
რეგიონში საქართველოს მზარდმა როლმა ვაზიანის ახალი აეროპორტის მშენებლობა აუცილებელი გახადა - ქვრივიშვილი
საქართველოს მზარდი სატრანზიტო როლისა და საავიაციო შესაძლებლობების გაფართოების მიზნით, სახელმწიფო ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტს იწყებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის არსებული აეროპორტის განვითარების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, რეგიონში ქვეყნის მზარდმა ფუნქციამ დღის წესრიგში ახალი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების შექმნა დააყენა, რაც ვაზიანის პროექტთან ერთად, რეგიონული აეროპორტების განვითარებასაც მოიცავს.
„სწორედ ამ მიზნით ვიწყებთ ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტს, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის საავიაციო შესაძლებლობებს. პარალელურად, ვაგრძელებთ რეგიონული აეროპორტების ხელშეწყობას: უახლოეს მომავალში დაგეგმილია თელავის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტის განვითარება და მესტიის აეროპორტისთვის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ქვრივიშვილის განცხადებით, ამავე ლოგიკური განვითარების ნაწილია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაც, სადაც კომპანია TAV Airports-ი 2026-2028 წლებში 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს, რის შედეგადაც წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება პირდაპირ პასუხობს ტურიზმისა და ავიაციის სექტორში არსებულ რეკორდულ მაჩვენებლებს. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ 2025 წელს საქართველოს აეროპორტები 8.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა (14%-იანი ზრდა), ქვეყანამ უმასპინძლა 5.5 მილიონ ტურისტს (ჯამში 7.8 მილიონზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს), ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდულ ნიშნულს — 4.7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე 2026 წელი არაერთი გამოწვევით არის სავსე, საქართველო ინარჩუნებს ზრდის მაღალ ტემპს და საერთაშორისო პარტნიორების ნდობას.
26 ივნისს, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოდან დაიწყება და 2031 წლის ბოლოს დასრულდება. ახალი აეროპორტის ამუშავების შემდეგ, მთავრობაში აცხადებენ, რომ თბილისის არსებული აეროპორტი ოპერირებას შეწყვეტს. 2026 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ს მართვის უფლება 2031 წლამდე გაუხანგრძლივდა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში 150 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
BM.GE
წყარო: bm.ge