
"რეგიონის მოსახლეობის გამრიცხველიანებით დასჯა, მგონია, სწორი გადაწყვეტილება არ არის" - სასტუმრო "ფალიანი"
მესტიაში მდებარე სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებელმა ეკა გველესიანის შეფასებით, მესტიაში მასშტაბური გამრიცხველიანების პროცესის დაწყება არასწორი გადაწყვეტილებაა და პრობლემის გადაჭრა ალტერნატიული გზებით უფრო ეფექტური იქნებოდა.
"მთელი რეგიონის მოსახლეობის, გამრიცხველიანებით დასჯა მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება არ არის", - ამის შესახებ მან BM.GE-სთან განაცხადა და აღნიშნა, რომ პრობლემა გამოძიებით და კონტროლით უნდა მოგვარდეს.
„ჩემი აზრით, ეს სწორი ნაბიჯი არ არის. სვანეთმა ძალიან დიდი ფასი გადაიხადა ჰესის მშენებლობის დროს, მოსახლეობის ნაწილს საცხოვრებელი ადგილების დატოვებაც მოუწია. ამიტომ არ მგონია, რომ ახლა მოსახლეობის გამრიცხველიანება სწორი გადაწყვეტილება იყოს. მით უმეტეს, თუ პრობლემა მაინინგია, ეს უნდა მოგვარდეს გამოძიებით და კონტროლით და არა მოსახლეობის დასჯით. ასეთი ფორმულირება - მაინინგის გამო გამრიცხველიანება ცოტა არასერიოზული მგონია.
ბიზნესს ეს საკითხი არ გვეხება, რადგან ჩვენ უკვე გამრიცხველიანებულები ვართ და გადასახადს ვიხდით. მაგრამ მოსახლეობისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში ელექტროენერგია უფასოდ ჰქონდა, ეს ცვლილება, ბუნებრივია, უკმაყოფილებას გამოიწვევს", - აღნიშნა მან.
ეკა გველესიანი ასევე მიიჩნევს, რომ რეგიონისთვის უფრო მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სხვა მიმართულებით განვითარებაა, მათ შორის გაზიფიცირების პროექტი.
„გამრიცხველიანების ნაცვლად ბევრად მნიშვნელოვანი იქნებოდა გაზიფიცირების საკითხის მოგვარება. ეს როგორც გათბობის პრობლემას გადაჭრიდა, ისე ელექტროენერგიის მოხმარებასაც შეამცირებდა. წლების განმავლობაში ამაზე დაპირებები გვესმოდა, მაგრამ რეალურად პროგრესი არ ჩანს“, - აცხადებს სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებელი.