
რეინვესტიციის შემცირება ნიშნავს, რომ კომპანიებს სახარბიელო პროგნოზები არ აქვთ - აკაკი ცომაია
ეკონომისტების ნაწილის შეფასებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება მიუთითებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემოს ფონზე, საქართველოში საინვესტიციო გარემო უარესდება.
როგორც BMG-ის ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ განუცხადა, ამაზე კიდევ უფრო ნათლად მეტყველებს ის ფაქტი, რომ წელს, მეორე კვარტალში, ინვესტიციების კლება ძირითადად რეინვესტირების შემცირებითაა გამოწვეული, რაც მისი თქმით, ნიშნავს, რომ ინვესტორებს ეკონომიკურ გარემოსთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინები არ აქვთ.
“ინვესტიციების კლება ყოველთვის ეკონომიკურ თეორიაში ასოცირდება იმასთან, რომ საქართველოში საინვესტიციო გარემო უარესდება და ის უფრო და უფრო ნაკლებ მიმზიდველი ხდება. რიცხვები მხოლოდ ამაზე მეტყველებს. მათ შორის, არა მხოლოდ ახალი ინვესტიციები არ ხორციელდება, არამედ რეინვესტიციებიც კლებულობს. რაც ნიშნავს იმას, რომ ვინც არიან მოთამაშეები ბაზარზე, ისინიც კი არ უყურებენ ეკონომიკას ისე, რომ ის შეიძლება მიმზიდველი იყოს სამომავლოდ.
მათ შორის, ამის კარგი ინდიკატორი არის ყოველთვის, როგორც წესი, საფინანსო სექტორი. საფინანსო სექტორი საქართველოში დომინირებს, ის დომინირებდა და როდესაც საფინანსო სექტორში ფიქსირდება რეინვესტირების კლება, იმას ნიშნავს, რომ უცხოელი, დასავლური ინვესტორების პროგნოზები მომავალ ეკონომიკურ გარემოსთან მიმართებაში არ არის მთლად სახარბიელო”, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.
ცნობისთვის, 2026 წლის II კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წლიურად 23.2%-ით $468.8 მილიონამდე შემცირდა. 6 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 22%-ით $750.1 მილიონამდე შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, საქართველოში II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება, ძირითადად, რეინვესტიციების მაჩვენებლის შემცირებამ განაპირობა.
BM.GE
წყარო: bm.ge