
"რეფორმერის" დამფუძნებელი საკონსტიტუციოში ასაჩივრებს კანონს, რომელმაც ბიზნესს "პოლიტიკური აქტივობა" აუკრძალა
ბათუმში მდებარე ფიტნეს-კლუბ “რეფორმერის” დამფუძნებელი გიორგი ფუტკარაძე საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებს კანონს, რომლითაც ბიზნესს "საჯარო პოლიტიკური აქტივობა" აეკრძალა.
როგორც "რეფორმერის" სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, გიორგი ფუტკარაძე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს ხვალ, 10 ივნისს, 12:00 საათზე შეიტანს.
"მიმაჩნია, რომ ბიზნესი, როგორც ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი, გარდა მოგებაზე ორიენტირებული სამეწარმეო საქმიანობისა, აქტიურად უნდა მონაწილეობდეს დემოკრატიულ პროცესებში", - აცხადებს გიორგი ფუტკარაძე, რომელიც საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ ხვალ, 21:30 საათზე, BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" ისაუბრებს.
საქმე ის არის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2026 წლის 4 მარტს განხორციელებული ცვლილებებით, სისხლისსამართლებრივად დასჯადი გახდა მეწარმე იურიდიული პირის მიერ და ამ იურიდიული პირის პასუხისმგებელი პირის მიერ ამავე იურიდიული პირის სახელით ან ამ სახელის მეშვეობით (გამოყენებით) “საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული ამ იურიდიული პირის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან”.
გიორგი ფუტკარაძეს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საქმე განიხილოს საკონსტიტუციოს მოსამართლეებმა, საზოგადოებამ მოისმინოს სასამართლოს სამართლებრივი პოზიცია და "ეს პროცესი ისტორიას შემოვუნახოთ".
ფიტნეს-კლუბ “რეფორმერის” დამფუძნებელ გიორგი ფუტკარაძის პოსტს BMG უცვლელად გთავაზობთ:
"ძვირფასო საზოგადოებავ, როგორც იცით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შემზღუდავ სხვა უამრავ კანონთან ერთად, 2026 წლის 4 მარტს ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით კიდევ ერთი ცვლილება განახორციელა, ამჯერად უკვე მეწარმე სუბიექტების მისამართით. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა 153¹³-ე მუხლი, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსს — 355³-ე მუხლი.
აღნიშნული ცვლილებები, თავად ავტორთა განმარტებით, გულისხმობს მეწარმე იურიდიული პირისთვის საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელების აკრძალვას, რომელიც მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის და მიმართულია საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოსახდენად, ანდა საქართველოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბების, გატარებისა და შეცვლისკენ. კანონის დარღვევის შემთხვევაში კი გათვალისწინებულია როგორც დიდი ოდენობით ფინანსური სანქციები, ისე კომპანიის ლიკვიდაცია და მეწარმის პატიმრობა.
მიმაჩნია, რომ ბიზნესი, როგორც ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი, გარდა მოგებაზე ორიენტირებული სამეწარმეო საქმიანობისა, აქტიურად უნდა მონაწილეობდეს დემოკრატიულ პროცესებში. გამოხატვის თავისუფლებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იგი უნდა ახდენდეს გავლენას საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, აფიქსირებდეს საკუთარ პოზიციას და რეაგირებდეს ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ მოვლენებზე, თავისუფლად გამოთქვამდეს ხელისუფლების კრიტიკას, მომხმარებლის წინაშე ანგარიშვალდებულების ფარგლებში მოქმედებდეს და განკარგავდეს თავის ინტელექტუალურ თუ ფინანსურ რესურსებს საკუთარი შეხედულებებისა და ღირებულებების შესაბამისად.
საკანონმდებლო ცვლილებების ინტერპრეტაციის ფართო დიაპაზონი, ბუნდოვანება და ლეგიტიმური მიზნის დაუსაბუთებლობა სამართალდამცავ სისტემას აძლევს შეუზღუდავ ბერკეტს, ნებისმიერი მეწარმე სუბიექტის მიმართ გაატაროს სადამსჯელო ღონისძიებები და იმოქმედოს შერჩევითად, საკუთარი შეხედულებისამებრ, ანგარიშსწორების მიზნით. ეს ყოველივე მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს როგორც კონსტიტუციით დაცულ ფუნდამენტურ უფლებებს, ისე მკვეთრად გააუარესებს საერთო ბიზნესგარემოს და ავნებს სახელმწიფოს.
სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება აღნიშნული მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრო და მოვითხოვო მათი გაუქმება.
ცხადია, რა დროც არ უნდა დასჭირდეს სარჩელის განხილვას ან როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული სასამართლოს მიერ, მე არ ვაპირებ მივმართო თვითცენზურას. თუმცა, უაღრესად მნიშვნელოვანია მოვისმინოთ საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ეს პროცესი ისტორიას შემოვუნახოთ. ამ პროცესში ჩემ გვერდით არიან თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია • Free Business Association და ადვოკატი ვასილ ჟიჟიაშვილი.
ამავდროულად, მოვუწოდებ კოლეგებს, ბიზნესასოციაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, გაერთიანდნენ ამ სამართლებრივი დავის გარშემო, რადგან თავისუფალი მოქალაქე და თავისუფალი ბიზნესი არის თავისუფალი სახელმწიფოს საძირკველი!", - წერს გიორგი ფუტკარაძე.
ბიზნესის პოლიტიკური/საზოგადოებრივი აქტივობის კრიმინალიზაცია ანუ "ბიზნესის დუმილის კანონი"|ანალიზი
BM.GE
წყარო: bm.ge