ ფასად გაიტანონ თურქეთში. აქ ისინი უკვე არჩევანის წინაშე დგანან და ამ არჩევანის გაკეთება საკმაოდ მძიმე უწევთ.
არიან ისეთი, ვთქვათ, ინვესტორები, რომლებიც ლოგიკურად მიიჩნევენ, რომ მაინც აწარმოონ ელექტროენერგია და თვითღირებულებაზე უფრო იაფად გაყიდონ, თუმცა დიდი ნაწილი მაინც აი ახლა, წყალუხვობის პერიოდში, ელექტროენერგიის მაქსიმალურად გენერირების პიკში მყოფები ფიქრობს, რომ გააჩეროს წარმოება, რაც მე ვიტყოდი, რომ სერიოზული დარტყმაა.
აქ არის ერთადერთი გამოსავალი. მართალია, ეს ძვირი გამოსავალია, მაგრამ სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს და ეს არის ელექტროენერგიის შემნახველი, ეგრეთ წოდებული ბატარეების მაქსიმალურად წახალისება. ამიტომ, ელექტროენერგიის დამაგროვებლები და შემნახველები უკვე აუცილებელია სექტორისთვის, რათა აი ეს წარმოებული ელექტროენერგია დავასაწყობოთ, შევინახოთ და შემდეგ უკვე საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენოთ. მაშინ, როდესაც ჩვენ იძულებულები ვართ იმპორტი განვახორციელოთ. აი, სწორედ ამას უნდა მოემსახუროს ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობები", - აცხადებს მაია მელიქიძე.
ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 2025 წელს განახევრდა (-52% წლიურად) და 23.5 მლნ დოლარი შეადგინა. კლება უკავშირდება როგორც მოცულობის, ისე საექსპორტო ფასის კლებას. ექსპორტის საშუალო ფასმა კვტ.სთ-ზე 4.6 ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 2%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
BM.GE
წყარო: bm.ge