
რეზერვების დაგროვება მაკროსტაბილურობას ემსახურება, ინფლაციაზე ზეწოლას არ ახდენს - დავით უტიაშვილი
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი ამბობს, რომ რეზერვების დაგროვება მაკროეკონომიკურ სტაბილურობას ემსახურება და ამ მიმართულებით მიზანი სავალუტო ფონდის მიერ განსაზღვრული ადეკვატურობის ოპტიმალური ზღვრის მიღწევაა. მან რეზერვების დაგროვების პოლიტიკაზე კითხვებს "ანალიტიკას" ეთერში უპასუხა.
"რეზერვების დაგროვების პოლიტიკა ზოგადად ეროვნულ ბანკს დაარსების დღიდან აქვს. რეზერვებს ვაგროვებდით ყოველთვის, უბრალოდ ხანდახან გარემო ფაქტორები გვაძლევდა ამის საშუალებას, ხანდახან არა. კარგი პერიოდი გვაქვს ბოლო წლებში, რომ ამის საშუალება გვეძლევა და ვაგროვებთ რეზერვებს იმ პირობებში, რომ ვალუტის კურსი არც უარესდება და პირიქით გამყარების ტენდენცია ჰქონდა ნაწილობრივ ბოლო პერიოდში. რეზერვების ადეკვატურობის მინიმალური ზღვარი არსებობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დადგენილი 100%, იმას გადავცდით, 120-დან 130%-მდე ვართ ბოლო პერიოდში. მიზანი არის და სავალუტო ფონდის შეფასებითაც ოპტიმალური დონე ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის არის დაახლოებით 150%, ამიტომ ჩვენ ვეცდებით ამ ზღვარს მივაღწიოთ. აქამდე საკმაო დრო გვაქვს დარჩენილი, შევხედოთ, იმედია, რომ ამ ზღვარს მივაღწევთ და მერე განვიხილავთ დამატებით ნაბიჯებს. იმიტომ, რომ კარგ პერიოდებს სტატისტიკურად ადრე თუ გვიან მოჰყვება ხოლმე ცუდი პერიოდი, ჩვენ ეს რეზერვები დაგვჭირდება, ამიტომ ბუნებრივია ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. თუნდაც არ დაგვჭირდეს რეზერვი, იგივე სარეიტინგო სააგენტოებს მოუსმინეთ და სხვებს, ყველა უყურებს რეზერვებს, მიუხედავად იმისა დღეს სჭირდება თუ არა ეროვნულ ბანკს, იმიტომ, რომ რეზერვი არის სტაბილურობის და სტაბილურობის განცდის წინაპირობა. ამიტომ ჩვენ ამას მიზანმიმართულად ვაკეთებთ და ამის მერეც გავაგრძელებთ",- ამბობს დავით უტიაშვილი.
მან განმარტა, რომ რეზერვების შესყიდვა ლარის კურსის გამყარების ფონზე, ანაბრების დედოლარიზაციის ხარჯზე ხდება და ბაზარზე დამატებით ინფლაციურ ზეწოლას არ ქმნის.
"[საკრედიტო] რეიტინგი უბრალოდ არის შედეგი ჩვენი სამუშაოსი, რასაც ვაკეთებთ, პირველ რიგში ეს კეთდება მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის. რა ინტერვენციასაც ჩვენ ვახორციელებთ, სტერილიზებული არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთით ღია ბაზარზე, ამიტომ ეს ინფლაციაზე პირდაპირ ზეწოლას არ ახდენს.
საიდან მოვიდა ეს რეზერვები - გვქონდა ანაბრების დედოლარიზაციის ძალიან კარგი ტენდენცია ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში და მოსახლეობის რაღაც ნაწილმა, კომპანიებმა გადაწყვიტეს, რომ ანაბარი არ შეინახონ დოლარში და შეინახონ ლარში და ეს კონვერტირებული დოლარი ჩვენ შევისყიდეთ, ანუ ჩვენ გამოვართვით მათ ანაბრიდან დოლარი და მივეცით ლარი. ვთქვათ, ანაბარი გქონდათ დოლარში და ახლა გაქვთ ლარში, ამან ინფლაციაზე რა გავლენა უნდა მოახდინოს ხომ?! თქვენ ამის გამო ახლა მეტ თანხას არ დახარჯავთ. ამიტომ არ ვთვლი, რომ ეს საერთოდ ინფლაციაზე მიმდინარე პერიოდში შეიძლება რამენაირად გავლენას ახდენდეს. ნეტა ყველამ გაალაროს ხვალ ანაბარი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური იქნება. არაფერზე მოახდენს ზეწოლას, პირიქით, ლარის მიმართ გაზრდილი ნდობა იქნება. ამიტომ, ამ ნაწილში მე საერთოდ ვერ ვხედავ რისკებს. ცხადია ინფლაციის პრობლემა არსებობს ახლა, ის მიზნობრივზე ბევრად მაღალია, მაგრამ აღვნიშნოთ საიდან მოდის ეს - ნავთობის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებით გაძვირდა ნავთობი, ბენზინი, შემდეგ ადგილზე ასევე ტრანსპორტი, მიწოდება და ამან გამოიწვია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლისგან გადახრა. ეს საბაზო ეფექტი თავისთავად ამოიწურება მომდევნო წლის, ვთქვათ, მეორე კვარტალში ან თუ ნავთობი გაიაფდა, პირიქით პოზიტიური ტენდენციებიც გვექნება და ინფლაციის გამოწვევა არ გვექნება",- აცხადებს დავით უტიაშვილი.
2026 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შესავსებად 3.1 მილიარდი დოლარი შეისყიდა. ამ ოპერაციების შედეგად საბანკო სისტემაში დაახლოებით 8.3 მილიარდი ლარის დამატებითი ლიკვიდობა გაჩნდა. პარალელურად, სებ-მა მონეტარული სტერილიზაციის სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოიყენა, რათა უცხოური ვალუტის შესყიდვით გაზრდილი ლარის მიწოდება გაენეიტრალებინა.
BM.GE
წყარო: bm.ge